Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქუფარაშვილი: „ჩვენთვის მთავარი იყო, თუ როგორ შევიდოდით ისტორიაში“


უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აზოვსტალში. მარიუპოლი. 2022 წლის 7 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აზოვსტალში. მარიუპოლი. 2022 წლის 7 მაისი

ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე გიორგი ქუფარაშვილი პოლკ „აზოვის“ ინსტრუქტორი, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქალაქ მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა.

17 მარტს ერთ-ერთ ბრძოლაში ქუფარაშვილი დაიჭრა, მას ოპერაცია „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა სარდაფში გაუკეთეს და, მიუხედავად დაღუპვის აშკარა რისკისა, 22 მარტს უკრაინელი მფრინავების წარმოუდგენელი გმირობის ფასად, მან შეძლო ალყაშემორტყმული ქარხნიდან ევაკუაცია.

„ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრგან ვყოფილვარ და ყველაფერი მინახავს, მაგრამ გაბედულებასთან ერთად, ეს იყო ნამდვილი სიგიჟე“, - ასე აფასებს უკრაინელი მფრინავის მოქმედებას გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც სამხედრო კარიერის განმავლობაში იბრძოდა თავის სამშობლო საქართველოსთვის, ასრულებდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიას კოსოვოსა და ერაყში და იცავდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

შვეულმფრენი, რომელშიც დაჭრილი ვიცე-პოლკოვნიკი ქუფარაშვილი იმყოფებოდა, ტყვიის ცეცხლში პირდაპირ ალყაშემორტყმული ქარხნის ტერიტორიაზე დაეშვა, რაღაც სასწაულით გაარღვია რუსეთის საჰაერო თავდაცვის რკალი და დნეპრამდე მიაღწია. ამის შემდეგ ოფიცერ ქუფარაშვილს მისი გადამრჩენი მფრინავის შესახებ არაფერი სმენია.

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დაკარგა ბევრი მფრინავი, რომლებიც მარიუპოლის გარნიზონის დასახმარებლად გაგზავნეს.

„იცოდნენ რა, რომ 90% ვერ დაბრუნდებოდა, შვეულმფრენები იქ მაინც მიფრინავდნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მაგრამ ზოგიერთმა მფრინავმა აშკარა დაღუპვის რისკის ფასად მაინც მოახერხა ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაშვება, საჭირო ტვირთის ჩატანა და დაჭრილების გამოყვანა. მათ შორის იყო გიორგი ქუფარაშვილი, „აზოვის“ ინსტრუქტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი.

გიორგი ქუფარაშვილი (მარჯვნივ)
გიორგი ქუფარაშვილი (მარჯვნივ)

„ჭრილობები 17 მარტს ბრძოლის დროს მივიღე. მოწინააღმდეგეს, რომელიც ტანკებით მოდიოდა, შუბლით შევეჯახეთ. შენობა გავათავისუფლეთ. მაგრამ ამ ბრძოლის დროს მუცელში დავიჭერი ნამსხვრევით, რომელმაც ნერვიც დააზიანა. გადაადგილება მიჭირდა. ახლა ფეხს მეტ-ნაკლებად ვგრძნობ, ადრე კი საერთოდ ვერ ვამოძრავებდი, კუნთები იყო ატროფირებული“, - ამბობს გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება და ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ქუფარაშილმა გაიხსენა, თუ როგორ იწყებოდა რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევა მარიუპოლზე ყირიმის მხრიდან, თუ რა ამოცანა იდგა მარიუპოლის დამცველების წინაშე, როგორ პირობებში უხდებოდათ მათ ბრძოლა და გარდა ამისა, დაჭრილების შვეულმფრენით ევაკუაციის ოპერაციის ზოგიერთი დეტალიც დაწვრილებით გაიხსენა.

„რატომღაც რუსებს არ დახვდათ შესაბამისი წინააღმდეგობა“

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი პოლკ „აზოვთან“ ერთად ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ვითარდებოდა ქალაქზე რუსების შემოტევა 22-23 თებერვალს.

„ჩვენ დავიწყეთ ამისთვის მზადება. სამწუხაროდ, ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილიდან რუსი ოკუპანტები ძალიან სწრაფად დაიძრნენ, რადგან, სამწუხაროდ, არ დახვდათ შესაბამისი წინააღმდეგობა და სწრაფად მივიდნენ ბერდიანსკამდე და, როგორც იცით, დაიკავეს ბერდიანსკი. და წამოვიდნენ მარიუპოლზე. იმავე დროს, ბრძოლები გრძელდებოდა შიროკინოს ახლოს, სადაც მათ (რუსებმა) გააძლიერეს მოქმედება. მახსოვს, დაიწყეს ხალხის ევაკუაცია. ზოგი მიდიოდა, ზოგიც - არა. სხვები კი უბრალოდ დასეირნობდნენ ქალაქში.

სამწუხაროდ, ქალაქის მერმა, რომელიც მშვიდობიან დროს კარგად მუშაობდა და საკუთარ ქალაქს ეხმარებოდა, ომის დაწყების შემდეგ ქალაქი დატოვა. არადა, საჭირო იყო სამოქალაქოების ევაკუირება. და ამან დიდი გავლენა მოახდინა ყველა შემდგომ მოვლენაზე.

ამ დროს რუსეთის ჯარებს უკვე დაწყებული ჰქონდათ შეტევა ვოლნოვახის მიმართულებიდან, აღმოსავლეთის მხრიდან, საზღვრიდან. და გვიახლოვდებოდნენ დასავლეთიდან, ბერდიანსკის მხრიდან.

ბიჭები თავიანთი ოჯახების ევაკუირებას შეუდგნენ. ზოგი დათანხმდა, ზოგმა თქვა, რომ ბოლომდე თავიანთ ქმრებთან დარჩებოდნენ.

მალე შუქი დაიკარგა. როგორც კი შუქი ჩაქრა, კავშირიც გაწყდა. ქალაქის დაბომბვის გამო სახიფათო გახდა მილებში გაზის არსებობა და გადაწყდა მისი გამორთვა. ქალაქი კავშირის გარეშე დარჩა. შეუძლებელი იყო სამოქალაქო მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება. ქალაქი ძალიან სწრაფად ჩაიკეტა. ქალაქი ძალიან სწრაფად აღმოჩნდა ალყაში. ის ალყაში მოაქციეს რამდენიმე დღეში.

რატომ მოაქციეს ალყაში? - ამ საკითხის განხილვა ომის შემდეგ მოხდება. იმედი მაქვს, რომ ადამიანები, ვინც პასუხისმგებელია - შესაბამის სასჯელს მიიღებენ, ან პასუხს გასცემენ შეკითხვებს“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი.

„ქვეყანას სჭირდებოდა დროის მოგება და „აზოვმა“ ეს ამოცანა შეასრულა“

საბოლოო ჯამში, რუსეთის არმიის ალყაში ქალაქ მარიუპოლში, როგორც გიორგი ქუფარაშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდნენ: პოლკი „აზოვი“, ნაციონალური გვარდიის 3057-ე ნაწილი, პოლიციის საპატრულო სამსახურის დანაყოფი, მესაზღვრეების გარკვეული ნაწილი და ასევე 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 3000 ჯარისკაცს შეადგენდა.

„აზოვის“ წინაშე დაისვა ამოცანა - ქალაქისა და მისი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა, - ეს იყო ძირითადი მიზანი.

მაგრამ იყო კიდევ სამი საბრძოლო დავალება. პირველ ყოვლისა, „აზოვს“ შესაძლებლობა უნდა მიეცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის, რომ გაეწვია ხალხი და მოემზადებინა ოპერატიული რეზერვი.

აზოვის პოლკის ინსტრუქტორი გიორგი ქუფარაშვილი
აზოვის პოლკის ინსტრუქტორი გიორგი ქუფარაშვილი

მეორე ამოცანას წარმოადგენდა იმ ძალების გადაჯგუფება, რომლებსაც უნდა მოეგერიებინათ რუსი ოკუპანტები, რომლებიც იმ პერიოდში ძალიან უტევდნენ კიევს. ჩვენ, ჩვენი წინააღმდეგობით მტრის დიდი ძალები შევაკავეთ.

შესაბამისად, ეს ამოცანა უნდა აგვეღო საკუთარ თავზე, რათა მიგვეცა ქვეყნისთვის შესაძლებლობა, რომ მოეგო დრო და მიეღო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისგან ის შეიარაღება, რომელიც გვჭირდება.

„აზოვმა“ სამივე ეს ამოცანა იდეალურად შეასრულა. სამწუხაროდ, მძიმე დანაკარგებით, მაგრამ „აზოვმა“ გაუძლო. ეს იყო არარეალური. მაგრამ ბიჭებმა ეს შეძლეს“, - ამბობს ქუფარაშვილი.

„ცალხელა მებრძოლი მეორე ხელით დაჭრილს პატრონობდა“

გიორგი ქუფარაშვილი „აზოვსტალში“ დაჭრილი მიიყვანეს. ქალაქში ამ დროისთვის ყველა საავადმყოფო დამწვარი და განადგურებული იყო და ასე აღმოჩნდა ოფიცერი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელ ექიმებს საავადმყოფო ჰქონდათ მოწყობილი. მაგრამ ეს ჰოსპიტალი რუსებმა მალე გაანადგურეს და დაჭრილები ბუნკერში გადაიყვანეს.

გიორგი ქუფარაშვილი: „პირობები იყო უმძიმესი. ეს იყო უბრალო ოთახი სარდაფში და პატარა სივრცე, სადაც ადამიანები გასაშლელ საწოლებსა და პირდაპირ იატაკზე იწვნენ, როგორც თევზები კონსერვის ქილაში. ყველაფერი გადავსებული იყო. იქ მიჰყავდათ დაჭრილი „აზოველები“, საზღვაო ქვეითები, პოლიციელები და მესაზღვრეები. ჩვენი ქირურგები ოპერაციას ყველას უკეთებდნენ.

მახსოვს, როგორ დაანგრია საავიაციო დარტყმამ ერთ-ერთი ბუნკერი, რომელშიც მდებარეობდა ის სამედიცინო ნაწილი, სადაც ოპერაციებს აკეთებდნენ. მთელი საოპერაციო განადგურდა. იქ იმყოფებოდნენ დაჭრილები, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამოქალაქო პირებიც.

ცალხელა მებრძოლი, რომელსაც აფეთქებამ ხელი მოაგლიჯა, უკვე მეორე დღეს თავის მოძმეს მეორე ხელით საჭმელს აჭმევდა.

ფეხზე მყოფები მწოლიარეებს უვლიდნენ. გაჰყავდათ ისინი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ადრე ეს იყო ქვედანაყოფი, ეს იყო გუნდი, რომელიც იქ ოჯახად გარდაიქმნა“.

„ეს იყო სიგიჟე, რომელმაც გაამართლა“

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი ქარხანა „აზოვსტალიდან“ დაჭრილთა ევაკუაციისთვის გამოგზავნილმა შვეულმფრენმა 22 მარტს გამოიყვანა. ეს მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც მთელი ეს ტერიტორია ყველა მხრიდან რუსი სამხედროების ცეცხლში იყო გახვეული, ხოლო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის აქტიური ზემოქმედების გამო უკრაინის სარდლობის მიერ გაშვებული ბევრი ეკიპაჟი „აზოვსტალის“ თავზე ჩამოაგდეს.

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი ქარხანა „აზოვსტალიდან“ დაჭრილთა ევაკუაციისთვის გამოგზავნილმა შვეულმფრენმა 22 მარტს გამოიყვანა.
ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი ქარხანა „აზოვსტალიდან“ დაჭრილთა ევაკუაციისთვის გამოგზავნილმა შვეულმფრენმა 22 მარტს გამოიყვანა.

გიორგი ქუფარაშვილი: „პირველ ყოვლისა, ეს იყო მფრინავების, „აზოვის“ ბიჭებისა და პირადად პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს („რედისი“) გმირობა. მახსოვს, იმ ღამეს მოვიდა მძიმედ დაჭრილების გამოყვანის ბრძანება. ეს იყო დილის 4 საათი, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით გარკვეულ წერტილში, მაგრამ ამ წერტილამდე მისვლა იყო საჭირო.

მახსოვს, ის (დენის პროკოპენკო) პირადად მოვიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ოპერაცია მკაცრად საიდუმლოდ და გეგმის მიხედვით ჩაივლიდა. მაგრამ ბრძოლაში ყველაფერი ყოველთვის გეგმის თანახმად ვერ ხერხდება.

პირველ ყოვლისა, საჭირო იყო ამ დაჭრილების „აზოვსტალის“ ჰოსპიტლიდან ევაკუაცია იმ ადგილამდე, სადაც ისინი შვეულმფრენს უნდა აეყვანა. და ეს დისტანცია ისე უნდა გაგვევლო, რომ არავის შევემჩნიეთ, არ ესროლათ და არ დავებომბეთ. ამ დროს ავიაციაც დაფრინავდა, ბომბებსაც ისროდა და ბრძოლაში ებმებოდა. ბიჭებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა ევაკუაციის წერტილამდე მივეყვანეთ. შვეულმფრენები შემოფრენილიყვნენ და მოეხდინათ დაჭრილების ევაკუაცია.

ჩემი კარიერის განმავლობაში სად, რა ოპერაციაში არ მიმიღია მონაწილეობა, რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სიგიჟე არსად მინახავს.

პირველ ყოვლისა, საჭირო იყო შვეულმფრენების ჩამოტვირთვა. შემდეგ საჭირო იყო მასში დაჭრილების აყვანა. ეს ის ადგილი იყო, სადაც ჩვენ გვხედავდნენ. ამ დროს ჩვენი ბიჭები, აზოველები, გვიცავდნენ: სასტიკი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.

იქ წარმოუდგენელი რამე ხდებოდა!

დაბომბვა არ წყდებოდა, ავიაცია არ ჩერდებოდა, ისროდა მძიმე რეაქტიული არტილერია. ისინი არ აძლევდნენ მოწინააღმდეგეს საშუალებას, რომ დაებომბათ და გაენადგურებინათ ევაკუაციის წერტილი. რადგან იქ იყვნენ დაჭრილები, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ.

ისინი (აზოველები) კედლად აღიმართნენ და ადამიანებს სამშვიდობოს გასვლის საშუალება მისცეს. მე ყველა ამ ბიჭის მადლიერი ვარ! მათ შექმნეს ფარი, რათა დაეცვათ შვეულმფრენები. მფრინავებმა, საკუთარი თავი გაწირეს, რათა გამოეყვანათ მებრძოლები ალყიდან, გამოეყვანათ დაჭრილები და მოეწოდებინათ შეიარაღება.

დიახ, ეს იყო სიგიჟე! მაგრამ ამ სიგიჟემ გაამართლა!“, - ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

„აზოვმა“ მიაღწია თავის მიზანს“

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი პოლკ „აზოვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან თავის დროზე შექმნა სამხედრო სკოლა, რომელშიც ამ ქვედანაყოფისათვის პირად შემადგენლობას და ოფიცრებს ამზადებდა. გიორგი ქუფარაშვილს, როგორც „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს დამრიგებელს, მასთან მანამდე ჰქონდა კავშირი, ვიდრე ალყაშემორტყმული „აზოვსტალი“ ბოლო უკრაინელმა მებრძოლმა არ დატოვა და, ზედმეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდა.

„მე თითქმის ყოველდღე ვეკონტაქტებოდი ბიჭებს. მძიმე განწყობა გვქონდა. იქ მსუბუქი განწყობა ვერ იქნებოდა. წარმოიდგინეთ, თუ რა მძიმე პასუხისმგებლობა ჰქონდა რედისს (პროკოპენკოს- რედ.) და სხვა მეთაურებს: ქალაქის დაცვა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, საკუთარი მებრძოლების დაცვა.

ასევე ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო ის, თუ როგორ შევიდოდით ისტორიაში, როგორც უბრალოდ ადამიანი, რომელიც გაიქცა და ტყვედ ჩაბარდა, თუ როგორც ადამიანი, რომელმაც ყველა თავის ტკივილის, ჭრილობისა და შესაძლებლობის მიუხედავად, ყველაფერს აჯობა და დაიცვა თავისი ქალაქი. ბიჭებს ამაზე ფიქრი აღელვებდათ. და ბიჭებმა ეს შეძლეს!

„აზოვმა“ მიაღწია თავის მიზანს. იმ მომენტში უკვე მარიუპოლს აღარ ჰქონდა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობა. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველაზე მთავარი, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეა“, - ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

16 მაისს, როდესაც „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისინი ტყვეთა გაცვლის მექანიზმებით შეძლებდნენ უკრაინაში დაბრუნებას.

მანამდე, ასევე უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დათანხმდნენ „აზოვსტალის“ დამცველები იარაღის დაყრასა და ჰუმანიტარული დერეფნით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციას.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 20 მაისს ალყაშემორტყმული „აზოვსტალიდან“ ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა და რუს სამხედროებს ჩაბარდა პოლკ „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო.

„აზოვის“ ბატალიონი შეიქმნა 2014 წლის მაისში, რამდენიმე კვირაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დონბასში ომის დაწყებიდან, რასაც წინ უსწრებდა ყირიმის მიტაცება.

მოხალისეებისგან შემდგარ ლეგიონს კავშირი აქვს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიასთან, რის გამოც აშშ-მ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესმა მხარდამჭერმა, აკრძალა თავისი იარაღის გადაცემა „აზოვის“ წევრებისთვის და მათი მონაწილეობა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნებში.

„აზოვისა“ და სხვა მოხალისე ბატალიონების მხრებზე, რომლებიც მაშინ სამხედროთა რიგებში არ იყვნენ, გადაიარა მძიმე ბრძოლების დიდმა ნაწილმა დონბასში ომის დაწყებისას, რამაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მარიუპოლის დაკავების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, 2014 წელს, „აზოვი“, ეროვნული გვარდიის დანაყოფის სახით, ოფიციალურად იქცა უკრაინის ეროვნული დაცვის ნაწილად.

  • და ამ სახელოვანი ქვედანაყოფის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ქართველი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს, ნატოს ეგიდით მიმდინარე კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) პირველ ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფს მეთაურობდა.
  • „აზოვის“ დამფუძნებელთა შორის იყო კიდევ ერთი ქართველი ბახვა ჩიქობავა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაიღუპა. როგორც მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ცხედარი ქალაქშივე, რუსი სამხედროებისთვის „შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული“.
  • ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის გარკვევა - არიან თუ არა ქართველი სამხედროები „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ სამხედროებს შორის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან.
  • საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების მდგომარეობას უწევს მონიტორინგს, მათი ყოფითი პირობების შესახებ კომენტარებს არ იძლევა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG