Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევებზე უარი „დესტრუქციულ ხალხს” - სასამართლომ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების სარჩელის განხილვა დაიწყო


ეკა კიკნაძე და დავით ნიორაძე ხელოვნების მუზეუმში მუშაობისას
ეკა კიკნაძე და დავით ნიორაძე ხელოვნების მუზეუმში მუშაობისას

არის თუ არა დისკრიმინაციული მოპყრობა, როცა ერთი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული, დაფინანსებული 13 პროექტიდან მხოლოდ ერთს არ ეძლევა განხორციელების უფლება. მისი ავტორები კი ამ ინსტიტუციიდან გათავისუფლებული ის თანამშრომლები არიან, ვინც ხელმძღვანელს „დესტრუქციულ ხალხად” მიაჩნია.

მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს თავისი გადაწყვეტილებით საქმეზე, რომლის განხილვაც საქალაქო სასამართლოში 6 ოქტომბერს დაიწყო.

საუბარია ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერების, ეკა კიკნაძის, ნინო ხუნდაძის, დინარა ვაჩნაძისა და დავით ნიორაძის სარჩელზე ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ.

მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები ჩივიან, რომ მათ უარი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელებაზე ეროვნულმა მუზეუმმა რეალურად მათი აქტიურობისა და შეხედულებების გამო უთხრა.

ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რომ 13-დან ერთი პროექტის განხორციელება შეუძლებელი გახდა ხელოვნების მუზეუმის რეორგანიზაციისა და ფონდების გადატანის პროცესის გამო. სამწლიანი პროექტისთვის, რომლის მიზანიც „XVII-XIX საუკუნეების ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის ინტეგრირებული კვლევა“ იყო, მკვლევრებს ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდში მუშაობა მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში სჭირდებოდათ.

ამ შემთხვევაზე სახალხო დამცველს უკვე დადგენილი აქვს დისკრიმინაციის ფაქტი.

6 ოქტომბერს მოსამართლემ მხარეებს სასამართლო დავის ნაცვლად მორიგება ან მედიაცია შესთავაზა.

„მორიგებაზე შეთავაზება არ გვაქვს, მედიაციაზეც მზაობა არ არის”, - თქვეს ამ შეთავაზების პასუხად ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა.

მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილს მეცნიერების ადვოკატმა ორი შუამდგომლობით მიმართა:

  • სასამართლოს მოწმის სახით დაეკითხა ეროვნული მუზეუმის ყოფილი სწავლული მდივანი, არქეოლოგი ნინო ჯაყელი.
  • პროცესში მესამე პირად ჩართულიყო რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, რომელმაც გასცა გრანტი სადავო კვლევითი პროექტისთვის.

მოსამართლემ ამ ორიდან მხოლოდ პირველი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ნინო ჯაყელმა სასამართლოს უთხრა, რომ ეროვნულ მუზეუმში ნიკა ახალბედაშვილის მოსვლის შემდეგ, რომელიც კულტურის მინისტრის ნდობითაა აღჭურვილი და მუზეუმის დირექტორის მოადგილის პოსტს 2022 წლის 7 მარტიდან იკავებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არა მხოლოდ იმ მეცნიერების კვლევითი პროექტების განხორციელება, რომლებიც დღეს სასამართლოში დისკრიმინაციის ფაქტზე ჩივიან, არამედ ჯამში 13 პროექტი, რომლებშიც 130-მდე მეცნიერი იყო ჩართული. მოწმის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა მუზეუმის არსებობის ისტორიაში, როცა სახელმწიფომ და მუზეუმის ადმინისტრაციამ შეზღუდეს აკადემიური თავისუფლება და ჩაერივნენ სამეცნიერო კვლევების განხორციელების პროცესში.

„1981 წლიდან ვარ მუზეუმის თანამშრომელი, უფრო სწორად, ვიყავი მუზეუმის თანამშრომელი..

ძალიან ბევრი მოვლენის მომსწრე ვარ. იცვლებოდნენ დირექტორები, იცვლებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, პოლიტიკური წყობაც, მაგრამ არც სახელმწიფოს და არც დირექციის მხრიდან არასოდეს არ გვიგრძვნია ჩვენ იმნაირი გამოკიდებულება, როგორიც არის ახლა. დირექციაც და სახელმწიფოც ყოველთვის მზად იყო, შეეწყოთ ხელი ჩვენთვის [სამეცნიერო] საქმიანობაში.

მე ვიცნობდი ამ პროექტს მისი აბსტრაქტის დონეზე, ძალიან კარგად ვიცნობ ამ [მუზეუმის] თანამშრომლებს და შემიძლია ძალიან მაღალი შეფასება მივცე თითოეულ აქ წარმოდგენილ ადამიანს. ესენი არიან ძალიან სერიოზული, პროდუქტიული, სერიოზული და ღირსეული მეცნიერები და მოქალაქეები. მე მევალებოდა ჩემი თანამშრომლების სამეცნიერო ანგარიშების კითხვა და შეფასება”, - უთხრა ნინო ჯაყელმა სასამართლოს და გამარტა, რომ კვლევითი პროექტები, რომლებსაც მუზეუმის თანამშრომლები რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებით ახორციელებდნენ წლების განმავლობაში, კონკურსის წესით ირჩეოდა, სადაც საუკეთესო პროექტებს საერთაშორისო ავტორიტეტული ჟიური წყვეტდა.

2022 წლის 28 იანვარს რუსთაველის ფონდის კონკურსში ეროვნული მუზეუმიდან უპრეცედენტოდ ბევრმა, 13-მა პროექტმა გაიმარჯვა. მათ შორის იყო ეკა კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც - კონკურსის შედეგების გამოცხადებისას, ხელოვნების მუზეუმში აღარცერთი მათგანი არ მუშაობდა. ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა, კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირაში, 9 თებერვალს წერილით მიმართა რუსთაველის ფონდს და სთხოვა, არ მიეცათ გრანტები გამარჯვებულებისთვის. ამ წერილში ის ამბოდა, რომ მეცნიერებს დაფინანსების მოპოვება მის „ზურგსუკან” სურდათ.

ნიკა ახალბედაშვილის წერილი რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას. სამუშია დღეს თსუ-ს რექტორია. მან ერთკანდიდატიან არჩევნებში გაიმარჯვა 2022 წლის დეკემბერში
ნიკა ახალბედაშვილის წერილი რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას. სამუშია დღეს თსუ-ს რექტორია. მან ერთკანდიდატიან არჩევნებში გაიმარჯვა 2022 წლის დეკემბერში

ახალბედაშვილის არგუმენტი, რომ კვლევითი პროექტები ეროვნული მუზეუმის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა წესების დარღვევით და დირექტორატთან შეუთანხმებლად წარადგინეს, ფონდმა გაიზიარა და კონკურსში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი შეაჩერა, პარალელურად კი კულტურის სამინისტრომ შეცვალა გრანტების მიღების და ფონდებში მუშაობის წესები და კვლევითი საქმიანობიდან იმ მეცნიერების ჩამოშორების შესაძლებლობა გააჩინა, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის დებულებით, დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.

„როდესაც ჩვენ შეგვქონდა პროექტები [რუსთაველის ფონდში], დირექტორატი არ არსებობდა. არსებობს სამეცნიერო საბჭოს ოქმი, სადაც ჩანს, რომ ეს 17-ვე პროექტი [რუსთაველის ფონდის კონკურსში მუზეუმმა 17 პროექტი წარადგინა, მაგან 13-მა გაიმარჯვა - რ.თ.] იყო გატანილი სამეცნიერო საბჭოზე. ეს იყო ჩვენთვის იმის მტკიცებულება, რომ საბჭოს მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ამ პროექტებისთვის და არანაირი ხარვეზი, რასაც გვედავებოდნენ, არ არსებობდა.

დირექტორატი, მე როგორც ვიცი, არის ადმინისტრაციული ორგანო და მას არანაირი შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს სამეცნიერო მიმართულებასთან. თან იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ დირექტორატში იყო ორი იურისტი, ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ერთი არქეოლოგი და ბატონი დავით ლორთქიფანიძე. ეს ადამიანები არც ჩვენ გვიცნობდნენ და არც ჩვენს სამეცნიერო მუშაობას, ამას გულწრფელად გეუბნებით”, - უთხრა ნინო ჯაყელმა სასამართლოს.

დირექტორატის 7 თებერვლის რიგგარეშე სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის ფონდს გამარჯვებულ მეცნიერებზე გრანტის გაცემის შეჩერება იმიტომ მოსთხოვა, რომ მათ კონკურსში მონაწილეობა დირექტორატს არ შეუთანხმეს.
დირექტორატის 7 თებერვლის რიგგარეშე სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის ფონდს გამარჯვებულ მეცნიერებზე გრანტის გაცემის შეჩერება იმიტომ მოსთხოვა, რომ მათ კონკურსში მონაწილეობა დირექტორატს არ შეუთანხმეს.

ეროვნული მუზეუმის მართვის ორგანოდ დირექტორატის შექმნა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის იდეა იყო. იმ დროს, როცა სამეცნიერო პროექტების ბედი წყდებოდა, დირექტორატის შემადგენლობა ასეთი იყო:

  • დავით ლორთქიფანიძე [ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი];
  • ნიკა ახალბედაშვილი [ხელოვნების მუზეუმის დირექტორი];
  • ნინო ჭიპაშვილი [ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი];
  • ნინო სალუქვაძე [სპორტის მუზეუმის დირექტორი];
  • ზვიად კვიციანი [მესტიის მუზეუმის დირექტორი].

ნინო ჯაყელი ერთ-ერთია იმ ათობით მეცნიერს შორის, რომლებიც ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციისას სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი იმ მეცნიერთა შორისაც არის, ვისმა პროექტმაც რუსთაველის ფონდის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა. დღეს სამსახურიდან გათავისუფლებულმა მეცნიერმა სასამართლოს უთხრა, რომ მასაც, იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად მისი პროექტის განხორციელებაზე მუზეუმს უარი არ უთქვამს, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში არ ეძლეოდა ფონდებში შესვლის და მუშაობის უფლება.

მთავარი, რაც ნინო ჯაყელმა სასამართლოს უთხრა დისკრიმინაციის ფაქტზე სამსჯელოდ, იყო მისი და ნიკა ახალბედაშვილის საუბარი ეროვნულ მუზეუმში.

„შევედი იმ ოთახში, სადაც ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, თეონა ჯაყელი იჯდა, რომელიც სამეცნიერო მიმართულებას განაგებდა. იქ დამხვდა ბატონი ნიკა ახალბედაშვილი, რომელსაც პირადად არც ვიცნობდი. ვიკითხე, რა ბედი ეწეოდა პროექტს, რომლის ხელმძღვანელიც იყო ნინო ხუნდაძე და რომლის ყოფილ ფონდშიც [ნინო ხუნდაძე იყო ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდის კურატორი] ორი კვირის მუშაობას ითხოვდა სულ ეს ჯგუფი. ბატონმა ნიკამ ამ კითხვაზე მიპასუხა, რომ ფონდი იყო საევაკუაციოდ გამზადებული და იქ არავის შეშვება არ შეიძლებოდა. მე ვიკითხე, უარს ეუბნებოდა მხოლოდ მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს თუ სხვა მეცნიერებსაც, მაგალითად, ჩუბინაშვილის ინსტიტუტის თანამშრომლებსაც, რომლებსაც ასევე სჭირდებოდათ კვლევითი პროექტისთვის იმ ფონდში მუშაობა. ამაზე ბატონი ნიკა ცოტა “აიჭრა” და მითხრა, მე ამ დესტრუქციულ ხალხს ფონდში არ შევუშვებო”, - გაიხსენა ნინო ჯაყელმა.

თეონა ჯაყელმა, რომელსაც ის ახსენებს, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილის პოსტი 2023 წლის დასაწყისში დატოვა. სამეცნიერი პროექტები კი, რომლებმაც რუსთაველის ფონდის დაფინანსება 2022 წლის დასაწყისში მოიპოვეს, ამ დრომდე შეფერხებით ხორციელდება არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვების მოპოვების სირთულეებისა და ფონდებში დაშვების წესის ცვლილების გამო.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, სალომე ბარბაქაძემ და მარი ბუბაშვილმა დღეს სასამართლოს საქმისთვის დასართავ მტკიცებულებებად წარუდგინეს ფონდებში ნებართვების გაცემის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს არცერთ მკვლევარს არ მისცემია ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდში მუშაობის უფლება, 2022 წელს კი მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა დაკმაყოფილდა იქ მეცნიერების დაშვებასთან დაკავშირებით. ამ სტატისტიკით ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლებისთვის ნათქვამი უარი ფონდებში შეშვებაზე არა დისკრიმინაციული მოპყრობა, არამედ ჩვეულებრივი სტატისტიკის ნაწილია.

დოკუმენტი, რომელიც მათ სასამართლოში წარადგინეს, აჩვენებს, რომ ფონდები მკვლევრებისთვის ჩაკეტილია.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც დღეს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა სასამართლოს წარუდგინეს, ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებაა ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა კიკნაძის სხვა დავაზე. ამ საქმეში ეკა კიკნაძე უკანონოდ მიიჩნევდა ჯერ მის „ჩამოლაბორანტებას” და შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებას და სასამართლოს სთხოვდა, დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი ამ გადაწყვეტილებებში. 2023 წლის მაისში სასამართლომ უკანონოდ ცნო ეკა კიკნაძის „ჩამოლაბორანტება“ მუზეუმის მმართველის პოზიციიდან, თუმცა კანონის დარღვევად არ მიიჩნია მისი საბოლოოდ გათავისუფლება მუზეუმიდან. სასამართლომ სახელმწიფოს ეკა კიკნაძისთვის 5000 ლარის გადახდა დააკისრა, კომპენსაციის სახით. ეკა კიკნაძე ამ საქმეზე ახლა სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს დავას დისკრიმინაციის მოტივის დასადგენად.

XS
SM
MD
LG