Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო


ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსჯავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა - ალეკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ორივე მსჯავრდებული. სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმის განხილვა 2022 წლის 24 ნოემბრიდან მიმდინარეობდა.

რას ედავებოდა ბრალდება ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს?

ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა.

2022 წლის 15 აპრილს, თბილის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დამნაშავეებად ცნო ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის ტარების მუხლით.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სხდომათა დარბაზში, 2022 წელი, 12 აპრილი
ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სხდომათა დარბაზში, 2022 წელი, 12 აპრილი

სასამართლო პროცესებზე ბრალდებულები მათდამი წარდგენილი მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. ალეკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებდა, თუმცა, ამბობდა, რომ თანამზრახველი არც მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი კავილაძესთან ერთად.

რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა მისდამი წარდგენილი ორივე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და აცხადებდა, რომ მკვლელობის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის პოლიციელებისთვის შეუტყობინებლობაა.

რა არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი?

ნიკოლოზ კვარაცხელიას დედა, იზო ომაძე აცხადებს, რომ ოჯახის ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილია და მისი სიტყვებით, ეს ფაქტი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში აღიარა მსჯავრდებულმა გიორგი კავილაძემაც:

იზო ომაძე, ნიკო კვარაცხელიას დედა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, 2022 წელი, 12 აპრილი
იზო ომაძე, ნიკო კვარაცხელიას დედა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, 2022 წელი, 12 აპრილი

„მინდა გიორგი კავილაძის დედას, ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რომ მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან მისცეს შვილს უფლება, რომ აღიაროს და თქვას ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იმდენი რამ გაცხადდება, იმიტომ, რომ ძალიან შორს მიდის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ, რომ ნიკო კვარაცხელია მოკლეს ქვეყნის მტრებმა. უნდა განათდეს და ვიცოდეთ, ვინ არიან დამკვეთები, ვინ არის ის სამსახური, ვინც ასე, პერიოდულად გვიკლავს წარმატებულ შვილებს. კავილაძის დედა ფლობს იმ ინფორმაციას, რომ უმოტივოდ არ შეიძლებოდა ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. კავილაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა მის შვილს ეს მკვლელობა“.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ერთადერთი მოტივი, რომელიც 2022 წელის 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში არა უშუალოდ იარაღის მსროლელმა, ალეკო ჭელიძემ, არამედ გიორგი კავილაძემ დაასახელა, "გოგოს" უკავშირდება:

„გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალეო, რომ თავი შეიკავე ამ გოგოსთან კომუნიკაციისგანო, რომელიც არ გაითვალისწინაო“, - გიორგი კავილაძე 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ალეკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას სწორედ გოგოს გამო ესროლა.

ამ მოტივს სრული აბსურდი უწოდა ნიკოს დედამ: „გოგო ზის აქ, რომელიც ნიკოსთვის იყო ერთადერთი, განუმეორებელი და ანგელოზი, რომელიც იყო ნიკოს საცოლე, ამ ბავშვს წაართვეს მომავალი, ჩვენს ოჯახსაც წაართვეს მომავალი და ქვეყანასაც წაართვეს მომავალი“.

იზო ომაძე არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობა შესაძლოა სწორედ ნიკოს საქმიანობას უკავშირდებოდეს:

„ნიკო იყო წარმატებული ახალგაზრდა, თავის საცოლესთად მუშაობდა ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. შვიდი თვე გადის და არ ვიცი პროკურატურა მოტივზე რას გეუბნებათ. მე ის ვერსია მაქვს, რომ ვიღაცას არ სურდა ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდის არსებობა. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობის მოტივი უკავშირდება მის საქმიანობას“.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს.

ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

რას ამბობენ სხვა საქმეზე დაკავებული ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ?

გურამ და დავით კაკულიები სამართალდამცავებმა 2022 წლის მაისის ბოლოს, სრულიად სხვა საქმეზე, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

გურამ და დავით კაკულიები, თბილისის საქალაქო სასამართლო, 2022 წელი, მაისი
გურამ და დავით კაკულიები, თბილისის საქალაქო სასამართლო, 2022 წელი, მაისი

ძმებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავება.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ძმებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულები. ძმები ბრალდებას უარყოფენ.

30 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ძმები კაკულიების საქმე განიხილებოდა, გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მოულოდნელად დუმილი დაარღვია. სანამ მას ბადრაგი სასამართლოს დარბაზიდან გაიყვანდა, ბრალდებულმა ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა და თქვა, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ:

„არანაირი შეხება ჩვენ ამ საქმესთან არ გვაქვს. არ აყვეთ პროვოკაციებს“, - თქვა გურამ კაკულიამ.

ბრალდებულის რეპლიკას გამოეხმაურა ნიკო კვარაცხელიას დედა, იზო ომაძე, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის დამკვეთები უახლოეს პერიოდში გამოაშკარავდებიან:

„ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია. განაჩენი დადგება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო და არაფერი შეიცვლება. დამკვეთებიც, შემსრულებლების და სისტემაც, რომელსაც ჩემი შვილი შეეწირა, აუცილებლად გაშიშვლდება. მეფეს ვნახავთ შიშველს“.

გურამ და დავით კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებშიც ფიგურირებენ.

ისინი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის ახლო მეგობრები არიან. ამის შესახებ გიორგი კავილაძემ 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიცემული შვენებისას თქვა.

თქვა ისიც, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ის ძმებ კაკულიებთან, სომხეთში ორჯერ იმყოფებოდა სტუმრად. პირველად მარტო იყო, მეორედ კი მეგობართან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟთან, ბუსა ჟვანიასთან ერთად.

გიორგი კავილაძის თქმით, ძმებ კაკულიებს იცნობდა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ალეკო ჭელიძეც.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ცხრატომიანი საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეს, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰყავდა თუ არა 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას დამკვეთი და მოქმედებდნენ თუ არა ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თანამზრახველებთან ერთად, პროკურორი გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ გამოყოფილ საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG