Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს აეს-ის “შავი” ხუთშაბათი


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

25 აგვისტოს ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, პირველად არსებობის ისტორიაში, ორჯერ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც აუცილებელი პირობაა ობიექტის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარე წყაროებთან წვდომა დაიკარგა მას შემდეგ, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები.

მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ელექტროსადგურს, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იუწყება, ამჟამად კვლავ მიეწოდება ელექტროენერგია, კიევში ფიქრობენ, რომ განვლილმა „შავმა“ ხუთშაბათმა უნდა დაარწმუნოს კოლექტიური დასავლეთი, რომ საჭიროა უფრო მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ მოახდინოს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზება.

მით უფრო, რომ ბოლო კვირებში, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური არაერთხელ აღმოჩნდა ინტენსიური ცეცხლის ქვეშ, რამაც ბირთვული კატასტროფის შიში წარმოშვა. უკრაინა ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით სროლებში რუსეთის სამხედრო ძალებს ადანაშაულებს და მოუწოდებს მოსკოვს, რომ შეწყვიტოს ბირთვული ტერორი. რუსეთის მხარე მის მიმართ ბრალდებებს უარყოფს და იქით ადანაშაულებს უკრაინის მხარეს, ბირთვული ობიექტისთვის ცეცხლის გახსნაში.

„მსოფლიოს შეუძლია, მოსკოვს ზაპოროჟიეს აეს-ის დემილიტარიზება აიძულოს“

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე, 4 მარტს ხელთ იგდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ოკუპანტების ხელთ აღმოჩნდა ასევე ქალაქი-თანამგზავრი - ენეროგოდარი, რომლის ტერიტორიიდანაც, გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჯარები საარტილერიო ცეცხლს უშენენ ნიკოპოლს. რუსეთი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცოცხალ ფარად იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ახლა რუსეთი ობიექტს სამხედრო ბაზად იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ, რადგან იცის, რომ მათ არ შეუძლიათ და ვერ გახსნიან საპასუხო ცეცხლს, რადგან შეიძლება შემთხვევით მოახვედრონ ბირთვულ რეაქტორს ან დააზიანონ უაღრესად საშიში რადიოაქტიური ნარჩენების საცავი. ამ ყველაფერს ახალ და საშიშ დონეზე აჰყავს ჩვენი წარმოდგენა ცოცხალ ფარზე", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 1 აგვისტოს განცხადებაში.

აშშ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დიდი ხანია მოუწოდებენ რუსეთს, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და უზრუნველყოს ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ობიექტის დემილიტარიზება.

ასეთი ობიექტი „არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ამის ნაცვლად, სასწრაფოდ არის შეთანხმება საჭირო ზაპოროჟიეს სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა 18 აგვისტოს უკრაინაში ყოფნის დროს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

მაგრამ რუსეთი არ აპირებს ოკუპირებული ატომური სადგურის დემილიტარიზებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს უარყო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის წინადადება სამხრეთ უკრაინაში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.

პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ივან ნეჩაევმა, განაცხადა, რომ ეს წინადადებები „მიუღებელია“.

ერთადერთი, რასაც რუსეთი ხელს არ უშლის, არის ის, რომ ზაპოროჟიეს აეს-ში უკრაინული ტექნიკური პერსონალი დღემდე განაგრძობს მუშაობას.

უკრაინაში ფიქრობენ, რომ კოლექტიურ დასავლეთს აქვს ბერკეტები, რათა აიძულოს რუსეთი, დათანხმდეს ზაპოროჟიეს აეს-ის დემილიტარიზებას, რაც თავად მოსკოვისთვისაც სერიოზულ თავის ტკივილად იქცა.

„რუსეთი გარკვეული დროის განმავლობაში აშანტაჟებდა მსოფლიოს ბირთვული საფრთხითა და ბირთვული კატასტროფით, მაგრამ დღეს რუსეთი იძულებულია, რომ რაღაცნაირად გადაჭრას ეს პრობლემა. საქმე ისაა, რომ რუსეთს დღეისათვის აქვს ბევრი ბიზნესგეგმა ატომური ენერგეტიკის თვალსაზრისით. მოსკოვი ატომურ ელექტროსადგურს აშენებს მაგალითად უნგრეთში, ასეთივე პროექტები აქვს მას თურქეთსა და სამხრეთ კორეაში. თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) დაბლოკავს რუსეთის მონაწილეობას ამ პროექტებში, რუსული კომპანიები და პირველ რიგში „როსატომი“ უდიდეს ზარალს მიიღებენ. შესაბამისად, რუსეთი იძულებული გახდება დატოვოს ზაპოროჟიეს ოკუპირებული ატომური ელექტროსადგური და დათანხმდეს მის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი.

ბირთვული კატასტროფის საფრთხე და მედვედევის მინიშნება

აამოქმედებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთი ასეთ ბერკეტს, ჯერჯერობით უცნობია. ხოლო გაეროს მთავარ ამოცანას ამ ეტაპზე წარმოადგენს ის, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტოსადგურზე შექმნილი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მკვლევრებმა.

თუმცა მოსკოვი ამ შემთხვევაშიც თავის პირობებს უყენებს გაეროს - აცხადებს, რომ საერთაშორისო ექსპერტები სადგურთან არა უკრაინის, არამედ რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან უნდა ჩავიდნენ.

სახიფათო ობიექტის საერთაშორისო ინსპექტირება გადაუდებელ ამოცანად მიაჩნია უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ხელმძღვანელს, პეტრო კოტინს, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთმა მოამზადა კონკრეტული გეგმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გასათიშად „საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“.

გათიშვას, კოტინის აზრით, შეიძლება მოჰყვეს გაცივების სისტემაში უწესრიგობა და, შესაბამისად, ბირთვული კატასტროფა. უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლო მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს და უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვს.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი, შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის, უფრო დაშორებული რეგიონებისთვის. ყველაფერი მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. თუ რუსეთის მოქმედებებით კატასტროფა მოხდება, შედეგები შესაძლოა, მათაც შეეხოთ, ვინც ჯერ ჩუმადაა“, - განაცხადა 16 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი კი, თავის მხრივ, სწორედ კიევს და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს „მეორე ჩერნობილის“ მოწყობის მცდელობაში.

„კიეველი არამზადები და მათი დასავლელი მფარველები, როგორ ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად არიან მზად. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების საცავებს.

ამბობენ, ამას რუსეთი [შვრება], მაგრამ ეს, ცხადია, 100%-იანი სისულელეა, თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვისაც. გაეროსაც კი არ სჯერა. ამბობენ, თითქოს, შემთხვევით ხდება, ვითომდაც, არ სურდათ. რა უნდა თქვა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური სადგურები და შემთხვევითობები მანდაც შესაძლებელია“, - ასეთი მინიშნებით გამოეხმაურა ორი კვირის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ დაძაბულ ვითარებას თავის ტელეგრამის არხზე.

მსოფლიოს 42-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG