Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სააკაშვილის გასვლა ქართული პოლიტიკიდან და ივანიშვილის დაბრუნება" - "მოქალაქეები" და "გირჩი" პოლარიზაციის შემცირებაზე


პარტია "მოქალაქეებისა" და "გირჩის" დეპუტატები
პარტია "მოქალაქეებისა" და "გირჩის" დეპუტატები

პარტია "მოქალაქეებისა" და "გირჩის" დეპუტატები პოლარიზაციის შემცირებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ.

პარლამენტის წევრების, ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის აზრით, მიზნის მისაღწევად, აუცილებელია საარჩევნო ბარიერზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის დაბრუნება.

  1. "განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე, მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.
  2. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული.
  3. ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია", - წერია განცხადებაში.

დეპუტატების განცხადებით, ამ ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ 12 პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას.

XS
SM
MD
LG