„რუსეთმა კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, დაბომბა რა ოკუპირებულ ელენოვკაში (უკრაინულად ოლინივკა - რედ.) მდებარე გამოსასწორებელი კოლონია, სადაც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ამყოფებდა. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, რომ მკაცრად დაგმოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეს უხეში დარღვევა და რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს“, - წერს 29 ივლისს დმიტრო კულება თავის ტვიტერში.
თავის მხრივ, რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკელი სეპარატისტები მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმმა“ ეს „სისხლიანი პროვოკაცია“ განახორციელა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გამოყენებით.
„რუსეთმა დაიწყო სამხედრო ტყვეების კარტით თამაში“
რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მტკიცებით, დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 ადამიანი.
რუსეთის სახელმწიფო ტელეარხი „როსია 1“ მთელი დღის განმავლობაში უჩვენებდა ჩამონგრეულ შენობას, განადგურებულ მეტალის საწოლებს და დაბომბვის შედეგად დაღუპული, სავარაუდოდ, უკრაინელი, სამხედრო ტყვეების სახედაბლარულ ცხედრებს.
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ კოლონიაზე დარტყმის მიზანი იყო ტყვეთა განადგურება „დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალის წასაშლელად“.
დონეცკელ სეპარატისტთა წარმომადგენლის ამ გზავნილს აქტიურად ციტირებენ რუსული სააგენტოები, თუმცა მათ ინფორმაციის სხვა წყაროები არ მოჰყავთ. ასევე არ არსებობს დამოუკიდებელი დადასტურება კოლონიის დაბომბვისა და პატიმრების დაღუპვის ფაქტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკელი სეპარატისტების კონტროლირებად ელენოვკაში მდებარეობს 120-ე კოლონია, სადაც დიდწილად იმყოფებიან ის უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე წლის მაისში დაატყვევეს. მათ შორის, ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლები.
უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნაწილი სწორედ ელენოვკაში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში ელოდა მათთვის საბრალდებო დასკვნის გამოტანას. ინფორმაციამ, დაბომბვის შედეგად სეპარატისტთა ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ ათობით დამცველის დაღუპვის შესახებ, შეძრა უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც „აშკარა ტყუილი“ და „პროვოკაცია“ უწოდა სეპარატისტების გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ელენოვკაში მდებარე საპატიმრო უკრაინის არმიას დაებომბოს და თანაც ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარ HIMARS-ით.
უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად და განუხრელად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, არასოდეს არ მიუტანიათ და არ მიაქვთ იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო ისეთ ადგილებზე, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო ტყვეობაში მყოფი ჩვენი თანამოძმეები იმყოფებიან, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ელენოვკას დასახლებული პუნქტის რაიონში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები არ განუხორციელებიათ. პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებული მაღალი სიზუსტის შეიარაღების წყალობით, უკრაინის საარტილერიო და სარაკეტო ძალები ზუსტ იერიშებს მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ახორციელებენ“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებაში.
ოლგა რეშეტილოვამ, „ადამიანის უფლებებისთვის მედიის ინიციატივების“ კოორდინატორმა, ელენოვკაში მდებარე კოლონიის დაბომბვის შესახებ თავის ფეისბუკში აღნიშნა, რუსეთმა ამ ნაბიჯით სამხედრო ტყვეებისა და მძევლების კარტებით თამაში დაიწყოო.
„ჯერ იყო სასიკვდილო განაჩენები, გუშინ გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ აწამებენ და იგდებენ აბუჩად გენიტალიამოჭრილ სამხედრო ტყვეს. დღეს ღამით კი მათ მოაწყვეს პროვოკაცია ოლინოვკაში, დონეცკის ოლქში, ჩვენი სამხედრო ტყვეებითა და მძევლებით გადავსებული საპატიმროს დაბომბვით. ჩვეულებრივ, რუსეთი ტყვეების თემას ატრიალებს ფრონტზე შექმნილი მნიშვნელოვანი სიტუაციის ან მოლაპარაკების წინ. ამგვარად ის ზრდის ფსონს, იცის რა, რომ უკრაინისათვის ეს საკითხი ერთობ მგრძნობიარეა. მე არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს აქ და როგორ დავუპირისპირდეთ. უბრალოდ ყველა ჩვენგანს ვუსურვებ ძალას, გამძლეობასა და სიბრძნეს“, - წერს ოლგა რეშეტილოვა.
მას მხედველობაში აქვს რუსი პროპაგანდისტების მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრები, სადაც რუსი ოკუპანტი უკრაინელ სამხედრო ტყვეს გენიტალიებს საკანცელარიო დანით აჭრის. წამების შედეგად სამხედრო ტყვე გარდაიცვალა.
„აზოვი“ ტყვეების დახოცვაში მონაწილეებზე „ნადირობას“ აცხადებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ იდენტიფიცირებული და დასჯილი იქნება ყველა რუსი სამხედრო, რომლებიც უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის წამებასა და სიკვდილში არიან ეჭვმიტანილი.
„რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ მიაყენა დაზიანებები უკრაინელ ტყვეს რუსი არაადამიანების ჯგუფმა. მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით. მაგრამ ომის ბურუსი ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს. ყველას გამოვავლენთ, ყველას მივწვდებით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა სწორედ ამ წამების შესახებ გავრცელებული კადრებით გამოწვეული საყოველთაო აღშფოთების გადასაფარავად მიიტანა ელენოვკაში მდებარე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაზე „გამიზნული და წინასწარგანზრახული“ იერიში.
„რუსი ოკუპანტები ამგვარად შეეცადნენ მიეღწიათ თავიანთი დანაშაულებრივი მიზნისთვის - დაებრალებინათ უკრაინისთვის სამხედრო დანაშაულის ჩადენა და დაემალათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ადმინისტრაციისა და რუსეთის ფედერაციის სარდლობის ბრძანებით სამხედრო ტყვეების წამების და დახვრეტის ფაქტები“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
კიევი აცხადებს, რომ ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების დახოცვის ფაქტს გენერალური პროკურორის ოფისი და საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფი ერთობლივად შეისწავლის. ხოლო პოლკ „აზოვის“ დამფუძნებელმა და მისმა პირველმა მეთაურმა, ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ ის და მის თანამებრძოლები დაიწყებენ „ნადირობას“ ამ დაბომბვაში მონაწილე რუს სამხედროებზე.
„უკვე აშკარაა, რომ ეს იყო იმ ქვეყნის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომლისთვისაც უცნობია ოფიცრის ღირსების კონცეფცია და, მით უმეტეს, ჟენევის კონვენციის, კანონების, წესდებისა და ომის წეს-ჩვეულებების დაცვა. რუსეთმა „აზოვი“ სამართლიან ბრძოლაში ვერ დაამარცხა, ამიტომ ღალატით ცდილობს ჩვენს განადგურებას. „აზოვის“ დანაყოფების სახელით ვაცხადებ ნადირობას ყველა იმაზე, ვინც მონაწილეობდა ამ მასობრივ მკვლელობაში. პასუხს აგებს ყველა რიგითი შემსრულებელი და ყველა ორგანიზატორი, მიუხედავად მათი პოზიციისა და ადგილსამყოფლისა. სადაც არ უნდა დაიმალოთ, თქვენ გიპოვიან და გაგანადგურებენ“, - წერს ანდრეი ბილეცკი.
რუსეთი კი მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ელენოვკაში მდებარე კოლონიის დაბომბვა და იქ მყოფი უკრაინელი სამხედროების დახოცვა წარმოადგენს „აღმაშფოთებელ პროვოკაციას, რომელიც უკრაინელი სამხედროების დაშინებას და შემდგომში მათი ტყვედ ჩაბარების შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად“. მინიშნება, ცხადია, იმაზე კეთდება, რომ ელენოვკაში მდებარე იზოლატორში მრავლად იყვნენ ის უკრაინელი მებრძოლები, რომლებმაც სამხედრო სარდლობის ბრძანებით დაყარეს იარაღი და ტყვედ ჩაბარდნენ.
24 თებერვალს რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, პოლკი „აზოვი“, უკრაინის სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად, 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა ქალაქ მარიუპოლს. ბოლო რამდენიმე კვირა კი მარიუპოლის დამცველები ქარხანა „აზოვსტალში“ აღმოჩნდნენ ბლოკირებული. 16-17 მაისს, უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მათ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს და ევაკუაციას დათანხმდნენ.
„აზოვსტალის“ დამცველთა შორის, პოლკ „აზოვის“ მებრძოლების გარდა, იყვნენ საზღვაო-ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციელები და უკრაინელი მოხალისეები. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა - დაახლოებით 2500 უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთა ბედს ელენოვკის სისხლიანი დაბომბვა კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის.