მმართველი პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა. ამის შესახებ საუბარია მისი სახელით გავრცელებულ წერილში, რომელსაც მისი ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია - MKD ავრცელებს.
"რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.
ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასულმა, მიხეილ ყაველაშვილმა წამოჭრა 19 ივლისს.
"ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.
იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება, ვალდებულია [უპასუხოს]..." - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა მაშინ.
ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "ძალიან დიდი ხნის წინ" ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა, აშშ-ის ელჩის მიმართ ბრალდებების გაჟღერება დაიწყო. მათ შორის ელჩი მოხსენიებული იყო საქართველოში ომის დაწყების კონტექსტშიც.
მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ დეგნანმა 8 ივლისს ისაუბრა.
„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.