Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: საქართველოს "ომში ჩართვა" არ გვსურს, ლიდერებს ვუთხარით, რომ გვესმოდა მგრძნობიარე პოზიციის


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კვლავ იმეორებს, რომ მათი მიზანი არის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება და არა საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. მან "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყალბ ინფორმაციას იმეორებს მიზნად აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩენა აქვს.

"დასავლეთს არასოდეს უცდია "საქართველოს ომში ჩათრევა". ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში", - თქვა კელი დეგნანმა.

ის ასევე შეეხო მმართველი პარტიის ლიდერების მოსაზრებას, რომ თუ საქართველო გახდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილე, ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

"ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის", - თქვა ელჩმა.

ელჩამდე იგივე მიზეზი დაასახელა "მეორე ფრონტის" გახსნაზე საუბრის მიზეზად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

"მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად უყურებს ეკრანებთან, თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ შენი არჩევანი არის ან ეს შენც მოგივიდეს, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო...

ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს "მეორე ფრონტის" რისკი, საფრთხე.

ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს", - თქვა ზურაბიშვილმა 14 ივნისს.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე ილაპარაკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს.

"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG