Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლების დამხობის" საქმეზე სუსში დაიბარეს კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი


თიკო ნადირაშვილი ტორონტოს კინოფესტივალზე
თიკო ნადირაშვილი ტორონტოს კინოფესტივალზე

კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ე.წ. რევოლუციური სცენარით "ხელისუფლების დამხობის" საქმეზე, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავად ნადირაშვილმა მიაწოდა. ის ჩვენებას მისცემს სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

თიკო ნადირაშვილი, ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, 29 სექტემბერს, ესწრებოდა თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელიც "კანვას საქართველომ" USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გამართა და რომლის მიზანიც სახელოვნებო სფეროს მეტი დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზების განხილვა იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თიკო სწორედ ამ ტრენინგზე დასწრების გამოა დაბარებული.

საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

ამავე საქმეზე გამოკითხული არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი, ჯგუფ ბულიონის წევრი, არტისტი ნატალია ვაწაძე, თეატრის რეჟისორი გიორგი სავანელი და სხვ.

14 ოქტომბერს "მემკვიდრეობის პლატფორმამ" ამ საქმეზე არტისტების დაბარება რეპრესიებს შეადარა.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

XS
SM
MD
LG