Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აზოვის“ მეთაური კავშირზე გამოვიდა. მასა და მის თანამებრძოლებს რუსეთი გასამართლებას უპირებს


დენის პროკოპენკო, 2022 წლის 20 მაისი.
დენის პროკოპენკო, 2022 წლის 20 მაისი.

უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ (მეტსახელად „რედისმა“) 23 მაისს პირველად დაურეკა ტელეფონით თავის ცოლს მას შემდეგ, რაც თანამებრძოლების ევაკუაციის შემდეგ მანაც დატოვა ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ტერიტორია და ტყვედ ჩაბარდა.

„მან უცნობი ნომრიდან დარეკა, საუბარი დაახლოებით 30 წამი გაგრძელდა. მან მკითხა, თუ როგორ ვარ, მე შევეცადე მეკითხა, თავად როგორ არის, მაგრამ კავშირი იყო ძალიან ცუდი“, - აღნიშნა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ეკატერინა პროკოპენკომ, რომელმაც სხვა „აზოველთა“ ცოლებისგან შეიტყო, რომ მათი ქმრები ნორმალურ პირობებში იმყოფებიან და მოუთმენლად ელოდებიან გათავისუფლებას.

ოფიციალური კიევიც იმედოვნებს, რომ რუსულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწევს და „აზოვსტალის“ დამცველები ტყვეთა გაცვლის შედეგად შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ამ საკითხზე მოლაპარაკებას არც რუსეთი გამორიცხავს, თუმცა მოსკოვი თავის პირობას აყენებს, რაც ბუნდოვანს ხდის რუსეთის ხელში მყოფ პოლკ „აზოვისა“ და სხვა უკრაინული ქვედანაყოფების მებრძოლთა ბედს.

რუსეთის მოთხოვნა უცვლელია - „აზოველები“ უნდა გასამართლდნენ

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გაცვლის საკითხზე მსჯელობა მხოლოდ უკრაინელი სამხედრო ტყვეების გასამართლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ყველა საკითხს განვიხილავთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყვედ ჩავარდნილები შესაბამისად გასამართლდებიან და სასჯელი მიესჯებათ. ამის შემდეგ შეიძლება სხვა ნაბიჯების გადადგმა. მანამდე გაცვლაზე ყველანაირი საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა 25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის საკითხის აქტიურად განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირაში იარაღი დაყარეს და ტყვედ ჩაბარდნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ პოზიციებს მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებით და მათი გარანტიით „აზოვსტალიდან“ განხორციელდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ევაკუაცია, რომელიც შემდგომში მათი გაცვლით უნდა დასრულდეს. მაგრამ რუსეთის მხარე გაცვლაზე არაფერს არ ამბობს. კრემლის მხარდამჭერი პუბლიცისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაასამართლოს ისინი. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „გარდაუვალია“ უკრაინელი სამხედროების „ტრიბუნალი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტყვედ ჩაბარდა უკრაინის 2500-მდე სამხედრო. მათი შემდგომი ბედი გაურკვეველია. Reuters-ი, ასევე უკრაინისა და რუსეთის მედია, იტყობინებიან, რომ სამხედროები ჩაიყვანეს შრომა-გასწორების კოლონიაში ელენოვკაში, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

პოლკ „აზოვის“ მეთაურის დენის პროკოპენკოს ცოლი, კატერინა, ქმართან 23 მაისს გამართული ხანმოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფებიან.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ სინამდვილეში რა პირობებში იმყოფებიან ისინი, რადგან ერთადერთი მედია, რომელიც ახლა იქ იმყოფება - რუსული მედიაა. სხვა ქალები, რომლებსაც მათი სამხედრო მოსამსახურე ქმრები ასევე ტელეფონით დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ ელოდებიან სახლში სწრაფად დაბრუნებას“, - უთხრა „აზოვის“ მეთაურის ცოლმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

ეკატერინა პროკოპენკო ამბობს, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების უმრავლესობა ელენოვკის ციხეში იმყოფება, ხოლო უფრო მძიმედ დაჭრილთა მცირე ჯგუფი ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში რჩება.

ბრიტანული გაზეთ „გარდიანის“ ცნობით, „აზოვის“ მეთაურ დენის პროკოპენკოსა და მის ცოლს, ეკატერინას შორის სატელეფონო საუბარი საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის შუამდგომლობით, უკრაინასა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის შეთანხმების შედეგად მოხდა.

მაგრამ უცნობია, შეეძლო თუ არა დენის პროკოპენკოს თავისუფლად საუბარი, ვინაიდან სატელეფონო კავშირი მანამდე გაწყდა, ვიდრე იგი თავის ადგილსამყოფლის შესახებ რაიმეს იტყოდა.

ცოლები იწყებენ ტყვედ ჩავარდნილი ქმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლას

16 მაისს, როდესაც „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისინი ტყვეთა გაცვლის მექანიზმებით შეძლებდნენ უკრაინაში დაბრუნებას.

მანამდე, ასევე უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დათანხმდნენ „აზოვსტალის“ დამცველები იარაღის დაყრასა და ჰუმანიტარული დერეფნით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციას.

აი, რა განაცხადა თავის ბოლო მიმართვაში პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ: „დიდება უკრაინას, მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების შესახებ.

მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამდით ჩვენთვის მნიშვნელოვან სამ პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლითა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის [პირობით]. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებენ თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას. დიდება უკრაინას!“ - ნათქვამი იყო დენის პროკოპენკოს მიმართვაში.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 20 მაისს ალყაშემორტყმული „აზოვსტალიდან“ ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა და რუს სამხედროებს ჩაბარდა პოლკ „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო. უკრაინელი ოფიცრის მეუღლე ეკატერინა პროკოპენკო ასე აფასებს ქმრის მიერ გადადგმულ ნაბიჯს:

„ეს იყო ერთადერთი საშუალება, ერთადერთი გზა, რადგან მისთვის მთავარი იყო, რომ პირადი შემადგენლობა ცოცხალი დარჩენილიყო. და უკვე ყველას ესმოდა, რომ რუსები ყოველდღიურად აძლიერებდნენ შტურმს. მათ ჰქონდათ ცნობები, თუ ვინ სად იმყოფებოდა, სად იყვნენ ჯარისკაცები თავშეყრილნი ამ ბუნკერებში და ზუსტი სროლებით სპეციალურად ანადგურებდნენ მათ“, - უთხრა პროკოპენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

მან და მის ბედქვეშ მყოფი პოლკ „აზოვის“, საზღვაო ქვეითების, ეროვნული გვარდიისა და სხვა უკრაინული დანაყოფების მებრძოლთა ცოლებმა დააფუძნეს „აზოვსტალის“ ოჯახების ასოციაცია, რომლის უმთავრესი მიზანი ტყვეობაში მყოფი სამხედროების მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოპოვება და მათ გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული კონტაქტების დამყარებაა.

„მე სხვა წყაროებისგანაც გამიგია, რომ მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მათ აჭმევენ და აძლევენ წყალს. პირობები - მოთხოვნების შესაბამისია და ამ მოკლე პერიოდში მათზე ძალადობა არ მომხდარა. თუ რა იქნება შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ამჟამად არსებობს მესამე მხარე - გაერო და წითელი ჯვარი, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“, - განაცხადა ეკატერინა პროკოპენკომ.

ქართველები, რომლებიც „აზოვს“ სამუდამოდ დაუკავშირდნენ

„აზოვის“ ბატალიონი შეიქმნა 2014 წლის მაისში, რამდენიმე კვირაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დონბასში ომის დაწყებიდან, რასაც წინ უსწრებდა ყირიმის მიტაცება.

მოხალისეებისგან შემდგარ ლეგიონს კავშირი აქვს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიასთან, რის გამოც აშშ-მ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესმა მხარდამჭერმა, აკრძალა თავისი იარაღის გადაცემა „აზოვის“ წევრებისთვის და მათი მონაწილეობა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნებში.

„აზოვისა“ და სხვა მოხალისე ბატალიონების მხრებზე, რომლებიც მაშინ სამხედროთა რიგებში არ იყვნენ, გადაიარა მძიმე ბრძოლების დიდმა ნაწილმა დონბასში ომის დაწყებისას, რამაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მარიუპოლის დაკავების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, 2014 წელს, „აზოვი“, ეროვნული გვარდიის დანაყოფის სახით, ოფიციალურად იქცა უკრაინის ეროვნული დაცვის ნაწილად.

და ამ სახელოვანი ქვედანაყოფის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ქართველი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ყუფარაშვილი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს, ნატოს ეგიდით მიმდინარე კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) პირველ ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფს მეთაურობდა.

„აზოვის“ დამფუძნებელთა შორის იყო კიდევ ერთი ქართველი ბახვა ჩიქობავა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაიღუპა. როგორც მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ცხედარი ქალაქშივე, რუსი სამხედროებისთვის „შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული“.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის გარკვევა - არიან თუ არა ქართველი სამხედროები „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ სამხედროებს შორის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან.

საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების მდგომარეობას უწევს მონიტორინგს, მათი ყოფითი პირობების შესახებ კომენტარებს არ იძლევა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG