Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში ინიცირებულია შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტად გამოცხადების კანონპროექტი


აშშ-ის სენატში ინიცირებულია ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, პრიორიტეტად გამოაცხადოს პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში და შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, სამხედრო დახმარების და აშშ-ის, ნატოს და შავი ზღვის რეგიონში პარტნიორების კოორდინაციის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

კანონპროექტის ინიციატორები არიან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი.

სენატორ შაჰინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით და 2022 წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრით აჩვენა, თუ რამდენად დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონს და შავ ზღვაზე წვდომის კონტროლი არის საფუძველი პუტინის აბსურდული ოცნებისა, შექმნას რუსეთის იმპერია. ჯინ შაჰინის თქმით, აშშ ამას ვერ დაუშვებს. სენატორ მიტ რომნის განცხადებით, შავი ზღვა სულ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ომს, ამიტომ აშშ-ს სჭირდება სტრატეგია და რეგიონში ყოფნა.

კანონპროექტის თანახმად, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება და შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონპროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ.

XS
SM
MD
LG