Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კანონით პოლიცია გადაწყვეტს, როდის შეიძლება აქციაზე კარვის გაშლა და როდის არა - განმარტავს კობახიძე


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ასევე არის პარლამენტის წევრი, ამბობს, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები აქციებზე კარვების დადგმის სრულად აკრძალვას არ გულისხმობს. მისი ნათქვამის მიხედვით, პოლიციელი საკუთარი შეხედულების მიხედვით გადაწყვეტს, მისცეს თუ არა მოქალაქეს აქციაზე კარვის გაშლის უფლება.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გამართულ აქციებზე ხშირად შლიდნენ კარვებს. ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, მათ შორის მაშინ, როცა "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იყო. პოლიცია ამ კანონის მიღებამდეც ართმევდა მოქალაქეებს კარვებს - არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებებიც.

"კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ, პოლიციას ეძლევა საშუალება, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.

კობახიძის თანაპარტიელი და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი რადიკალებად მოიხსენიებს მათ, ვინც აპროტესტებს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღებას:

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და მათ შორის პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს... ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფის ნაწილი ან წამხალისებლები. ეს პროცესი ლუსტრაციაც იყო..."

კობახიძეც და პაპუაშვილიც აცხადებენ, რომ თუ პრეზიდენტი მიღებული ცვლილებების ამოქმედებას ვეტოს მიღებით დააბრკოლებს, მას დაძლევენ.

საკანონმდებლო ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას ასაბუთებს სუსის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.

საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განხილვაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გივი მიქანაძემ უთხრა, რომ არ იზიარებს ომბუდსმენის აპარატის შენიშვნებს იმის შესახებ, რომ კანონში ცვლილებები ბუნდოვანს ტოვებს, რა იკრძალება და რა კრიტერიუმით უნდა გადაწყვიტოს პოლიციელმა, საჭიროა თუ არა პროტესტის გამოსახატად დროებითი კონსტრუქციები.

XS
SM
MD
LG