Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე"


ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგნანი
ფოტო არქივიდან: ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე".

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ", - ამბობს კელი დეგნანი "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

აქვე ის აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების სია, ვინც სანქცირებულია საჯაროა:

"როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის".

27 ივლისს გავრცელებული წერით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 21 მარტს, აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.

ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასულმა, მიხეილ ყაველაშვილმა წამოჭრა 19 ივლისს.

ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს თქვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "საკმაოდ დიდი ხნის წინ" ჰქონდა.

XS
SM
MD
LG