Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაკავების კანონიერებას მე არ განვიხილავ" - როგორ დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების სასამართლო პროცესები


ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე 2 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებამდე, გრიგოლ ფრანგიშვილი 6 ივნისს სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოში
ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე 2 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებამდე, გრიგოლ ფრანგიშვილი 6 ივნისს სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დაიწყო 2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 5 დემონსტრანტის საქმეების განხილვა.

გამოძიება საპროტესტო აქციის ხუთივე მონაწილეს ერთსა და იმავე დანაშაულს, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სასამართლო მათ საქმეებს ცალ-ცალკე განიხილავს.

რატომ დააკავეს დემონსტრანტები 2 ივნისის ღამეს?

2 ივნისის ღამეს საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა საპროტესტო ბანერებით, რამდენიმე დემონსტრანტს ქაღალდზე ეწერა "ირაყლი".

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება თავიდან სწორედ ამ ბანერების გამო დაიწყო იმ დროს, როცა ისინი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს მთავრობის მისამართით. ასე დააკავეს გრიგოლ ფრანგიშვილი, მაისურზე გაკეთებული წარწერების გამო და ნოდარ სიხარულიძე და ნიკა რომანაძე ბანერის გამო.

დემონსტრანტების დაკავების შემდეგ პარლამენტის შენობასთან უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, მსგავსი შინაარსის წარწერებით. პოლიციამ ამ სოლიდარობის აქციაზე დააკავა საბა ბრაჭველი და ედუარდ მარიკაშვილი. ედუარდ მარიკაშვილს დაკავების მომენტში თეთრი, სუფთა ფურცელი ეკავა.

როგორ დაიწყო სასამართლომ საქმის განხილვა?

საქმეების განხილვის დაწყებას 6 ივნისს საქალაქო სასამართლოში ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ პროცესების გახსნას ემსახურებოდა. თითოეული საქმისთვის მოსამართლეს ნახევარსათიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული - ამ დროის განმავლობაში მხოლოდ მტკიცებულებების გაცნობა და მომდევნო სასამართლო სხდომების ვადების განსაზღვრა მოესწრო - გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ საბა ბრაჭველის საქმე, რომელიც გაუხსნელად გადაიდო.

საბა ბრაჭველის საქმის გადადების საფუძველი მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა, არადა, ის იმ დროს, როდესაც პროცესი უნდა დაწყებულიყო, სასამართლოს შენობაში იყო.

6 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ინტერნეტი და ტელეფონი შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც საბა ბრაჭველს სასამართლოდან ვერ დაურეკეს. დარბაზთან მისულ ბრაჭველს და მის უფლებადამცველს პროცესი უკვე გადადებული დახვდათ.

საბა ბრაჭველი სასამართლოს პროცესის გადადების შემდეგ
საბა ბრაჭველი სასამართლოს პროცესის გადადების შემდეგ

იმ ოთხი მოქალაქის საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლომ დაიწყო, გამოჩნდა შემდეგი ტენდენციები:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებად არც ერთ შემთხვევაში არ აქვს სამხრე კამერის ჩანაწერები, რომელიც სამართალდარღვევას ან დაკავების მომენტს ასახავს;
  • ყველა საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმედ ჰყავს მხოლოდ თითო პოლიციელი;
  • იმ პირთა უმეტესობა, ვისაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, საქმის მასალებს სასამართლოში მისვლამდე არ იცნობდა;
  • ყველა დაკავებულმა, სანამ მათი საქმე სასამართლოს გადაეცემოდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა 48 საათი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა, მტკიცებულებად ძირითადად იყენებს ფოტოებს, სადაც დემონსტრანტები ჩანან ფურცლებით ხელში;
  • დემონსტრანტების ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვენ სამხრე კამერის ჩანაწერების დართვას საქმეებისთვის მტკიცებულებად და ასევე იმ პირების გამოკითხვას მოწმეების სტატუსით, ვინც აქციას ესწრებოდა;
  • დემონსტრანტების დაკავების საქმეებს მტკიცებულებად დაერთო ადვოკატების მოთხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სახალხო დამცველის განცხადებები გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის აუცილებლობის შესახებ;
  • მოსამართლემ საქმეებს მტკიცებულებად დაურთო ყველა ფოტო და ვიდეომასალა, რაც მხარეებმა წარადგინეს, თუმცა ყოველ ჯერზე აღნიშნა, რომ გამოიყენებს თუ არა ამ მასალებს მტკიცებულებებად, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებიდან გახდება ცნობილი.

მოსამართლის ინტერპრეტაცია განსახილველ საქმეებზე

5 დემონსტრანტის საქმის განხილვიდან საქმის დეტალებზე მსჯელობა მხოლოდ ედუარდ მარიკაშვილის სასამართლო სხდომაზე გაიმართა.

მისი დაცვის მხარე ითხოვდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს როგორც პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, ასევე ის დოკუმენტები, რომლითაც უწყებამ გამოითხოვა მტკიცებულებები საქმეზე დასართავად.

ამ მოთხოვნის ფონია მარიკაშვილის წინასწარი პატიმრობა 48 საათის განმავლობაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საჭირო იყო იმისათვის, რომ გამოძიებას მტკიცებულებები შეეგროვებინა.

კანონის თანახმად, წინასწარი პატიმრობის 24-საათიანი ვადის გახანგრძლივება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მტკიცებულებების შესაგროვებლად ადმინისტრაციულ ორგანოს სჭირდება დამატებითი ვადა.

მარიკაშვილის საქმის მასალებში მტკიცებულებების სიმწირე ადვოკატებს უჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ვადა მტკიცებულებების შესაგროვებლად არ გამოიყენა. სასამართლოზე თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები მათ ამ დრომდე გამოთხოვილი არ ჰქონდათ.

"მტკიცებულებები მართლა მოიპოვეს თუ არა, მაგის დადასტურება გვინდა. რას აკეთებდნენ, რის გამო გამოიყენეს პატიმრობის 48-საათიანი ვადა. გვაინტერესებს, როდის მოიპოვეს, როგორ მოიპოვეს ის მტკიცებულებები, რაც საქმეში დევს".

"ჩვენ შუამდგომლობა გვაქვს არა მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, რომლითაც გამოითხოვეს მტკიცებულებები, იმ პასუხებზეც, რაც მიიღეს. გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მიმართვების საფუძველზე მათ მიიღეს მტკიცებულებები, რაც არ იყო მათთვის სასიკეთო და ამიტომ არ წარმოადგინეს. ამიტომ დავავალოთ, წარმოადგინონ მიმართვებიც და პასუხებიც, რომელიც ახლა არ არის საქმეში წარმოდგენილი".

ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატების ამ შუამდგომლობებს მოჰყვა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვის განმარტება, რომ სასამართლო ამ საქმეზე იმსჯელებდა კონკრეტული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტზე და არა იმაზე, რამდენად კანონიერი იყო აქციაზე მყოფების დაკავება და პატიმრობა.

"სასამართლოსთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არ არის, როდის გააგზავნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ინფორმაციის მოპოვებისთვის მიმართვის წერილები. თუ თქვენი მიზანი არის, რომ მოცემულ დავაში ასევე შეფასდეს დაკავების კანონიერება, სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლებელია პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგეს იმ შემთხვევაშიც, როცა ის არ არის დაკავებული. დაკავების კანონიერებას მე არ შევაფასებ. ჩემი შეფასების საგანი არის, წარმოდგენილი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტს", - თქვა მოსამართლემ.

უფლებადამცველ ედუარდ მარიკაშვილის საქმის განხილვისას მისმა ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს მას შემდეგ, რაც ნინო შჩერბაკოვმა თქვა, რომ "მტკიცების ტვირთი" აქვს "ორივე მხარეს", როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებს, ისე დაცვის მხარეს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ედუარდ მარიკაშვილის საქმის განხილვა
ედუარდ მარიკაშვილის საქმის განხილვა

როდის გაიმართება შემდეგი სხდომები დემონსტრანტების საქმეებზე?

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა, გაერთიანებულიყო აქციაზე დაკავებული 5 პირის საქმე და მათი განხილვა ერთად გაგრძელებულიყო, თუმცა თქვა, რომ შესაძლოა სასამართლომ ამ საკითხზე დამოუკიდებლად იმსჯელოს.

თუკი სასამართლო საქმეების ცალ-ცალკე განხილვას განაგრძობს, 6 ივნისს შედგენილი შემდეგი სხდომების გეგმა ასეთია:

  • საბა ბრაჭველის საქმე გაიხსნება 16 ივნისს, 14:00 საათზე.
  • გრიგოლ ფრანგიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება 22 ივნისს, 16:00 საათზე.
  • ნოდარ სიხარულიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება 23 ივნისს, 16:00 საათზე.
  • ნიკა რომანაძის პროცესი გაიმართება 27 ივნისს, 15:00 საათზე.
  • ედუარდ მარიკაშვილის პროცესი გაიმართება 28 ივნისს, 15:00 საათზე.

XS
SM
MD
LG