ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი „ტვიტერზე" ეხმაურება „საქართველოს ომში ჩართვის" შესახებ აშშ-ის მიმართ ბრალდებას.
„საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა ვიყოთ მკაფიო: აშშ-ს სურს, ისე დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში, რომ უკრაინამ ერთი ინჩიც არ დაკარგოს. ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. ეს [თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა] აბსოლუტურად მცდარია", - წერს კინზინგერი.
28 ივნისს, „ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ არსებობენ „დიდი ძალები”, რომელთაც საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა ამოძრავებთ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გაიმეორა, რომ მათი მიზანი არის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება და არა საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. მან "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყალბ ინფორმაციას იმეორებს მიზნად აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩენა აქვს.
"დასავლეთს არასოდეს უცდია "საქართველოს ომში ჩათრევა". ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში", - თქვა კელი დეგნანმა.