Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბერებელი მარჩელო 


რეჟისორ ეტორე სკოლას 1977 წლის ფილმი, „განსაკუთრებული დღე“.
რეჟისორ ეტორე სკოლას 1977 წლის ფილმი, „განსაკუთრებული დღე“.

„განსაკუთრებული დღე“ (1977, იტალია, რეჟისორი ეტორე სკოლა)

28 სექტემბერს 99 წლის გახდა.

მარჩელო მასტროიანის ფილმოგრაფიას მისი გვიანდელი როლების ძიებაში გადავხედე - სიბერეშიც ვარსკვლავია! მაგრამ ჩემს წარმოდგენაში მარჩელო დარჩა როგორც მარად ახალგაზრდა, ყველა ლამაზი ქალის საოცნებო მამაკაცი, რომლის დონჟუანიზმი უფრო თავდაცვის ინსტინქტია, ვიდრე მაჩოს ნიღაბი.

უცნაურია, მაგრამ მარჩელოს ხსენებისთანავე პირადად მე (და ვფიქრობ, მისი მაყურებლის უმრავლესობას), თავიდან არა მისი შესანიშნავი როლები მახსენდება ფელინის „ტკბილ ცხოვრებაში“, „რვანახევარში“... მით უმეტეს, არა იმდენად ხანში შესული მარჩელო ფელინის „ჯინჯერი და ფრედში“, რამდენადაც მარჩელო მასტროიანი სოფია ლორენთან ერთად, ფილმებში „ქორწინება იტალიურად“ და თვით რუსებთან ერთად გადაღებულ „მზესუმზირებში“. ეს ბოლო ძალიან ცუდი გამოვიდა. მარჩელო მეტისმეტად სერიოზულად მიუდგა თავისსავე იმიჯს, რომელიც სოფიასთან ერთად დაამკვიდრა. დიდ მსახიობს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ერთ პატარა სამოყვარულო თეატრალურ დასში ლუკინო ვისკონტიმ აღმოაჩინა, შეეძლო, ცხადია, ყველა შეთავაზებაზე უარი ეთქვა და დაკმაყოფილებულიყო ფელინის „ალტერ-ეგოს“ სახელით (ასაკითაც ტოლები იყვნენ), მაგრამ მასტროიანის შემოქმედებითი პაუზები დიდად არ ხიბლავდა. ერთდროულად რამდენიმე ფილმში თამაშობდა ხოლმე. ამიტომაცაა, რომ მეოცე საუკუნის იტალიურ კინოში ფაქტობრივად არ დარჩენილა კარგი რეჟისორი, რომელთანაც არ უმუშავია.

ყველგან განსხვავებულია - ძმებ ტავიანებთან, მარკო ფერერისთან, ლუკინო ვისკონტისთან, ვიტორიო დე სიკასთან, ვალერიო ძურლინისთან („საოჯახო ქრონიკაში“ თითქოს საერთოდ არ თამაშობს, თითქოს რეალურად დასტირის საყვარელ ძმას)... და ყველგან მარჩელოა - თვითირონიით და ზომიერების განსაკუთრებული გრძნობით, უშუალობით, მელანქოლიურობით და საფირმო „ღია მზერით“. მისი გმირებისთვის ყოველი ახალი წამი რაღაც ახლის შეცნობაა. როგორც თავად აღნიშნავდა, ამაში მას არა იმდენად რეჟისორი, რამდენადაც პარტნიორები ეხმარებოდნენ. იშვიათია კინოს ისტორიაში მსახიობი, რომელიც ასე კარგად გრძნობდეს პარტნიორს და ასე ადვილად ეწყობოდეს მას.

პარტნიორებს შორის კი, ცხადია, პირველი სოფია ლორენია. ჩემი და უფროსი თაობისთვის მარჩელოს და სოფიას დუეტი თავად იტალიაა! მათ 12 ფილმში ითამაშეს ერთად და დაიმკვიდრეს ყველაზე სექსუალური დუეტის სახელი იტალიურ კინოში (არადა, ორივე ირწმუნებოდა, რომ ცხოვრებაში არაფერი აკავშირებდათ კინოს გარდა). თუმცა იმიჯმა გაცვეთა იცის. „სექსუალურის“ იმიჯმა - განსაკუთრებით სწრაფად. ამიტომაცაა, რომ სოფიაც და მარჩელოც, ატირებულები უხდიდნენ მადლობას ეტორე სკოლას „ოქროს გლობუსის“ გადაცემის ცერემონიაზე, სადაც ფილმი „განსაკუთრებული დღე“ საუკეთესოდ აღიარეს. ეტორე სკოლამ გაათავისუფლა მსახიობები ტვირთისგან, რომელიც პოპულარობამ აჰკიდა. მე თუ მკითხავ, „განსაკუთრებული დღე“ ამ ორი არტისტის შემოქმედების ბედნიერი დასასრულია. ამიტომ მადლობა იმ ხალხს, ვინც ქართულად გაახმოვანა ფილმი. თანაც არცთუ ისე ცუდად.

1938 წლის 4 მაისს ადოლფ ჰიტლერი ჩადის რომში, მუსოლინისთან შესახვედრად. რიგითი იტალიელისთვის ეს განსაკუთრებული დღეა - ჰიტლერის სანახავად ლამის მთელი ქალაქი ქუჩაში გამოდის. ეს დღე განსაკუთრებული ხდება სოფი ლორენისა და მარჩელო მასტროიანის გმირებისთვისაც, მეზობლებისთვის, რომლებიც ბრბოს არ უერთდებიან და დაცარიელებულ სახლში მარტო რჩებიან. ხალხისგან გამიჯნულებმა ხელახლა იგრძნეს (სოფი ლორენის მრავალშვილიანმა გმირმა, შესაძლოა, პირველადაც) ადამიანური სითბო, ყურადღება და თანაგრძნობა. ეტორე სკოლამ გადმოაბრუნა სექს-დუეტის სტერეოტიპული სახე: მარჩელო - ქალების რისხვა - აქ თამაშობს გაბრიელეს, ჰომოსექსუალს, რადიოს დიქტორს, რომელსაც ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, სოფი ლორენის ანტონიეტა კი დიასახლისია, 6 შვილით და ფაშისტების მხარდამჭერი ქმრით. ეს ერთი დღე, სულ რამდენიმე საათი, სანამ ქმარი, ბავშვებთან ერთად, დუჩესა და ჰიტლერის შეხვედრას ესწრება, ანტონიეტას ცნობიერებას გადაუტრიალებს.

ფილმის „საუნდტრეკი“ ჰიტლერისა და დუჩეს შეხვედრის რადიორეპორტაჟია, რომელიც მუდმივად ისმის „განსაკუთრებულ დღეში“. თვალს ვადევნებთ ორი ადამიანის შეხვედრის, დაახლოების სცენებს და ყურს ვუგდებთ პროპაგანდისტულ რადიოგადაცემას, აღტყინებული მასების შეძახილებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოქმედება რეალურ დროში ვითარდება. იქ, რომის მოედანზე, ისტორიული ფაქტი ხდება, აქ, ხალხისგან დაცლილ სახლში, სადაც გაბრიელე და ანტონიეტა შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს, ისტორიას, დაწერილ ისტორიას, მისი გმირებით და ანტიგმირებით, საერთოდ არაფერი ესაქმება. მაგრამ ეკრანზე ცოცხლდება სულ სხვა ისტორია - ადამიანების ისტორია.

„საბოლოოდ ადამიანები ისე იქცევიან, როგორც ეს სხვებს სურთ, მაშინაც კი, როდესაც ეს სხვანი სიცრუეს ემსახურებიან“, - ეტყვის გაბრიელე ანტონიეტას. ეს მასტროიანის გმირის ერთგვარი გამოსამშვიდობებელი სიტყვაა დაპატიმრების წინ. მერე დაბრუნდება ქმარი და ისევ იხმაურებენ ბავშვები. მაგრამ ანტონიეტა უკვე სხვა ქალი იქნება. იგი არასდროს დაემსგავსება იმათ, ვინც სიძულვილის იდეოლოგებს ზარ-ზეიმით შეხვდა.

„განსაკუთრებული დღე“ მსახიობების კინოა. არავინ იცის, მოახდენდა თუ არა ეტორე სკოლას ეს ფილმი შთაბეჭდილებას, მთავარი როლები სხვა მსახიობებს რომ ეთამაშათ. მაგრამ ამ რეჟისორულ მინიმალიზმში ეტორე სკოლა უდიდეს ოსტატობას ავლენს. ყოველთვის ზუსტად იცის, როგორ იმოძრაოს კამერამ, როგორ დააყენოს კადრი ისე, რომ თავისი მსახიობების ყველაზე ძლიერი მხარე აჩვენოს. „განსაკუთრებულ დღეში“ მარჩელოს და სოფიას ხშირად იღებენ ზურგით. დააკვირდით ამ სცენებს! ნახეთ, როგორი მეტყველი ზურგი აქვთ დიდ არტისტებს. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ „განსაკუთრებული დღის“ ოპერატორი პასკუალინო დე სანტისია, კაცი, რომელმაც ლუკინო ვისკონტის „სიკვდილი ვენეციაში“ გადაიღო. „განსაკუთრებულ დღეში“ გადასვლა ქრონიკიდან გათამაშებულ ეპიზოდებზე იმდენად რბილია, რომ ფინალამდე რჩება შთაბეჭდილება, რომ შავ-თეთრ კინოს ვუყურებთ.

2014 წელს კანის ფესტივალზე სოფია ლორენთან შეხვედრას დავესწარი. ბევრი ილაპარაკა მარჩელოზე და გაიხსენა „განსაკუთრებული დღის“ გადაღებები. „პარადოქსია თითქოს - იტალია მატრიარქალური ქვეყანაა, თუმცა ქალისთვის აქ მხოლოდ ორ როლს იმეტებენ - ცოლის და დედის. მარჩელოს გმირი პირველი მამაკაცი იქნება ანტონიეტას ცხოვრებაში, რომელიც მას ყველანაირი როლის გარეშე ადამიანად აღიქვამს“, - გვითხრა სოფიამ, თუმცა დაამატა, დრო შეიცვალა, თუკი ჰომოფობია და მიზოგინია გასული საუკუნის 70-იან წლებში იტალიური საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მოუშორებელი ჭირი იყო, თანამედროვე ახალგაზრდებმა „განსაკუთრებული დღე“ შესაძლებელია მოძველებულად აღიქვანო.

დასავლელი ახალგაზრდები იგულისხმა, ცხადია. თორემ მაისის იმ დღეს, როცა სოფია ლორენი კანში ეტორე სკოლას ანტიფაშისტურ ფილმზე გვესაუბრებოდა, თბილისში ხალხმრავალი ჰომოფობიური აქცია გაიმართა. რამდენიმე დღეში კი ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, თეატრის ვარსკვლავმა განაცხადა, „ყველა როლზე დავთანხმდები, მაგრამ ჰომოსექსუალს არასდროს ვითამაშებო“...

მართლაც, ყველა ვერ იქნება მარჩელო მასტროიანი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG