პოლკ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ის უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ ბრძანებაზე და პოლკის სამომავლოდ მისაღწევ გეგმებზე საუბრობს.
„დიდება უკრაინას, მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების შესახებ.
მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამდით ჩვენთვის მნიშვნელოვან სამ პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლითა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის [პირობით]. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებენ თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას. დიდება უკრაინას!" - ამბობს პროკოპენკო.
პოლკ "აზოვის" მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ დანაყოფის მეთაურები და ის, 19 მაისის მდგომარეობით, ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან.
16 მაისს, როდესაც „აზოვსტალიდან“ სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დაჭრილი სამხედროები გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო სხვა სამხედროები - სოფელ ოლენივკაში და ისინი ტყვეთა გაცვლის მექანიზმებით დაბრუნდებიან უკრაინაში.