Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოპერაციების გარეშე სიარულს ვეღარ შეძლებს" - სააკაშვილის მე-5 სხდომაზე კობი და ჯიშკარიანი გამოკითხეს


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 17 იანვარი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. 17 იანვარი, 2023 წელი

17 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილებოდა, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯეიმს კობი და ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოკითხეს. სურვილის მიუხედავად, სხდომაზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.

ამერიკელი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პასუხობდა კითხვებს, დეტალურად მოჰყვა, რა ნახა მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას და რა დაასკვნა საბოლოოდ:

"8 ოქტომბერს გამოვიკვლიე მიხეილ სააკაშვილი, ვნახე რენტგენის სურათები... კისერი ჰქონდა გამაგრებული, გრძნობდა ძლიერ ტკივილს და თავს მარცხნივ ვერ ხრიდა, ასევე ძლიერი ტკივილი იყო მარცხენა მხრის მიდამოში, მას არ შეეძლო მარცხენა ხელის მოძრაობა. მისი მარცხენა მხარი და მარცხენა მაჯის მიდამო ძალიან სუსტი იყო.

როცა მენჯ-ბარძაყის სახსარი შევისწავლე, მარცხნივ მოძრაობა გაცილებით შეზღუდული ჰქონდა. მას ვთხოვე ფეხზე წამომდგარიყო, რათა ზურგი მენახა. ის დასაყრდენ მოწყობილობას ეყრდნობოდა მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელს კი ვერ იყენებდა, ასევე მარცხენა ქვედა კიდურის მოძრაობა ჰქონდა შეზღუდული, ახლდა ტკივილი.

ნოემბერში გაუკეთეს MRI (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა და ამით დავადგინე, რომ იქ იყო ართრიტი. აღმოვაჩინე ღრმა ღარი მხრის ძვლის თავზე. MRI-ის კვლევის სურათმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში".

"რამ გამოიწვია ეს დაზიანებები?" - იკითხა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რაზეც ექიმმა კობიმ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდი და ვერცხლისწყლით სავარაუდო მოწამვლა დაასახელა:

"როდესაც ის ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაჰყავდათ, მიჰყავდათ ისეთ უცნაურ პოზიციაში, რომ დააზიანეს კისერი. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე გულყრა. მე უკვე ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარსა და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტები შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ვერცხლისწყალი ის ელემენტია, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს სახსრების დაზიანებას".

ექიმმა ჯეიმს კობიმ თქვა, რომ ყველა ამ დაზიანებიდან და კვლევებიდან გამომდინარე, შემდეგი დიაგნოზები დასვა:

"მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი და უკანა დისლოკაცია. მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი. ასევე დაზიანებული აქვს მალთაშუა დისკი კისრის მიდამოში. ასევე, არის რადიკულოპათიის დიაგნოზი და სპინალური სტენოზი, რის საფუძველზეც ხდება ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე".

მან, ასევე, დაადასტურა, რომ პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი დღეს არის მძიმე ავადმყოფი და ამის თქმის საფუძველს პაციენტის კისრისა და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა აძლევს.

ექიმ კობის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, მარცხენა მხრის სახსარსა და მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე.

"თუ ეს ოპერაციები არ ჩატარდება, მას მოძრაობა გართულებული აქვს ყოველდღიურად, ეს კი კიდევ უფრო გართულდება და იგი, ფაქტობრივად, სიარულს და მოძრაობას ვეღარ შეძლებს".

2022 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოსული ცნობილი ექიმი, ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას ჯანდაცვის სამინისტროსგან კვირაზე მეტი ელოდებოდა.

რა ჰკითხეს კობის პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა?

დასმულ დიაგნოზებთან მიხეილ სააკაშვილის ტრავმების კავშირზე იკითხა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა. ექიმმა კობიმ პასუხად კიდევ ერთხელ ახსენა გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდი და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემები კისრის მიდამოში სწორედ ამ დაზიანების შედეგია.

"მან [მიხეილ სააკაშვილმა] მითხრა, რომ ჩაავლეს ხელი მხრების მიდამოში და ასე მიჰყავდათ. მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი მანძილი ატარებდნენ კისრით და მხრებით. ის თვლის, რომ ამან გამოიწვია ეს ტრავმები. ჩემი დაკვირვებით, შემიძლია, გითხრათ, რომ ის პრობლემები, რომელიც კისრის მიდამოში აღმოვაჩინე, სწორედ ამ დაზიანების შედეგია და ამას მოჰყვა შემდეგ ართრიტი".

- "წამებაზე როცა ვარაუდს გამოთქვამთ, რას ეყრდნობით?" - დაინტერესდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ექიმმა კი უპასუხა:

"როცა ჩემს პრაქტიკაში ვხვდები წამების მსხვერპლებს, რომელთაც უვითარდებათ ამ ტიპის პათოლოგიები".

მოგვიანებით, ექიმ ჯეიმს კობისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ ნიკა აბრამიშვილს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

ნიკა აბრამიშვილი: ამოვარდნილობის შემთხვევაში შეუძლია ადამიანს ამოვარდნილი კიდურის თავისუფლად გამოყენება?

ექიმი ჯეიმს კობი: დაზიანება როცა არის და გამოხატულია მხრის კუნთების რიგიდობით, ამ შემთხვევაში, პაციენტს გარკვეული ამპლიტუდის ფარგლებში, ზემოთ და ქვემოთ შეუძლია მხრის სახსრის მოძრაობა.

ნიკა აბრამიშვილი: შეუძლია ამ დაზიანების მქონე პაციენტს სამედიცინო აპარატურის გადმოგდება ან სხვა ადამიანისთვის ხელის დარტყმა?

ექიმი ჯეიმს კობი: ​არა. როგორც წესი, ამ დროს მხარი ძალიან სუსტია და მოძრაობა შეზღუდულია.

ნიკა აბრამიშვილი: ​გაქვთ თუ არა ნანახი მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესვლის კადრები?

ექიმი ჯეიმს კობი: ​დიახ, ნანახი მაქვს.

ნიკა აბრამიშვილი: ამ ვიდეოში ინვენტარის დაზიანება, ხელის მოქნევა ხდება ამოვარდნილით?

ექიმი ჯეიმს კობი: ამ ვიდეოს საფუძველზე ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაში იყო მხრის სახსარი.

ნიკა აბრამიშვილი: წეღან აღნიშნეთ, რომ დაზიანება გადაყვანისას მიიღო?

ექიმი ჯეიმს კობი: მისი მხრის სახსრის მდგომარეობა ნორმალური იყო გადაყვანამდე და დაზიანება აღმოჩნდა შემდეგ. ამას ვსაუბრობ იმ შემთხვევაში, თუკი იქ არ იყო კრუნჩხვები და ამან არ გამოიწვია ის დაზიანებები.

ამის შემდეგ, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ ჯეიმს კობის მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის 19 ნოემბრის მხრის სახსრის კვლევებით, არ ფიქსირდება მოტეხილობა. აქედან გამომდინარე, მოხსნიდა თუ არა მხრის ამოვარდნილობის დიაგნოზს? - რაზეც ექიმმა კობიმ ამგვარად უპასუხა:

"არ მაქვს საფუძველი, რომ მოვხსნა დიაგნოზი, რამდენადაც მხრის კუნთების რიგიდობა მკვეთრად გამოხატულია და ეს შეიძლება იყოს დისლოკაციის ან ართრიტის შედეგი".

ქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ჯეიმს კობი ასევე მოღვაწეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლისა და სახსრების სერიოზული ტრავმების მკურნალობას.
1997 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიღებული აქვს ნაშრომისთვის სახმელეთო ნაღმების გაუვნებელყოფის შესახებ, რომელიც მძლავრ საერთაშორისო კამპანიას დაედო საფუძვლად.

"დემენციის დიაგნოზით პატიმრის ციხეში დატოვება არასათანადო მოპყრობაა"

17 იანვრის სხდომაზე მოწმედ გამოკითხეს მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზას ხელმძღვანელობდა. ადვოკატების კითხვების პასუხად მან დასკვნა შეაჯამა და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმოიხილა:

"ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ შევხედოთ, გვაქვს დეგენერაციული ცვლილებები - ცენტრალური ნერვული სისტემა, მათ შორის ავტონომიური და პერიფერიული ნერვული სისტემაა დაზიანებული. ძვალსახსროვანი ნერვული სისტემა აქვს დაზიანებული... სახეზეა კუნთოვანი ატროფია.

გასტროენტეროლოგიური თვალსაზრისით მძიმე დიაგნოზები. რეფლუქს ეზოგაგიტი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მან კვება გააუმჯობესა, იგი წონაში მაინც იკლებდა...

გარდა ამისა, დაიწყო ენცეფალოპათიის დამძიმება. მიმდინარეობს ნერვული სისტემის ნგრევა, ფსიქიკის ნგრევა. მიმდინარეობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნგრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნგრევა. დადგენილი აქვს კახექსიის დიაგნოზი. ამასთან, მარტის თვიდან აქვს ტემპერატურა - დაუზუსტებელი ცხელების დიაგნოზი".

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დემენციის დიაგნოზით პატიმრის ციხეში დატოვება არასათანადო მოპყრობად განიხილება და დანაშაულია.

სხდომის განმავლობაში მოსამართლე გიორგი არევაძემ მარიამ ჯიშკარიანს მინიმუმ სამჯერ მისცა შენიშვნა და სხდომიდან გაძევებით დაემუქრა. მოსამართლემ იგი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისადმი არასათანადო მიმართვის გამო რამდენჯერმე გააფრთხილა.

ერთ-ერთი შენიშვნის საბაბი მარიამ ჯიშკარიანსა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის გამართული ეს დიალოგი გახდა:

მალხაზ ურთქმელიძე: დემენციის შესახებ რომ არსებობს გაიდლაინი, ამის შესახებ იცით, რა თქმა უნდა?

მარიამ ჯიშკარიანი: თქვენ ჩემი ტონი არ მოგეწონათ და თქვენი ტონი როგორია? ბატონო მალხაზ, რა ბრძანდებით პროფესიით?

მალხაზ ურთქმელიძე: მოდი, ახლა თქვენზე ვისაუბროთ.

მარიამ ჯიშკარიანი: ჩემს დირექტორად კი არავის დაუნიშნიხართ აქ?! ცოტა ზრდილობიანად.

მოსამართლე: ქალბატონო მარიამ, უპასუხეთ, მხარე არ ხართ, როლში შედიხართ ხოლმე, უნდა იყოთ მშვიდი, იმავდროულად, პროფესიიდან გამომდინარე...

მარიამ ჯიშკარიანი: თუ შეიძლება, მე მონა კი არ ვარ?

მოსამართლე: უნდა გვამშვიდებდეთ, ყოველ შემთხვევაში, მხარეებს...

მარიამ ჯიშკარიანი: ბატონო მოსამართლე, ახლა გავაკეთებ კატეგორიულ განცხადებას, ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა რაც არ გააკეთეს, კეთილი ინებოს ბატონმა მალხაზმა და ჩაეტიოს ზრდილობის ფარგლებში.

მოსამართლე: არცერთ უცხოელ ექსპერტთან მსგავსი პრობლემა არ ყოფილა...

მარიამ ჯიშკარიანი: იმიტომ, რომ გაოგნდნენ სითავხედით...

მოსამართლე: ქალბატონო მარიამ, ახლა თქვენ ძალიან სცდებით ფარგლებს. მე შემიძლია, 50-დან 500 ლარამდე დაგაჯარიმოთ პირველ ეტაპზე და მერე გაგიშვათ დარბაზიდან. გაფრთხილებთ!

მარიამ ჯიშკარიანი: კი ბატონო, მაგრამ მე მონა არ ვარ... 35 წელია ფსიქიატრი ვარ-მეთქი და გაიდლაინი რომ არის, იციო?! თქვენ იცით?

"ქალბატონო მარიამ, ადასტურებთ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოხატული ჭკუასუსტობა, ანუ დემენცია?", - იკითხა ნიკა აბრამიშვილმა, რამაც მარიამ ჯიშკარიანი კიდევ უფრო გააღიზიანა:

"ჭკუასუსტობა აღარ იხმარება და გთხოვთ, ამოიღეთ ეს ტერმინი. ეს მხოლოდ თქვენს ხასიათობრივ მიმართებას გამოხატავს პაციენტისადმი, თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ. რაც შეეხება დემენციას, ბევრჯერ დაგიდასტურეთ და თუ ვერ გაიგეთ, არ ვიცი".

როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, დიდი ალბათობაა, რომ დაუზუსტებელი დემენციის გამომწვევი მიზეზი მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციაა.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმის მომდევნო განხილვა 20 იანვარს განახლდება.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG