მათი ლოგიკა ასეთია: ამ ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ შესრულდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ორი მთავარი პირობა - დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ და, შესაბამისად, პრობლემა შეექმნება კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ წინა კვირას, 4 აგვისტოს გახმაურებული ინიციატივის კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება და, შესაბამისად, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირება, რათა მომავალ პარლამენტში, ორი პოლუსის გარდა, ბევრი პარტია მოხვდეს.
- როგორ და რა დროში წარმოუდგენიათ ინიციატორებს წამოყენებული პირობების შესრულება?
- რამდენად რეალისტურად გამოიყურება სააკაშვილის წასვლა და ივანიშვილის დაბრუნება?
თუ ეს არ მოგვარდება...
ევროკომისიის 12 პირობიდან, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი, 3-პუნქტიანი გეგმის ავტორი ოპოზიციონერები საგანგებოდ გამოყოფენ დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობას და როგორც, მაგალითად, „გირჩში“ განმარტავენ, მათი მიზანი სწორედ ამ ორი საკვანძო პირობის შესრულებაა.
„დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის გარდა, [ევროკომისიის] 12 პუნქტიდან ყველა სხვა საკითხი, ასე თუ ისე, ტექნიკური საკითხებია და სურვილის შემთხვევაში, ტექნიკურად შესრულებადია. თუ ეს ორი საკითხი არ მოვაგვარეთ, დანარჩენებზე რაც არ უნდა ვიაქტიუროთ, არ ჩაგვეთვლება“, - ამბობს „გირჩის“ დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი და დასძენს, რომ მათ მიერ გახმოვანებული ინიციატივის შესრულების გარეშე აზრი ეკარგება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში მუშაობასაც.
ავტორები გამოსავლად მიიჩნევენ: პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის შემდგომ დამტკიცებას, რაც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს; მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
„ოცნებაში“ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ დეპუტატებს ვერაფერი გაუგეს.
ივანიშვილის დაბრუნება
დეპუტატი მეგრელიშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ გეგმით შექმნილი „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე მომუშავე ჯგუფშია ჩართული და, როგორც გვეუბნება, არც კოლეგებს უმალავს, რომ „სისულელე“ ჰგონია „ოცნების“ მიერ წინასწარ დაანონსებული მიზანი - შემუშავდეს უკრაინის მსგავსი კანონმდებლობა.
მეგრელიშვილი რადიო თავსიუფლებას ეუბნება, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გადაჭრიდა და მათი 3-პუნქტიანი ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტიც სწორედ ამიტომ შეეხება ბიძინა ივანიშვილს:
„თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ყველა დასავლელისთვის [პარტნიორისთვის] გასაგები იქნება, რომ ეს კაცი აღარ არის არაფორმალური მმართველი და დეოლიგარქიზაცია, ფაქტიურად, ტექნიკურადაც იქნება შესრულებული“.
პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან იმის აღიარების ტოლფასი, რომ - აქამდე ის მართლაც ფორმალურად მართავდა ქვეყანას?
„არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის დიდი საიდუმლოა... ამის აღიარება იქნებოდა ყველაზე უფრო ადეკვატური ნაბიჯი, რომელსაც, პირიქით, შეუძლია წარსული გაუგებრობების გადაშლა“, - ასეთია მეგრელიშვილის პასუხი.
-
ობიექტურად არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და მისი კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოდგენის მცდლეობები;
-
ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი;
-
ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია, სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი გაუგებრობები.
2022 წლის ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი თავიანთ მორიგ საერთო წერილში აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს „აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს“, რადგან ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან.
ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“, ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ვერც ნიშნებს ხედავს და ვერც საჭიროებას.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება დარუნდეს - თუკი ეს მისთვის ლამის სასიცოცხლო გახდება; ანუ თუ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ აგებს და ისეთი პარტია შეიძლება მოვიდეს, რომელმაც მის უსაფრთხოებას შეიძლება რისკები შეუქმნას... ამ შემთხვევაში თეორიულად კიდევ შესაძლებელია...
ამ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ სრული კომფორტის რეჟიმშია... იმდენი მიზეზი დაუგროვდათ ადამიანებს აღშფოთებისთვის, მაგრამ, ხომ ვხედავთ, არაფერზე რეაგირებს ხალხი, ამ რეჟიმში ვცხოვრობთ ახლა. ბოლის გამოშვების სხვადასხვა საშუალება არსებობს [მათ შორის - ფეისბუკშიც] და მორჩა“, - გვეუბნება გამზარდია.
ის ემხრობა მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური რეფორმები არ აძლევს ხელს, არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი კი, ამ შემადგებლობით, მას ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ექსპერტს მიაჩნია, რომ უკმაყოფილო ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, „ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივაა“ საჭირო. „რასაც ვხედავთ, დღეს, ადამიანური რესურსების მძიმე დეფიციტიც აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს“, - ამბობს გამზარდია.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებში ხშირად აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის სანქციებს იმსახურებს და სანქციების დროც მოვა.
ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხის განხილვას, რასაც ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაც ითხოვს, საქართველოს ომში ჩათრევის სცენარის ნაწილად განიხილავენ „ქართული ოცნება“ და მისგან ბოლო დროს წასული დეპუტატები. მისი ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაოფიციალური სანქციებით უკვე შეზღუდა შვეიცარიულმა ბანკმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ხელისუფლებაზე წნეხის ერთ-ერთ ბერკეტად საპროტესტო აქციებიც განიხილება. აქციების მწყობრი გეგმა ოპოზიციას არ გაუხმაურებია, თუმცა შიგადაშიგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიანიშნებენ, რომ აქციები შემოდგომიდან დაიწყება და ოპოზიციის ასეთ ჩანაფიქრზე ლაპარაკობენ ხელისუფლებაშიც.
სააკაშვილის წასვლა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ 3-პუნქტიანი ინიციატივის შემადგენელი ნაწილია და დეპოლარიზაციის შემცირების წინაპირობად განიხილება. თუმცა, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, მხოლოდ განცხადებები არ იქნება საკმარისი და წასვლის განზრახვა უნდა იყოს „დამაჯერებელი“.
და რა იქნებოდა დამაჯერებელი მათთვის? რით უნდა მიხვდნენ, რომ სააკაშვილის წასვლა ნამდვილია?
მეგრელიშვილი უპასუხებს:
- „ჯერ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის სერიოზული გადაწყვეტილება... და სააკაშვილის განცხადების სერიოზულობა გამოვლინდება არა მის განცხადებებში, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში... პარტიამ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს და არ უნდა აკეთოს გაუგებარი განცხადებები“;
- „როცა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას დაუჭერს მისი პარტია მხარს, მერე შეიძლება მიხვიდე „ქართულ ოცნებასთან“ პრეტენზიით, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც არაფერ შუაში აღარ არის ქართულ პოლიტიკასთან, ციხეში გყავდეს ტყუილად“.
მეგრელიშვილი ასევე გვეუბნება, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას დამაჯერებლობას შესძენდა პარტიაში დაწყებული ტრანსფორმაცია და, კერძოდ, თუკი პარტიის ასობით ათას ამომრჩეველზე „ნადირობას დაიწყებენ სხვა პოლიტიკოსები“, რომლებიც „აქამდე ამას არ აკეთებდნენ“, რადგან „ყველაფერი იყო მიხეილ სააკაშვილზე დამოკიდებული და მთავარი გადაწყვეტილებები მაინც მიხეილ სააკაშვილის მისაღები იყო“.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ახლო წარსულში განცხადებები მისმა ახალმა ადვოკატებმა, შალვა ხაჭაპურიძემ და ვალერი გელბახიანმა გააკეთეს; თუმცა ისიც განმარტეს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მიზანი გამომდინარეობს არა ამ გადაწყვეტილებიდან, არამედ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან და ასევე, მის მიმართ გამოვლენილია უამრავი დარღვევა.
მხარდამჭერები მოელოდნენ, მაგრამ თავად მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ადვოკატმა გელბახიანმა გასულ კვირაში გვითხრა, განცხადების გაკეთების მიზანშეწონილობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. ხოლო 8 აგვისტოს, უკვე ადვოკატმა ხაჭაპურიძემ უარყოფითი პასუხი გაგვცა შეკითხვაზე, ხომ არ ულაპარაკია ამ საკითხზე პატიმარ სააკაშვილთან, რომელსაც ის საკმაოდ ხშირად ნახულობს.
„გუშინწინაც ვნახე, მაგრამ ცუდად იყო და აღარ გვისაუბრია მაგ თემაზე“, - გვითხრა შალვა ხაჭაპურიძემ. ადვოკატი მოელის, რომ სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გაიმართება დაპირებული „უპრეცედენტო“ და „ხმაურიანი“ სასამართლო პროცესი, რომელზეც გასაჯაროვდება „შოკისმომგვრელი ფაქტები“, თუ როგორ ეპყრობოდნენ სააკაშვილს დაპატიმრების შემდეგ.
„ამერიკელების ჩამოსვლისა და დასკვნის დადების შემდეგ დამჭირდება სადღაც ერთი კვირა, რომ ამ უამრავ მასალას მოვუყარო თავი“, - გვითხრა ადვოკატმა.
არჩილ გამზარდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის წასვლა პოლიტიკურ სივრცეში ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან „ის პრაქტიკულად წასულია პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ბოლოს საქართველოში ჩამოვიდა [როდესაც დააკავეს]“ და მის მიერ გახმოვანებული გეგმები პრაქტიკულად არ სრულდებოდა.
„პოლიტიკიდან წასულია იმდენად, რამდენადაც მას არ შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება. ზუსტად იმ დროს წავიდა პოლიტიკიდან, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა. დაჭერის შემდეგ გამოჩნდა ეს - საზოგადოების მხრიდან ფაქტიურად არაფერი გაკეთდა, რისი იმედიც ჰქონდა სააკაშვილს... გამოჩნდა, რომ მიშა აღარ არის ახალი პოლიტიკური ეპოქის მფლობელი პოლიტიკოსი და ეს შესანიშნავად ჩამოაყალიბა მისმა შვილმა [ედუარდ სააკაშვილმა]“, - ამბობს გამზარდია.
მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა გაახმაურეს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, გაჩნდა შეკითხვა - რამდენად შესაძლებელია, რომ სააკაშვილი ჩამოშორდეს პოლიტიკას?
მისი მარდამჭერებისა და თანაგუნდელების პასუხია, რომ ახლა უპირველესია მისი გადარჩენა, გამოჯანმრთელება და პოლიტიკაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე უბრალოდ უადგილოა. თუმცა, როგორც აცხადებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი დარჩება უდიდეს ფიგურად და ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, რომელმაც საქართველოს ახალი სახელმწიფო შექმნა.
დეპოლარიზაცია „ქართულ ოცნებას“ სულ სხვაგვარად წარმოუდგენია.
მმართველი პარტიის მიერ წინასწარ გამოცხადებული გეგმის თანახმად, დინამიკაში უნდა გაიზომოს „პოლარიზაციის დონე”: უნდა გამოცხადდეს „ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე“; „ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს“ და „იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული“.
დეპოლარიზაციის წარმატებებს, წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის ბაზაზე შექმნილი პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეაფასებს და ამ ჯგუფში უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორებიც.