ძმები, გურამ (გუგა) და დავით (დათა) კაკულიები, სამართალდამცავებმა ორთაჭალაში, ნაქირავებ ბინაში, 29-30 მაისის ღამეს დააკავეს. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავება. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ძმებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულ ძმებს გამოძიებამ ბრალი 31 მაისს, წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინა.
გუგა და დათა კაკულიების სახელები ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ გავრცელდა მედიაში, რაც 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათი გასროლით დაჭრეს, რის შედეგადაც ის რამდენიმე საათში, კლინიკაში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს.
მიუხედავად მოლოდინისა, ძმებ კაკულიებს 31 მაისს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სულ სხვა ფაქტზე, კერძოდ 27 მაისს, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი 27 მაისს ვაკეში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე კაცის განზრახ მოკვლას გეგმავდნენ. პროკურატურის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მათ ერთი პირი დაჭრეს:
"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში", - განაცხადა 31 მაისს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა.
ამავე ბრიფინგზე გაკეთდა მინიშნება, რომ გამოძიება მიმდინარეობს ძმები კაკულიების შესაძლო კავშირზე სისხლის სამართლის სხვა საქმეებთან:
"შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობა".
რას ამბობს კაკულიების ადვოკატი?
გურამ და დავით კაკულიების ადვოკატი გიორგი ანთაძე ბრალის წარდგენის პროცედურას თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაესწრო. მისი თქმით, ძმები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ ბრალის არცერთ ნაწილში არ ცნობენ.
გიორგი ანთაძის განცხადებით, ვინაიდან საქმე მოცულობითია და მასალები მას სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა, საქმის დეტალებზე საუბარი ამ დროისათვის უჭირს. ადვოკატი ამბობს, რომ ძმები კაკულიები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს:
„ვაკის ეპიზოდზე, როგორც მოვასწარი და თვალი გადავავლე, დაზარალებულები არ არიან გამოკითხულები. ოპერატიული ინფორმაცია აქვთ პატაკის სახით მიღებული, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ დანაშაული ჩადენილი. ძმები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ“.
რაც შეეხება საზღვრის უკანონო კვეთის ნაწილს და კითხვას, როდის და რა გზით შემოვიდნენ ძმები კაკულიები საქართველოში, გიორგი ანთაძე გვპასუხობს:
„ამ კითხვით ცხადია, დავინტერესდი, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ, რომ თქვენ გიპასუხოთ“.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები არც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაყენებულ ბრალს ეთანხმებიან. მისი თქმით, ძმები კაკულიები ამბობენ, რომ არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილ პირს არ იცნობენ:
„მათ მოკლედ განმიმარტეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ, დამატებით არაფერი უთქვამთ“.
27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე სროლისას, ორი ადამიანი დაიჭრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელები ჩაფხუტებითა და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ.
როგორ მოხვდნენ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებში?
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს.
ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.
გია კვარაცხელია წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რუსულ პორტალზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 1988 წელს „მონათლეს“.
ამავე პორტალზე ვრცელდება ფოტო, რომლის მინაწერის თანახმად, ის 2000 წელს, თბილისშია გადაღებული და ფოტოზე აღბეჭდილია გია კვარაცხელია დავით კაკულიასთან ერთად. მათთან ერთად ფოტოს იღებენ პოეტი დავით მაღრაძე და რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ძმები კაკულიების კავშირზე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, 2021 წლის 28 სექტემბერს, მოკლე განცხადებით გამოეხმაურა კაკულიების დედა, ეკა გოგლიძე, რომელმაც თქვა, რომ ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა:
„ამ დღეებში გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟები თუ განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ გაჟღერებულ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ", - თქვა კაკულიების დედამ.
მიუხედავად კაკულიების დედის განცხადებისა, გურამ და დავით კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებში მაინც აღმოჩნდნენ.
ისინი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის ახლო მეგობრები არიან. ამის შესახებ გიორგი კავილაძემ 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიცემული შვენებისას თქვა.
თქვა ისიც, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ის ძმებ კაკულიებთან, სომხეთში ორჯერ იმყოფებოდა სტუმრად. პირველად მარტო იყო, მეორედ კი მეგობართან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟთან, ბუსა ჟვანიასთან ერთად.
გიორგი კავილაძის თქმით, ძმებ კაკულიებს იცნობდა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, ალეკო ჭელიძეც (სწორედ მან ესროლა კვარაცხელიას).
პროკურორს იმ სხდომაზე არ დაუსვამს კითხვა, შეუკვეთეს თუ არა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გურამ და დავით კაკულიებმა.
28 თებერვალს გამართულ სხდომაზე, გიორგი კავილაძემ სხდომათა დარბაზში თქვა:
„დავითი და გურამი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ბუსაც იცნობს მათ და ალეკოც, ჩემგან გამომდინარე. სომხეთში პირველად ჩასვლის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი მეგობრები (დავით და გურამ კაკულიები) აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას და მთხოვეს, რომ მათ წამოსაყვანად ჩავსულიყავი. მარტო ჩავედი, ჩემი მანქანით და მეორე დღეს წამოვედით, მაგრამ საზღვარზე შეექმნათ პრობლემა. ისინი შეაყოვნეს და იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მე წამოვედი თბილისში, საქმეები მქონდა. დაახლოებით ორ დღეში დამირეკეს, მითხრეს, რომ რაღაც ხარვეზი იყო, რომელიც აღმოფხვრილია და თუ გცალია, ჩამოდი და წავიდეთო. ამჯერად მე და ბუსა წავედით კვლავ ჩემი მანქანით. ჩავედით, იმ დღესვე წამოვედით და ერთ-ერთს საზღვარზე ისევ პრობლემა შეექმნა, უთხრეს, რომ საქართველოს მოქალაქე არ ხარ და შენ პასპორტს რაღაც პრობლემა აქვსო და კვლავ არ შემოუშვეს. რადგან არ შემოუშვეს, მე და ბუსა ახალგადმოსულები ვიყავით და ისევ გადავედი უკან, წავედით სომხეთში და რამდენიმე დღე ვიყავით იქ. მას მერე სომხეთში აღარ ვყოფილვარ“.
მკვლელობის მოტივი - შურისძიება, საქმიანობა, „გოგო“?
ნიკო კვარაცხელიას დედა გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე შურისძიების გამო მოკლეს:
„ჩვენს ოჯახს არანაირი მტრები არ ჰყოლია. ვისაც გაინტერესებთ, შემიძლია დაგპატიჟოთ და გაგაცნოთ ჩემი მეუღლეც, შვილებიც და ისიც, თუ რას ვემსახურებით 24 საათი... კაკულიებზე შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიცნობ მათ. თქვენსავით ვიცი, რომ ისინი ამ საქმეში ფიგურირებენ. ამ ახალგაზრდა ბიჭებს, 22-23 წლის ბიჭებს, არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ ნიკოზე შური ეძიათ. გამოყოფილ საქმეში მათი გვარები ნამდვილად არის. ისინი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულან. როგორც ვიცი, ისინი კონტაქტზე არავისთან არ გასულან და სად არიან, არ ვიცი“, - თქვა იზო ომაძემ 12 აპრილს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
დედის ვერსიით, შესაძლოა, ნიკოს მკვლელობა მის საქმიანობას უკავშირდებოდეს:
„ნიკო იყო წარმატებული ახალგაზრდა, თავის საცოლესთად მუშაობდა ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. შვიდი თვე გადის და არ ვიცი პროკურატურა მოტივზე რას გეუბნებათ. მე ის ვერსია მაქვს, რომ ვიღაცას არ სურდა ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდის არსებობა. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობის მოტივი უკავშირდება მის საქმიანობას“.
22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ერთადერთხელ, სასამართლო სხდომაზე დასახელდა და ეს მოტივი დაასახელა არა თავად იარაღის მსროლელმა, ალეკო ჭელიძემ, არამედ მკვლელობის ადგილზე, მასთან ერთად მყოფმა გიორგი კავილაძემ. მან თქვა, რომ მკვლელობა „გოგოს“ უკავშირდებოდა:
„გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალეო, რომ თავი შეიკავე ამ გოგოსთან კომუნიკაციისგანო, რომელიც არ გაითვალისწინაო“, - გიორგი კავილაძე 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ალეკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას სწორედ გოგოს გამო ესროლა.
მკვლელობის ეს მოტივი აბსოლუტურად მიუღებელია ნიკო კვარაცხელიას ოჯახისთვის:
„გოგო ზის აქ, რომელიც ნიკოსთვის იყო ერთადერთი, განუმეორებელი და ანგელოზი, რომელიც იყო ნიკოს საცოლე, ამ ბავშვს წაართვეს მომავალი, ჩვენს ოჯახსაც წაართვეს მომავალი და ქვეყანასაც წაართვეს მომავალი“, - თქვა 12 აპრილს გამართულ სასამართლოს სხდომაზე ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზო ომაძემ.
ნიკო კვარაცხელიას დედის მიმართვა
ძმები კაკულიების დაკავებიდან რამდენიმე საათში, განცხადება გაავრცელა ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ. როგორც ის წერს, სამართალდამცავებმა დააკავეს მისი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთად დასახელებული ძმები:
„ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კავილაძის აღიარებიდან). ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს, აქ ვართ, არსად წავსულვართ... ვიმედოვნებ, ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა, ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო, ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი, ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!“.
ძმები კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ნიკო კვარაცხელიას ნაწილში ბრალის დამძიმებას.
ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები და ცალკე გამოყოფილი საქმე
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 15 აპრილს დამნაშავედ სცნო მკვლელობაში ბრალდებული ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ალეკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით.
თუმცა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძიება მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით არ დასრულებულა. მკვლელობის დღიდან, 2021 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული, ნიკოს ოჯახი გამოძიებას მკვლელობის რეალური მოტივისა და დამკვეთების გამოვლენას სთხოვს.
ნიკო კვარაცხელიას ცხრატომიანი საქმიდან, გამოძიებას გამოყოფილი აქვს ცალკე საქმე, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰყავდა თუ არა 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას დამკვეთი და მოქმედებდნენ თუ არა ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თანამზრახველებთან ერთად.
გამოძიებას და საქმის პროკურორს, ამ დრომდე არც ერთხელ არ დაუსახელებია გამოყოფილ საქმეში არსებული კონკრეტული სახელები და გვარები.
ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.
მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.
ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავეებად 15 აპრილს სცნო.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 1996 წელს დაბადებული ირაკლი ბიბილეიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს დააკავა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, ირაკლი ბიბილეიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ბიბილეიშვილმა საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ აპრილში გამოკითხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესიკ (ბუსა) ჟვანია, რომელთან ერთადაც მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი კავილაძე სომხეთში, ძმებ კაკულიებთან იმყოფებოდა.