Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი ზღვის უსაფრთხოება, სენატორ შაჰინის კანონპროექტი და საქართველოს როლი


დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი წლებია საქართველოს ერთერთ ყველაზე გავლენიან მხარდამჭერად მიიჩნევა ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი წლებია საქართველოს ერთერთ ყველაზე გავლენიან მხარდამჭერად მიიჩნევა ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში

აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე, რომელმაც საქართველოში ყურადღება სენატორების მხრიდან "ოცნების" ხელისუფლების კრიტიკის გამო მიიპყრო, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეახსენა.

2022 წლის ივლისში სენატში შეტანილი კანონპროექტი ორპარტიულია და ის დემოკრატ ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელ მიტ რომნის ავტორობით შეიქმნა. კანონპროექტი აშშ-ის, ნატოსა და შავი ზღვის ქვეყნების კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს, რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

16 ნოემბერს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი დაინტერესდა, რამდენად პრიორიტეტულია აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შავი ზღვის რეგიონი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გამწვავებულ პრობლემებსა და ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„უკრაინის ომმა ისიც დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის მთელი რეგიონი და რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგიის ქონა“, - ამ სიტყვებით მიმართა სენატორმა შაჰინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს და დაინტერესდა, მუშაობს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მიმართულებით.

კარენ დონფრიდმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აფასებს სენატორების ინიციატივას და დაადასტურა, რომ უკრაინის ომის ფონზე საკითხი საგანგებო ყურადღებას იმსახურებს; თუმცა "ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ფოკუსირებული ვართ ამ ომში [რუსეთთან] უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე, რადგან მრავალი თვალსაზრისით ეს იქნება იმის განმსაზღვრელი, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე... მაგრამ მივესალმებით თქვენს მიერ გაწეულ სამუშაოსა და იდეებს ამის შესახებ და გარწმუნებთ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენი საგანგებო ყურადღების ცენტრშია". - კარენ დონფრიდმა საკომიტეტო მოსმენაზე ასევე განმარტა, რომ "უკრაინაში რუსეთის ბრუტალური შეჭრის შემდეგ", შავი ზღვის რეგიონში ნატო გაცილებით დიდი ძალით არის წარმოდგენილი.

შაჰინ-რომნის ორპარტიული კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, პრიორიტეტად გამოაცხადოს პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში და ხაზს უსვამს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ლაპარაკია ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა, სამხედრო დახმარების გაზრდაზე.
აშშ-ის ხედვით, დემოკრატიული განვითარება წარმოადგენს აუცილებელ პირობას მდგრადი მშვიდობისთვის და 16 ნოემბერს, ეს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებშიც არაერთხელ აღინიშნა.

შავი ზღვის აუზში ნატოს წევრი სამი ქვეყანაა - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

შავი ზღვის, როგორც რეგიონის უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და დისკუსიებში საქართველოს როლსაც ხშირად უსვამდნენ ხაზს. თუმცა როგორც პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში (2014-2018 წწ), თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, ხელშესახები შედეგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის აქტიურობა.

"შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან მიმართებით არის წინააღმდეგობები, აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის. პროცესი რომ წინ წავიდეს და ნატოში რაიმე ახალი პროცესი რომ დაიძრას, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აშშ-ის აქტიური ჩართულობა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დიდი წონა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კანონპროექტის შემუშავება", - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

მართალია, კანონპროექტს, დამტკიცებამდე და პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერამდე ისევ არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ანალიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია სენატორებთან და კონგრესმენებთან მუშაობა პროცესის წინ წასაწევად და ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს ინტერესების ადეკვატურად ასასახად. ამ კუთხით, ფხალაძისთვის სრულიად მიუღებელია განცხადებები, რომლებსაც ვაშინგტონში თბილისიდან ისმენენ.

ჯინ შაჰინმა 16 ნოემბერსაც გაიმეორა, რომ, მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისთვის პრიორიტეტულად რჩება შავ ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება. ამავე სხდომაზე სენატორმა საქართველოს მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და დახმარების გადახედვის სავარაუდო საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

"საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ", - თქვა ჯინ შაჰინმა 16 ნოემბერს.

სენატორის განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებიდან მწვავე რეაქციები 17 ნოემბერს მოჰყვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა". "ოცნებას" დასავლეთზე "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილმა "ხალხის ძალის" დეპუტატებმა კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მკაცრ ჩარჩოებში მოსაქცევად ახალი კანონის მომზადებაზე დაიწყეს საუბარი.

საქართველოში გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას და განსაკუთრებით - "საქართველოს ომში ჩათრევასთან" დაკავშირებით, "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, დავით ბრაგვაძე. ის ამბობს, რომ ნებისმიერი სახის კონფრონტაცია შეუსაბამოა, მათ შორის - აშშ-ის მნიშვნელოვან ორპარტიულ მიზანთან - იზრუნოს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, "რაც პირდაპირ შეეხება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას".

"სულ ვამბობთ, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, მაგრამ გვავიწყდება, რომ ოკუპირებულია ქვეყნის საზღვაო აკვატორიის ნახევარზე მეტი და დღეს რუსეთის ფლოტს შავ ზღვაზე მასშტაბური შესაძლებლობები აქვს", - ამბობს ბრაგვაძე.

ბოლო დროს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ელექტროენერგიითა და ინტერნეტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, ევროკავშირისთვის საინტერესო, პროექტები. ერთ შემთხვევაში, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი შავი ზღვის ფსკერზე უნდა მოეწყოს და მეორე შემთხვევაშიც, ინტერნეტის კაბელმა შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს.

სენატორების - ჯინ შაჰინისა და მიტ რომნის მიერ შემუშავებული კანონპროექტის ერთ-ერთ მიზნად რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაც სახელდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG