Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზის სხივი შედის პალატაში? - "ემპათიის" ექსპერტების და "ვივამედის" ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზე


ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. 20 იანვარი, 2023 წელი
ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. 20 იანვარი, 2023 წელი

მიხეილ სააკაშვილის საქმის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავენ, დამატებით 4 მოწმე, მათ შორის, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები და კლინიკა "ვივამედის" ექთანი გამოკითხეს.

ნევროლოგი ოთარ თოიძე, რომელიც დღევანდელ სხდომაზე პირველი გამოიკითხა, "ემპათიის" კონსილიუმის წევრია. მან სასამართლოს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შესვლისას ნევროლოგიურად ჯანმრთელი იყო, ახლა კი მისი ნევროლოგიური სტატუსი არის "მძიმე".

"სააკაშვილის დაავადებები მესამე სტადიაზეა, მეოთხე სიკვდილია"

თოიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ხასიათდება ისეთი მძიმე პათოლოგიური პროცესებით, როგორიცაა პოლინეიროპათია, ენცეფალოპათია, ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია:

"ამას ერთვის ორგანიზმის სხვა სისტემების, ასევე მძიმე დაავადებები, ეს არის პერმანენტული გასტრო-ინტესტინალური სისტემის აშლილობა, პროგრესირებადი წონაში კლება, კუნთების ატროფია, ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანება, დაუზუსტებელი [წარმომავლობის] თითქმის მუდმივი სხეულის მაღალი ტემპერატურა, უმძიმესი ფსიქიკური დიაგნოზი - დაუზუსტებელი დემენცია".

ექიმი-ნევროლოგი ამატებს, რომ მკურნალობისათვის გადაუდებელად მნიშვნელოვანია დაავადებათა წარმომავლობის დადგენა, ანუ მაღალტექნოლოგიური კვლევები სჭირდება.

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, მან დღემდე განვლილი 14 თვის განმავლობაში ვერ მიიღო სრულყოფილი, ადეკვატური მკურნალობა, რომლის ორგანიზება პატიმრობის პირობებში შეუძლებელია. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის მის გამოჯანმრთელებას და ხელს უშლის სასჯელის მოხდას", - თქვა ოთარ თოიძემ.

"რა მძიმე დიაგნოზები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველია?" - ჰკითხა მას ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. პასუხად, ოთარ თოიძემ დაავადებების სიმძიმის 4 სტადია განმარტა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მესამე სტადიაა.

"გამოყოფილია 4 სტადია: პირველი ესაა, როცა რომელიღაც ორგანოა დაავადებული და იგი ხელს არ გიშლით, მაგრამ დიაგნოზი არის; მეორეა, როდესაც დაავადება ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში; მესამეა, როდესაც დაავადება გაცდენილია ერთ ორგანოს და მოიცავს სისტემებს და მეოთხე - სიკვდილი. ეს კლასიფიკაცია უნივერსალურია და ამ შემთხვევაში, [მიხეილ სააკაშვილის] ნებისმიერი ნევროლოგიური დიაგნოზი რომ აიღოთ, ვართ მესამე სტადიაზე".

ოთარ თოიძემ ჩამოთვალა ის დაავადებები, რომელიც, მისი აზრით, მძიმე დიაგნოზებია და შესაძლოა, გახდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საფუძველი:

"ნევროლოგიური სისტემის 6 ძირითადი დიაგნოზია:

  1. ცენტრალური ნერვული სისტემის, ანუ ტვინის დაავადება, რომელიც ჩვენ ენცეფალოპათიის სახით ჩავწერეთ;
  2. პერიფერიული ნეიროპათია, რაც გულისხმობს დაბუჟებას სხეულსა და ფეხებში, სიარულის გაძნელებას, ის ვერ გრძნობს იატაკს და საგნებს ხელში;
  3. ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება, ანუ სისტემის იმ წილის დაზიანება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სხვადასხვა ორგანოების ცხოველმყოფელობას; ეს არის დაზუსტებული დიაგნოზები, არის კიდევ დაუზუსტებელი დიაგნოზები, რომელთა დაზუსტება მას შემდეგ მოხდება, რაც ჩატარდება გარკვეული კვლევები;
  4. ვერნიკეს ენცეფალოპათია, ქრონიკული სტადია, თავისი კლინიკური გამოვლინებებით;
  5. გამოჩნდა ენცეფალოპათიის ახალი ნიშნები, რაც არ ეტევა იმ ენცეფალოპათიაში, უფრო ფართოა და ესაა დაუზუსტებელი. ამ ეტაპზე, ვერ გამოვრიცხავთ ტოქსიკური ზემოქმედებით გამოწვეულ ენცეფალოპათიას;
  6. დაუზუსტებელი ნეირო-კოგნიტური აშლილობა, ეს იგივეა, რაც დაუზუსტებელი დემენცია და გათავისუფლების საფუძველია;
  7. [არანევროლოგიური] მძიმე დიაგნოზია კიდევ ერთი, რომელიც ტვინს აღარ შეეხება, ესაა ტრავმული გენეზის ნეიროპათია, რაც ნიშნავს ზურგის ტვინის კონტუზიას".

თოიძის თქმითვე, ამ დიაგნოზებიდან შიმშილობის პროტესტთან კავშირშია პოლინეიროპათია და ვერნიკეს ენცეფალოპათია.

მოგვიანებით, ექიმ-ნევროლოგს კითხვები დაუსვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი დაინტერესდა, რა მიზეზით ვერ უმკურნალებენ სააკაშვილს ყველა ამ დაავადებას საქართველოში.

გელა ნიკოლაიშვილი: საქართველოში ამ დაავადებების მკურნალობა, რაც პაციენტ სააკაშვილს სჭირს, შეუძლებელია?

ოთარ თოიძე: საქმე იმაშია, რომ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან რას ვმკურნალობთ და რას ველით შედეგად. თუ ჩვენ ველით, რომ პაციენტმა 3-4 წელიწადი უნდა გაიაროს ფსიქორეაბილიტაციის ან კოგნიტური რეაბილიტაციის ან მედიკამენტური კურსი, მაშინ ეს შეუძლებელია. რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, არ ვიცი, ალბათ ნაწილი შესაძლებელია, მაგრამ [ორთოპედმა] კობიმ თქვა, რომ პოსტოპერაციულ პერიოდს აქვს მნიშვნელობა, რაც შეუძლებელია საქართველოში.

გელა ნიკოლაიშვილი: რატომ არის შეუძლებელი?

ოთარ თოიძე: იმიტომ, რომ მთელს ინსტიტუციას ითხოვს. კადრები უნდა გყავდეს, შესაძლებლობები გქონდეს აპარატურული, დიაგნოსტიკური. რაც შეეხება ენცეფალოპათიების მკურნალობას, შეიძლება, თუ იცი მიზეზი. თუ ლაპარაკია მძიმე მეტალებით მოწამვლით განვითარებულ ენცეფალოპათიაზე, მაშინ ეს მოსარჩენია და საჭიროა თერაპია სპეციალური ანტიდოტებით.

გელა ნიკოლაიშვილი: თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ბრძანდებოდით 2004-2012 წლის ჩათვლით, იყავით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. რომელი პარტიის სიით იყავით პარლამენტის წევრი?

ოთარ თოიძე: ნაციონალური მოძრაობის სიით ვიყავი წარდგენილი და ვიყავი ფრაქციაში.

"პიროვნების ფსიქიკის მკვეთრი დაქვეითება"

კიდევ ერთ მოწმედ სასამართლოზე ცენტრ "ემპათიის" ექსპერტ- ფსიქოლოგი ლიანა ჩოხელი გამოიძახეს. მისი თქმით, სააკაშვილს გასული წლის 4 ნოემბერს შეხვდა და 45 წუთის განმავლობაში ფსიქოლოგიური ტესტები ჩაუტარა.

"მე მევალებოდა მისი ფსიქიკური ფუნქციების შესწავლა, აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების კვლევა... ჩვენი ყველა ტესტით, გამოკვლევის მონაცემებით, გამოვლინდა მისი პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სააზროვნო პროცესების გაძნელება, მოტივაციის დაქვეითება, ინტერესთა სფეროს უგულებელყოფა, პასიურობა, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და ემოციურ-ნებითი სფეროს მკვეთრი დაქვეითება, ინერტულობა. ყველა ეს პარამეტრები მიუთითებს პიროვნების ფსიქიკის ორგანული ხასიათის მკვეთრ დაქვეითებაზე".

ლიანა ჩოხელმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე მას მხოლოდ "ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან" იცნობდა, მისი მონახულების შემდეგ კი "დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნება" ნახა.

ფსიქოლოგმა ასევე კატეგორიულად გამორიცხა სიმულაციის შესაძლებლობა. ამ თემაზე მას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დაუსვა კითხვები:

ნიკა აბრამიშვილი: ქართულ ტელევიზიას თუ ადევნებთ თვალს?

ლიანა ჩოხელი: კი, როგორ არა.

ნიკა აბრამიშვილი: როგორც ფსიქოლოგმა, რომ გვითხრათ, თუ გაქვთ ნანახი ბოლოს კლინიკიდან გავრცელებული ვიდეოჩანაწერები...

ლიანა ჩოხელი: ჩემი მოსაზრებაა [მიხეილ სააკაშვილის] იმპულსური ქცევა, რომ ვერ აკონტროლებს [ქცევას].

ნიკა აბრამიშვილი: წეღან გამორიცხეთ სიმულაციის შესაძლებლობა. [ტესტების] წინასწარ ცოდნის შემთხვევაშიც არ შეუძლია სიმულირება?

ლიანა ჩოხელი: არა, აი, ამ ტესტების შესასწავლად ამერიკაში 2-წლიანი სპეციალური ინსტიტუტია...

"მზის სხივი შედის პალატაში?"

მომდევნო დასაკითხი მოწმე "ვივამედის" სამკურნალო ზონის [პატიმრების მოთავსების ადგილი] უფროსი ექთანი, ნონა პენტიაშვილი იყო, რომელმაც თქვა, რომ კვირაში რამდენჯერმე მუშაობს პატიმარ ექსპრეზიდენტთან.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვებზე, როგორ შეაფასებს დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, გაუარესდა თუ არა ის, ექთანმა არ უპასუხა. მისი განცხადებით, ეს ექიმის პრეროგატივაა და არა ექთნის. ადვოკატის დაზუსტების შემდეგ, რომ ეპასუხა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მას ეხებოდა, როგორც ექთანს, ნონა პენტიაშვილმა გაიმეორა, რომ თავს შეიკავებდა პასუხისგან.

მოგვიანებით, სააკაშვილის ადვოკატებმა ექთანს ექსპრეზიდენტის საპატიმრო პირობებზე გამოკითხეს ინფორმაცია:

ზურაბ ვანიშვილი: სააკაშვილის პალატაში გისოსები ფანჯრის გარედან არის თუ შიგნიდან?

ექთანი: მგონი, ეს კითხვა ჯობია, უსაფრთხოებას დაუსვათ, მე არ მახსოვს.

ზურაბ ვანიშვილი: ფანჯარას აღებთ?

ექთანი: კი, ვაღებთ, პატარაზე, შიგნიდან.

ზურაბ ვანიშვილი: ანუ შიგნიდან აქვს გისოსი და ხვდება?

ექთანი: კი.

ზურაბ ვანიშვილი: მზის სხივი შედის პალატაში?

ექთანი: ის ისეთი მხარეა, რომ ისედაც არაა მზე. მეორე მხარეს ადმინისტრაციის შენობაა და მზე მაინც არ შემოდის.

ზურაბ ვანიშვილი: მზის სხივი არაა?

ექთანი: არა.

შალვა ხაჭაპურიძე: გასასეირნებლად გაჰყავთ სააკაშვილი ერთი საათით?

ექთანი: ეზოში ნამდვილად არა. ქალბატონმა თამარმა [აბაშიძემ] რამდენჯერმე გაიყვანა დერეფანში.

შალვა ხაჭაპურიძე: დარეკვით თუ რეკავს სადმე?

ექთანი: არ ვიცი. არა, ტელეფონი პალატაში არ აქვს.

"ჩვენ ვართ პიროვნების დაკარგვის რისკის წინაშე"

20 იანვრის სხდომაზე ბოლო მოწმედ მივიდა ექიმი-ფსიქიატრი, ცენტრ "ემპათიის" დამფუძნებელი, გიორგი ბერულავა. ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის მსგავსად, მანაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე ფსიქიკურ-ნევროლოგიური დიაგნოზი, დაუზუსტებელი დემენცია და იგი ამ დიაგნოზით არ შეიძლება, იყოს პატიმრობაში "ამჟამად გამოხატული ფსიქიკური ნაკლის გამო".

"ეს ერთადერთი დიაგნოზი არაა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდებოდა ხოლმე 2021 წლის 1-2 ოქტომბრიდან. დასკვნაში ასახულია, რომ იგი როდესაც შევიდა საპატიმროში, მას ჰქონდა ფსიქიატრიული დიაგნოზი - შერეული შფოთვითი დეპრესიული აშლილობა, რაც არის ნევროზული რეგისტრის აშლილობა. სხვა არაფერი. პაციენტის დამძიმება დაიწყო შიმშილობის გამოცხადებიდან...", - თქვა მან.

ბერულავა ამბობს, რომ როდესაც დემენციის დიაგნოზის მქონე ადამიანი პატიმრობაშია, ყოველი მისი დღე არის "არაჰუმანური მოპყრობა", ამიტომ მასზე უნდა მოქმედებდეს არა სასჯელის გადავადების, არამედ სასჯელისგან გათავისუფლების მუხლი.

"მას ერთმნიშვნელოვნად სჭირდება მე-3 დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობა. ესაა ისეთი კლინიკა, რომელიც აღჭურვილია ამ მძიმე დიაგნოზისთვის საჭირო სამკურნალო და სარეაბილიტაციო საშუალებებით... წონის კრიტიკული ვარდნა არ არის შიმშილობის ეფექტი, ეს ახასიათებს დემენციას აგრეთვე. ჩვენ ვართ პიროვნების დაკარგვის რისკის წინაშე", - ამბობს ფსიქიატრი.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის მომდევნო განხილვა 23 იანვარს განახლდება.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG