Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს კეთდებოდა მხოლოდ საქართველოსთვის" - ელენა ნევრიუევა რაბათის რუსულენოვან თამაშებზე


 "Сокровища Рабата" - რაბათის საგანძური - თამაშის ილუსტრაცია
"Сокровища Рабата" - რაბათის საგანძური - თამაშის ილუსტრაცია

თამაშის „Сокровища Рабата“ (რაბათის საგანძური) სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელებში საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. რუსულენოვან მონაწილეებზე გათვლილი თამაშის გადაღებები, რეკლამის მიხედვით, 7 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. გადაღებების დროს რაბათის ციხე დამთვალიერებლისთვის დაიხურებოდა.

ვერასდროს დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ რომელიმე ჯგუფი ან ორგანიზაცია ჩვენთან რაიმეს განახორციელებს“, - ეს განცხადება ახალციხის ციხის დირექტორმა, გიორგი ნათენაძემ შპს „ქვევრი ივენთის“ ინსტაგრამით დაწყებული კამპანიის გამო გაღიზიანებული ხალხის დასაწყნარებლად გამოაქვეყნა და თქვა, რომ რაბათის თამაშები აღარ ჩატარდება.

ინსტაგრამზე ორ ივნისს შექმნილ რუსულენოვან გვერდზე - fort_rabat - ცნობილი სატელევიზიო რეალითი შოუს, „ფორტ ბოიარდის“ რუსული ანალოგის რაბათში ჩატარების დეტალებზე ბოლო პოსტი 29 ივლისს არის გამოქვეყნებული

7 აგვისტოს საერთოდ არ დაგეგმილა არანაირი გადაღება, ეს იყო "ქვევრი ივენთის" არასწორად დაგეგმილი პიარი, ალბათ საზოგადოების ინტერესის შესაფასებლად. გთხოვთ, მოეშვით ამ თემით მანიპულირებას”, - დაწერა გიორგი ნათენაძემ და განმარტა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 7 აგვისტოს რაბათის ციხის ტერიტორიაზე თამაშის გამართვა და გადაღებები შეთანხმებული იყო, არ შეეფერებოდა სიმართლეს.

რა თამაშია „Сокровища Рабата“ და ვინ გეგმავდა მის ჩატარებას?

„ფორტ რაბათის“ ორგანიზატორი კომპანია „ქვევრი ივენთი“ - იგივე შპს „ქვევრ ივე“ თებერვალში საქართველოშია რეგისტრირებული. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი რუსეთის მოქალაქე ელენა ნევრიუევაა.

ინსტაგრამზე განთავსებული ინფორმაციიდან, მათ შორის, რაბათში გადაღებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ირკვევა, რომ თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხის ნაწილი ტურისტებისთვის დაიკეტებოდა და ციხის ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები და მონაწილეები მოხვდებოდნენ. მათ ნათესავებსა და გულშემატკივრებს კი თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ქვედა ნაწილში განთავსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეეძლებოდათ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ქვევრ ივეს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ელენა ნევრიუევამ თქვა, რომ რეალითი შოუს ჩატარებას ახალციხის ციხეში აგვისტოში გეგმავდა. მოგვიანებით მან უარყო და თქვა, რომ თამაშის ანონსი, რომელმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია, სოციალურ ქსელებში მას არ გაუვრცელებია:

„თუ გავრცელდა, ეს ჩვენგან ნამდვილად არ მომხდარა. 100%-ით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 7 აგვისტოს ჩვენ არაფერს ვგეგმავთ ახალციხეში. დარეკეთ რაბათში და როგორც ხელმძღვანელობა იტყვის, ესე იგი ისეა“.

ელენა ნევრიუევამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დააზუსტა, რომ 7-11 აგვისტოს მხოლოდ გუნდების შეკრებას გეგმავდნენ:

„ჩვენ ჩატარება არ გადაგვიფიქრებია, მაგრამ რადგან ამას პოლიტიკური სახე მიეცა, მაშინ იყოს ისე, როგორც სურთ. მე არ მესმის ეს დამოკიდებულება და ვერც გავიგებ. ვფიქრობდით, რომ გუნდები შეგვეკრა 7-11 აგვისტოსთვის, მაგრამ ეს ანონსი არ ყოფილა, უბრალოდ პროდუქტი ვაჩვენეთ ჩვენს აუდიტორიას, რომელიც საუბრობს რუსულად, მხოლოდ ეს იყო. არ ვიცი, რას დაწერთ და გაავრცელებთ, მაგრამ მე ძალიან მტკივა, მტკივა იმიტომ, რომ ეს საშინელებაა. შეგვეძლო ბოიარდზე უკეთესი გაგვეკეთებინა, რომ მთელი მსოფლიო ჩამოსულიყო და ამ ყველაფერს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მთავარ პრობლემად იქცა ერთი ადამიანი, რომელიც რუსულად საუბრობს? დაფიქრდით ამაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ქართული კომპანიაა და პროექტიც მხოლოდ საქართველოსთვის კეთდებოდა“.

„Сокровища Рабата“-ს სარეკლამო კამპანია ფეისბუკსა და ინსტაგრამზე რუსულ ენაზე უხსნის მონაწილეობის მსურველებს, რომ „საგანძურის“ მოპოვებაში მათ ხელს მრავალრიცხოვანი ტურისტები ვერ შეუშლიან.

„ახალციხის ციხეს ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ზაფხულში სტუმრობს, თუმცა ყველა ასეთ მოგზაურს მოცდა მოუწევს, სანამ თქვენ ციხის საგანძურს არ მოიპოვებთ“, – წერია 11 ივლისით დათარიღებულ ერთ-ერთ პოსტში.

ციხის დირექტორის გიორგი ნათენაძის განმარტებით, თამაშის შესახებ კომპანია „ქვევრ ივეს“ მიერ გავრცელებული პოსტების შინაარსი მისთვის უცნობი იყო: „არანაირ რუსულ კომპანიასთან გარიგება არ ყოფილა. იყო ინტერესი ქართულ შპს "ქვევრი ივენთისგას". ამ კომპანიის გარდა სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ სურვილი "ფორტ ბოარდის" მსგავსი ანალოგის ჩატარების ჩვენთან. თუმცა არც გარიგება და არც შეთანხმება არ მიღწეულა მათთან“.

ელენა ნევრიუევა ამბობს, რომ კითხვები მისი კომპანიის რუსულ წარმოშობაზე „პოლიტიზებულია“ და რომ მისი ქართული შპს რუსულენოვან აუდიტორიაზე გათვლას ერთადერთი მიზნით - ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და თანხის შემოტანის სურვილით აკეთებს.

„მთელ კომპანიაში ერთადერთი რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ვარ, ერთადერთი, ქართველებს, აფხაზებსა და სომხებს შორის, რომელსაც სურს რამე გააკეთოს საქართველოსთვის. შეხედეთ სხვა საიტებს, რომლებიც ჩვენსავით რუსულენოვან აუდიტორიაზე მუშაობენ, მათ ქართულენოვანი არავინ ჰყავთ. ბელარუსები, უკრაინელები - მათ რა პრობლემები შეექმნათ იმის გამო, რომ რუსული იციან?! როგორ მივმართოთ, აბა, მათ? ამის გამო საშინელი ხალხია ისინი? მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ, მიყვარს ეს ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია სამცხე-ჯავახეთს ახალი ხალხი მოუყვანოს, ფინანსები მოუტანს და ამის ნაცვლად მრავალი პრობლემა ჩნდება პოლიტიკური ნიშნით“, - უთხრა ელენა ნევრიუევამ რადიო თავისუფლებას.

გიორგი ნათენაძის განმარტებით, "ქვევრი ივენთს" სამომავლო თანამშრომლობის შესახებ 10 თებერვალს შეხვდა და ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები მას აღარ დაჰკავშირებიან და არც რაიმე ხელშეკრულებაზე მოუწერიათ ხელი. ნათენაძე ამბობს, რომ თამაშების ორგანიზების მსურველებმა ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებზე რაბათის ციხის ტერიტორიაზე ადრე ჩატარებული სხვა ღონისძიების ფოტოები გამოაქვეყნეს.

ფოტოები რაბათის ციხეში ადრე ჩატარებული ღონისძიებიდან
ფოტოები რაბათის ციხეში ადრე ჩატარებული ღონისძიებიდან

„ამოიღეს ძველი კადრები, რომელიც 2018 წელს ჩატარდა. ეს ყველაფერი ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა. მანამდე ჩვენი განხილვის თემა იყო ახალციხის ციხეში შემომსვლელი ტურისტებისთვის სპეციალური პაკეტების გაკეთება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა მიეღო მონაწილეობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო სხვა ენაზე და არც ციხის ტერიტორია არ დაიკეტებოდა ვიზიტორებისთვის არცერთი წუთი. ეს იყო წინასწარი საუბარი, რომელიც შედგა. მათ საუბარი ჰქონდათ საქართველოში არსებული ორგანიზაციებიდან კორპორაციული ჯგუფების ჩამოყვანის შესახებ, სადაც ცნობილი ქართული სახეები მიიღებდნენ მონაწილეობას“, - ამბობს ნათენაძე.

ანონსის კადრები რომ არქივიდან არის, ამის შესახებ ნევრიუევაც საუბრობს. „ქვევრ ივეს“ წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ კადრები 2014-17 წლებში ქართულმა კომპანიამ გადაიღო.

რაბათის თამაშებთან დაკავშირებით, 30 ივლისს ფეისბუკში საპროტესტო აქციაც დაანონსდა.

თამაშის მოწინააღმდეგეებმა აქცია დააანონსეს
თამაშის მოწინააღმდეგეებმა აქცია დააანონსეს

„ციხე შიგნიდან არ გატყდება. ჩავიდეთ ყველანი 7 აგვისტოს რაბათში და ვაჩვენოთ როგორია “რაბათის ციხის თამაშები”. არა კიდევ ერთ “გავრილოვის წამოსკუპებას”, - წერია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.

ახალციხის მკვიდრი, ადგილობრივი აქტივისტი ნიკოლოზ ბეგიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თამაშის ანონსით „საზოგადოების განწყობები დაიტესტა სხვადასხვა რუსულ პროექტზე, იქნება ეს კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა“.

„უნდათ ქართული მოსახლეობა შეაგუონ, რომ რუსული პროექტების განხორციელებით არაფერი შავდება და ამის ნორმად დამკვიდრებას შეეცდებიან. წესით, ამ ყველაფერს ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს და ამის პრევენციას ახდენდეს, თუმცა იმის ფონზე, რაც დღეს ხდება, მე პირადად მათი იმედი არ მაქვს. ამიტომ მოსახლეობამ აქტიურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ყველაფერი რუსულის მიმართ, რათა ნელ-ნელა არ მოხდეს შეგუება. შეგუების შემდეგი ეტაპი იქნება მონობა, რაც საბოლოოდ კატასტროფამდე მიგვიყვანს“, - ამბობს ნიკოლოზ ბეგიაშვილი.

ახალციხის ციხის დირექტორის, გიორგი ნათენაძის განმარტებით, შეთანხმების შემთხვევაში, ციხე სოლიდურ თანხას მიიღებდა, თუმცა მანამდე დეტალების გავლა იყო საჭირო. მისი თქმით, „ფორტ ბოიარდის“ რუსული ანალოგი ახალციხეში არ გაიმართება, ვინაიდან შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკების პროცესში მეორე მხარემ მოლაპარაკებების პირობები დაარღვია.

XS
SM
MD
LG