Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსაკუთრებული დღე


მკითხველს შეიძლება ახსოვს ეტორე სკოლას ფილმი „განსაკუთრებული დღე“. ფილმის მოქმედება იტალიისათვის „განსაკუთრებულ“ დღეს, 1938 წლის 4 მაისს ვითარდება, დღეს, როცა ჰიტლერი მუსოლინის სტუმრად ეწვევა რომში. ჰიტლერთან შეხვედრის მოლოდინში, რომაელებს ისეთი ციებ-ცხელება აიტანს, რომ ფიურერის სანახავად მთელი ქალაქი გაეშურება. და აი, დაცარიელებული რომის ერთ-ერთ უბანში, მხოლოდ ორი ადამიანი რჩება: ტირანი ქმრის საკუთრებაში მყოფი ანტონიეტა (სოფია ლორენი) და ჰომოსექსუალი გაბრიელე (მარჩელო მასტროიანი). კოლექტიური აღტკინებიდან გარიყულ გაბრიელესა და ანტონიეტას წამიერი სიყვარული დუჩე-ჰიტლერის აღლუმთან ერთად დასრულდება: დღის ბოლოს ანტონიეტა ტირან ქმარს უბრუნდება, ხოლო გაბრიელეს, სექსუალური ორიენტაციის გამო, გადაასახლებენ.

„ადამიანები საბოლოოდ ისე იქცევიან, როგორც ეს სხვებს სურთ, მაშინაც კი, როდესაც ეს სხვანი მტყუანნი არიან“ - აყვედრის გაბრიელე-მასტროიანი ანტონიეტა-ლორენს. გაბრიელეს ამ საყვედურით ეტორე სკოლა აჯამებს ფაშიზმის ყოფას: მდგომარეობას, რომლის დროსაც პიროვნება აღტკინებული გარემოს წნეხს ვერ უძლებს, ცხოველივით მიმიკრიას მიეცემა და საკუთარ თავისუფლებას ნებაყოფლობით მონობაზე ისე ცვლის, რომ ვერც კი ამჩნევს ამას. და იქნებ 5 ივლისის პოგრომში მონაწილე შავრაზმელების ზოგიერთი წევრი ამ კოლექტიური აღტკინების, კოლექტიური ფსიქოზის „მსხვერპლი“ გახდა? იმ ფსიქოზის, რომლის უკანაც საპატრიარქო დგას? რა თქმა უნდა, სიტყვა ფაშიზმი ისე ხშირად გამოიყენება ორგანიზაციებისა თუ ადამიანთა ჯგუფების აღსაწერად, რომ იგი უკიდურესად გაცვდა. და მიუხედავად ამისა, თუ ჩავთვლით, რომ ფაშიზმი მარადიული ფენომენია, რომელიც ახასიათებს ყველა ისეთ ავტორიტარულ სტრუქტურას, რომლის შიგნით მოქცეული პიროვნება საკუთარ თავისუფლებას ნებაყოფლობით სწირავს მასების ნებას, მაშინ ალბათ შეიძლება თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებსა და ფილმში წარმოჩენილ განწყობას შორის ანალოგიის დანახვა.

„მონობა“, „თავისუფლების დაკარგვა“ - შეიძლება მკითხველს ეს მაღალფარდოვან სიტყვებად მოეჩვენოს. თუმცა, ჩვენ შეიძლება ყოველ დღე ისე ვკარგავთ თავისუფლებას, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. მაგალითად, სხვა რაღაა, თუ არა მონობის უღელში შებმა, როდესაც წირვის დროს საპატრიარქოს მესვეურის ბრძანებით აიძულებ შენს კათოლიკე მეგობარს ან შენს პროტესტანტ მეუღლეს წირვა დატოვოს იმ მიზეზით, რომ ის მართლმადიდებელი არ არის?! (ევროპიდან საქართველოში სტუმრად არაერთ ჩასულს შემთხვევია ასეთი რამ.)

თუ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და ეტორე სკოლას ფილმს შორის ანალოგიებს დაინახავს ადამიანი, რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ისიცაა, რომ იტალიური ფაშიზმი (ისე, როგორც სტალინიზმი ან ნაციზმი), ჩვენი ისტორიული ცნობიერების და ჩვენი პოლიტიკური წარმოსახვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. და, მიუხედავად ამ კოგნიტური მიკერძოებულობისა, ძნელია, არ დაინახო ფაშიზმისა და საპატრიარქოს თეოლოგიებს შორის ანალოგიების მთელი ჯაჭვი. „ირწმუნო, დაემორჩილო, ებრძოლო“ - როგორ ჰგავს მუსოლინის ეს ლოზუნგი საპატრიარქოს „რწმენის სიმბოლოს“!

მკითხველი იტყვის, რომ იტალიურ ფაშიზმსა და საპატრიარქოს შორის განსხვავებაც უამრავია. რა თქმა უნდა, ეს ასეა. პირველი თვალში საცემი ასეთი განსხვავება ალბათ ამ ორი მოძრაობის უკან არსებულ ინტელექტუალურ პოტენციალში შეიძლება დავინახოთ. ფაშიზმის პოლიტიკური თეოლოგია თუ იქნა შემუშავებული ნიჭიერი ფილოსოფოსების მიერ, საპატრიარქოს თეოლოგებსა თუ ადვოკატებს ისიც კი უჭირთ, რომ ტელეკამერების წინ საკუთარი აზრი ნათლად გამოხატონ.

გავა ათი-თხუთმეტი წელი და თბილისში გეი პრაიდის წინააღმდეგ გამოსვლა აღარავის მოუვა აზრად. ამასთან ერთად თვით ლგბტ თემის წარმომადგენლებიც მოიხსნიან მსხვერპლის არისტოკრატიის ეკლის გვირგვინს. იმედია, ამ დროისათვის, ბრიუსელიც შეწყვეტს ლგბტ თემის მდგომარეობის ლაკმუსის ერთადერთ ქაღალდად აღქმას. ეს გზა მეტ-ნაკლებად გაიარეს ევროპის ქვეყნებმა და იგივე მოხდება საქართველოშიც. ამ მხრივ კვანძი გახსნილია. ინტრიგა მხოლოდ საპატრიარქოს მომავლის გარშემო რჩება: დადგება ოდესმე დღე, როცა საპატრიარქოს სიტყვა სახარებისეულს დაემსგავსება? მოახერხებს ეს ორგანიზაცია განსულიერებას? ბოლოს და ბოლოს დაიწყებს საპატრიარქო იესოს მსგავსად გაბრიელე-მასტროიანების და სხვა გარიყულების დაცვას? ან, სულ ცოტა, დავინახავთ ერთ დღეს საპატრიარქოს მესვეურის სახეზე თანაგრძნობას, ცრემლს? - აგერ, სახერებები სამჯერ გვიხატავენ ცრემლმორეულ იესოს და იქნებ ტრაგედიის იმ მორევში, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ტრიალებს, მათ ერთხელ მაინც დაგვანახონ წყლიანი თვალები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG