პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში რუსტემ უმეროვი უკრაინის ისტორიაში გახდება პირველი ყირიმელი თათარი და მუსლიმანი, რომელიც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო უწყებას ჩაუდგება სათავეში. საერთაშორისო მედიაში უკვე გამოითქვა ვარაუდები, რომ მისი დანიშვნით უკრაინა ხაზს უსვამს ყირიმის დაბრუნებისკენ აღებულ კურსს.
უკრაინის ისტებლიშმენტი კი მომავალი თავდაცვის მინისტრისგან, პირველ ყოვლისა, უწყების შიგნით გამეფებული კორუფციის აღმოფხვრას და ომში მყოფი არმიის ეფექტიანი მომარაგების უზრუნველყოფას მოელის.
„ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“ და „მეტი გამჭვირვალობა“
ახლა არის ხელსაყრელი დრო ახალი კონტრაქტების გაფორმებისათვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არმიის უზრუნველსაყოფად.ჰანა შელესტი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი თავდაცვის მინისტრისგან ორი ზოგადი ხასიათის ამოცანის გადაჭრას მოელის:
„ჩემი აზრით, სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის უმაღლესმა მთავარსარდალმა.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ჰანა შელესტი ამბობს, რომ უკრაინის საზოგადოებასა და სამხედრო წრეებში ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნა, ძირითადად, რამდენიმე მოლოდინთან არის დაკავშირებული:
„მოლოდინები, პირველ ყოვლისა, უკავშირდება სწორედ, ბოლო თვეების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს გარშემო მომხდარი სკანდალების გამოძიებას.
მეორე მხრივ, სრულყოფილ მზადებას ზამთრის საომარი კამპანიისთვის, რადგან ახლა არის ხელსაყრელი დრო ახალი კონტრაქტების გაფორმებისათვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არმიის უზრუნველსაყოფად.
მესამეა ცვლილებები საკუთრივ თავდაცვის სამინისტროს შიგნით. არსებობს მოლოდინი, რომ ის [უმეროვი] თავდაცვის სამინისტროში მიდის საქმიანი მიდგომით და ჩვენ დავინახავთ ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ ანგარიშვალდებულებას და, შესაძლოა, უფრო მეტ გამჭვირვალობას კონტრაქტების გაფორმებისა და მომარაგების მხრივ.
და ბოლოს, ჩვენ ველით მომდევნო რამშტაინს (რამშტაინის ფორმატის შეხვედრა - რედ.), რომელზეც გამოჩნდება, შეიცვლება თუ გაგრძელდება იმავე დონის პირადი კონტაქტები, რაც მინისტრ რეზნიკოვის დროს არსებობდა“, - უთხრა ჰანა შელესტმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რეგულარულად მონაწილეობდა „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრებში, რომელიც 50-მა ქვეყანამ შექმნა რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის კოლექტიური მხარდაჭერისთვის. მორიგი მოლაპარაკებები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი, შესაბამისად, უკრაინას მასზე, დამტკიცების შემთხვევაში, უკვე ახალი მინისტრი - რუსტემ უმეროვი წარმოადგენს.
„ვერხოვნა რადის“ 6 სექტემბრის სხდომაზე უმეროვის კანდიდატურას სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ გარდა, ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებიც დაუჭერენ მხარს.
„მან უნდა გადაჭრას ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც რეზნიკოვმა ვერ შეძლო. კერძოდ, ეს გულისხმობს არმიის ყველა საჭიროებით უზრუნველყოფას. დღესდღეობით, ეს თავდაცვის სამინისტროზე უფრო მეტად, უკრაინის საზოგადოების მხრებზე გადადის. რაც არასწორია. ეს არის თავდაცვის სამინისტროს საქმე, რომელმაც ყველანაირად უნდა უზრუნველყოს არმია. და, რა თქმა უნდა, [მოველით] ყველა შესაძლო ხერხით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს „ვერხოვნა რადაში“ ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ოლექსეი გონჩარენკომ.
„ყირიმი არასოდეს იქნება დავიწყებული“
სტალინის დროს რეპრესირებული ყირიმელი თათრების ოჯახში აღზრდილ 41 წლის რუსტემ უმეროვს დიდ ყურადღებას უთმობენ დასავლეთის გამოცემები.
თუ რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრი გახდება, ყირიმი არასოდეს იქნება დავიწყებული და ეს შესანიშნავი ამბავია.მაიკლ მაკფოლი
ამერიკულმა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ უმეროვის დანიშვნა ანექსირებული ყირიმის დაბრუნებასთან დაკავშირებით კიევის მტკიცე გადაწყვეტილებას უნდა ადასტურებდეს.
„ორი მკაფიო სიგნალია უკრაინის მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეებისთვის: კიევს სერიოზულად აქვს განზრახული [არმიის] კორუფციისგან გაწმენდა და ურყევია თავის გადაწყვეტილებაში რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლოს ყირიმი“, - წერს ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ასევე აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლიც.
„თუ რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრი გახდება, ყირიმი არასოდეს იქნება დავიწყებული და ეს შესანიშნავი ამბავია“, - წერს მაკფოლი.
„ნიუ-იორკ ტაიმსს“ კი მოჰყავს თავად უმეროვის მიერ გასულ წელს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსათვის“ ნათქვამი სიტყვები: „ჩვენ არ ვიტყვით უარს ჩვენს ხალხსა და ჩვენს მიწებზე“.
რუსტემ უმეროვი 2020 წლის დეკემბრიდან არის კიევის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატივის „ყირიმის პლატფორმის“ თანათავმჯდომარე.
უმეროვმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქეთის დახმარებით დაწყებულ, შიდა გადაადგილებული ყირიმელი თათრებისა და უკრაინის სხვა მოქალაქეებისათვის 1000 ბინის მშენებლობაში. 2021 წლის აპრილის დასაწყისში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ ამ ბინების მშენებლობის დაწყებაზე.
„საინტერესო იქნება თვალის მიდევნება, თუ როგორ განვითარდება თურქეთ-უკრაინის ურთიერთობა (ასევე თურქეთის დახმარება უსაფრთხოების სფეროში) თავდაცვის მინისტრად უმეროვის დანიშვნის შემდეგ, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონისადმი მზარდი სამხედრო ყურადღების პირობებში“, - წერს Yahoo News-ის ჟურნალისტი მაიკლ ვეისი.
5 სექტემბერს უკრაინამ არ მიიღო თურქეთის წინადადება იმის შესახებ, რომ კიევმა უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია შავი ზღვის მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მხარს არ დაუჭერს მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების ან მისი „დაშოშმინების“ პოლიტიკას.
ზოგიერთი ექსპერტი იმასაც აცხადებს, რომ რუსტემ უმეროვი ზელენსკის ხელისუფლებაში არაოფიციალურად პასუხისმგებელია მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე. რუსტემ უმეროვი იმ დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, რომელიც მაისის თვეში ვოლოდიმირ ზელენსკის ახლდა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს.
„ის [უმეროვი] არის სტრატეგიული ხედვის მქონე ძლიერი მენეჯერი, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან, ევროკავშირთან, არაბულ სამყაროსთან, თურქეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, - უთხრა ემიგრაციაში მყოფი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ, რეფატ ჩუბაროვმა გამოცემა „პოლიტიკოს“.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ყირიმელ თათართა მეჯლისმა მოუწოდა უკრაინელ სახალხო დეპუტატებს (ასე უწოდებენ უკრაინელ პარლამენტარებს - რ.თ.), რომ მხარი დაუჭირონ რუსტემ უმეროვის კანდიდატურას ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
6 სექტემბრის კენჭისყრისთვის პროცედურულად ყველაფერი მზად არის. 5 სექტემბერს ოლექსი რეზნიკოვი „ვერხოვნა რადამ“ თანამდებობიდან გადააყენა და მოგვიანებით ასევე უყარა კენჭი უკრაინის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან რუსტემ უმეროვის გათავისუფლებას.