„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკნაძის სახელით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საია და ეკა კიკნაძე სასამართლოს სთხოვენ, იმსჯელოს იმის შესახებ, რამდენად კონსტიტუციურია მინისტრის ინიციატივით მუზეუმის დებულებაში გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც მეცნიერებს ფონდებში მუშაობის უფლებას უზღუდავს და ავალდებულებს, ყოველ ჯერზე, ფონდში შესვლამდე სთხოვონ ნებართვა დირექტორატს, რომელმაც, თავის მხრივ, გაცემული ნებართვების შესახებ მინისტრს უნდა აცნობოს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ დებულებაში გაკეთებული ჩანაწერი დირექტორატს შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს და მკვლევრების წინააღმდეგ მისი დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას უტოვებს - იმის გამო, რომ არც დებულებაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებითაც გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ დირექტორატის წევრებმა.
საია მიიჩნევს, რომ ეკა კიკნაძის მიმართ დირექტორატმა მინიჭებული უფლებამოსილება უკვე გამოიყენა ბოროტად - 2022 წლის 6 ივნისს მუზეუმის ფონდებში დაშვებაზე გაგზავნილ წერილზე მას ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.
"ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ განაწესს, ყველას ჰქონდეს უფლებამოსილება გაეცნოს ღია, საჯარო ინფორმაციას. ეს პირდაპირ არის მიმართული იმ ადამიანების საქმიანობაზე, ვინც ძალიან მნიშვნელოვან კვლევით საქმიანობას ეწევიან და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა, რომ კულტურის სამინისტროში გაკონტროლდეს ნებისმიერი თანამშრომლის თუ მკვლევარის საქმიანობა" -ასე შეაფასა დღეს ორგანიზაციის ოფისში გამართულ ოფისში საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა მუზეუმის შეცვლილი დებულება.
"საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ღია საჯარო ინსტიტუტი, გადაქცეულია ჩაკეტილ ციხესიმაგრედ, სადაც არათუ მკვლევარებს, დამთვალიერებლებსაც ალბათ ცოტა ხანში შერჩევით შეუშვებენ" - თქვა ეკა კიკნაძემ.
ეკატერინე კიკნაძე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008 წლიდან 2021 წლამდე მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უკავშირდებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს და კოლექციებში მუშაობის შედეგად გამოცემული აქვს არაერთი წიგნი.
ეკა კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დირექტორატისთვის 6 ივნისს გაგზავნილ წერილში ითხოვდა მუშაობის უფლებას რამდენიმე ფონდში კვლევისთვის, რომელიც 1800-1860-იანი წლების პორტრეტულ მხატვრობას შეეხება.
ეკა კიკნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ეროვნულ მუზეუმში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ჯერ ჩამოაქვეითეს, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენას სთხოვს და საქალაქო სასამართლოში იბრძვის დარღვეული შრომითი უფლებების აღსადგენად.
თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულია ათობით ადამიანი. ფონდებში დაშვების გარდა, მეცნიერებს პრობლემები აქვთ არქეოლოგიური გათხრების ნებართვების მიღებაზეც. ამ დროისთვის ეროვნული მუზეუმის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ორი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლებიც საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში იყო დაგეგმილი, ნებართვის არმიღების გამო ჩაიშალა.