„აზოვის“ სახელით გავრცელებული ეს მიმართვა დაემთხვა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისგან მარიუპოლის გათავისუფლების მე-8 წლისთავს, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა მაშინ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფმა „აზოვის“ მოხალისეთა ბატალიონმა.
მაგრამ ამ მოვლენების მე-8 წლისთავზე სრულიად განსხვავებული ვითარებაა - მარიუპოლი რუსეთის არმიის მიერ კვლავ ოკუპირებულია, ხოლო პოლკ „აზოვის“ მებრძოლთა ნაწილი მრავალკვირიანი ალყის შედეგად რუსეთის ჯართან უთანასწორო ბრძოლაში დაეცა, ნაწილი კი იძულებული გახდა, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანების შედეგად დაეყარა იარაღი და დათანხმებოდა რუსეთის ტერიტორიაზე ევაკუაციას.
როგორ აპირებს ამ დანაპირების შესრულებას „აზოვი“ და როგორ მიიღეს ქვედანაყოფის სახელით გავრცელებული მიმართვა ტყვეობაში მყოფი მებრძოლების ჭირისუფლებმა? რადიო თავისუფლება ტელეფონით პოლკ „აზოვის“ ერთ-ერთი მეთაურის დედას დაუკავშირდა.
„ისინი დაბრუნდებიან. აუცილებლად დაბრუნდებიან“
„აზოვი“ ცოცხალია... ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისთვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ "აზოვი" "აზოვსტალის" ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ "აზოვი" ახლა მთელი ქვეყანაა“, - ნათქვამია ქვედანაყოფის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ შეტყობინებაში, რომელიც დღის ერთ-ერთ უმთავრეს ახალ ამბად იქცა უკრაინაში.
მან განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოველების“ ნათესავებში, რომლებიც არ კარგავენ თავიანთი ახლობლების გათავისუფლების იმედს.
„რა თქმა უნდა, ამ მიმართვამ იმედი ჩაგვისახა თავისი პატრიოტიზმით, რადგან ეს არის "აზოვი" და ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. მათ 2014 წელსაც გაათავისუფლეს მარიუპოლი და იმედია, რომ ამჯერადაც გაათავისუფლებენ მას. მაგრამ იქ გასათავისუფლებელი არაფერია. თქვენ ხედავთ, რომ მტერმა ეს ქალაქი უდაბნოდ აქცია, ხედავთ, რომ ყველაფერი მიწასთან გაასწორეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იქ მცხოვრები ადამიანების ტანჯვის ყურება. მე იქ ჩავდიოდი ომამდე, რადგან იქ ჩემი შვილიშვილი დაიბადა. თქვენ იცით, რომ მე კალინას, "აზოვის" მეთაურის მოადგილის, დედა ვარ“, - გვითხრა ლიდია პალამარმა, „აზოვის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის („კალინას“) დედამ.
24 თებერვალს რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიან ომის შემდეგ, პოლკი „აზოვი“, უკრაინის სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად, 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა ქალაქ მარიუპოლს. ბოლო რამდენიმე კვირა კი მარიუპოლის დამცველები ქარხანა „აზოვსტალში“ აღმოჩნდნენ ბლოკირებული. 16-17 მაისს უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მათ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს და ევაკუაციას დათანხმდნენ. ერთ-ერთმა ბოლომ ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ბუნკერი სწორედ სვიატოსლავ პალამარმა დატოვა. მან ევაკუაციამდე მოასწრო დედასთან დარეკვა.
„ჩემი შვილის და მისი თანამებრძოლების შესახებ, გულწრფელად გეუბნებით, არაფერი ვიცი. საქმე ისაა, რომ როდესაც 20 მაისს ბოლო ბრძანება მიიღეს, რომ დაეყარათ იარაღი, გამოსვლის წინ მან დილით დამირეკა და მითხრა, დედა, გარკვეული დროის განმავლობაში ჩემგან ვეღარ მიიღებ შეტყობინებებს, ჩემთან კავშირი ცოტა ხანი აღარ იქნებაო. მეტი არაფერი. მე შევეკითხე: სვიატოსლავ, მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება-მეთქი და მიპასუხა - კი, მიდისო“, - ამბობს ლიდია პალამარი.
ამის შემდეგ ერთადერთი, ვინც რუსეთის ტყვეობიდან კავშირზე გამოვიდა, ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკოა (მეტსახელად „რედისმა“). 23 მაისს პირველად დაურეკა ტელეფონით თავის ცოლს მას შემდეგ, რაც თანამებრძოლების ევაკუაციის შემდეგ მანაც დატოვა ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ტერიტორია და ტყვედ ჩაბარდა.
„მან უცნობი ნომრიდან დარეკა, საუბარი დაახლოებით 30 წამი გაგრძელდა. მკითხა, თუ როგორ ვარ, მე შევეცადე მეკითხა, თავად როგორ არის, მაგრამ კავშირი იყო ძალიან ცუდი“, - აღნიშნა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ეკატერინა პროკოპენკომ, რომელმაც სხვა „აზოველთა“ ცოლებისგან შეიტყო, რომ მათი ქმრები ნორმალურ პირობებში იმყოფებიან და მოუთმენლად ელოდებიან გათავისუფლებას.
„ის ბევრს კითხულობდა ჩერჩილის, ჰიტლერის და სხვა მოღვაწეების შესახებ“
ეს მტკივნეული მოლოდინია. მაგრამ, როგორც ლიდია პალამარმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ის და მის ბედქვეშ მყოფი ადამიანები ცდილობენ, არ მიეცნენ ჭმუნვას. ბევრი, როგორც ლიდია, თავად გახდა მოხალისე და იქით ეხმარება ფრონტს.
„რა თქმა უნდა, ჩვენივე ადგილობრივი მოხალისეები გვეხმარებიან, ყოველთვის გვაკითხავენ და ზრუნავენ ჩვენზე. ამავე დროს, ჩვენც მოქმედი მოხალისეები ვართ. ვქსოვთ სნაიპერების მასხალათებსა და კამუფლირებულ მოსასხამებს, ე.წ. კიკიმორებს. ჩვენი მოხალისეთა რაზმი კულტურის სახლში ვიკრიბებით და ამ საქმეებით ვართ დაკავებული. არ შემიძლია სახლში ჯდომა. რაღაც უნდა ვაკეთო, რომ ცუდი ფიქრებისგან განვიტვირთო. ვიცი, რომ ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენს "კიკიმორებზე" დიდი მოთხოვნაა“, - ამბობს ლიდია პალამარი.
თანაც, რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქალაქ მარიუპოლის გმირი დამცველების ოჯახის წევრები უამრავი ადამიანისგან გრძნობენ მხარდაჭერას.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება, რადგან ბევრი მისი წარმომადგენელი სვიატოსლავის მეგობარია. ყველა გვიცნობს, რადგან ეს პატარა ქალაქია. ჩვენ გვეხმარება - მეგობარიც და ნათესავიც, უცნობიც და ნაცნობიც და ეს გვაძლებინებს, ძალას გვმატებს და იმედს გვისახავს, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები არიან და დაბრუნდებიან. აუცილებლად დაბრუნდებიან“, - დარწმუნებულია ლიდია პალამარი, პოლკ „აზოვის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის („კალინას“) დედა.
რატომ აიღო სვიატოსლავ პალამარმა მეტსახელი „კალინა“, რომლითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო მარიუპოლის ალყის დღეებში?
„ადრე, უკრაინულ სიმღერებში ყოველთვის უმღეროდნენ "კალინას" (ქართულად ძახველი - რედ.) და ვინაიდან "ბერიოზა" (არყის ხე - რედ.) რუსეთის სიმბოლოა, ამიტომ კალინა ითვლება ჩვენს ნაციონალურ სიმბოლოდ და მასზე უამრავი სიმღერაა შექმნილი“, - ამბობს ლიდია პალამარი, რომელიც სიამაყით ლაპარაკობს თავისი შვილის პატრიოტიზმსა და სამშობლოს სიყვარულზე, რაც სვიატოსლავში ბავშვობიდანვე ყალიბდებოდა.
„ჩვენ ლვოვის ოლქის პატარა ქალაქ ნიკოლაევში ვცხოვრობთ, ეს არის ინდუსტრიული ქალაქი, ბევრი დიდი საწარმოთი. ჩემი შვილი იქ გაიზარდა... ის ძალიან ბევრს კითხულობდა, ისტორია მისი უსაყვარლესი საგანი იყო, განსაკუთრებით აინტერესებდა ომების ისტორია, ავსტრიისა და პოლონეთის საომარი კამპანიების მსვლელობა უკრაინის ტერიტორიაზე, რაზეც მას თავისი 95 წლის ბებია უამბობდა. ის ბევრს კითხულობდა ჩერჩილის, ჰიტლერის და სხვა მოღვაწეების შესახებ და ცდილობდა წარმოედგინა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კერპი და როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორედ ისტორია იყო მისი საყვარელი საგანი“, - ამბობს ლიდია პალამარი.
„აზოვის“ ბატალიონი შეიქმნა 2014 წლის მაისში, რამდენიმე კვირაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დონბასში ომის დაწყებიდან, რასაც წინ უსწრებდა ყირიმის მიტაცება.
უკრაინის ცნობილი „აზოვის პოლკი“ ჩამოყალიბდა მემარჯვენე გასამხედროებული ორგანიზაცია „აზოვის ბატალიონიდან“, რომელმაც ომის პირველივე დღეებიდან მოიხვეჭა სახელი.
მოგვიანებით „აზოვი“ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში გაერთიანდა და მისი ექსტრემისტული რიტორიკაც უფრო ზომიერი გახდა, მაგრამ შენაერთმა შეინარჩუნა მძლავრი სამხედრო ძალის რეპუტაცია.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები „აზოვს“ და XX საუკუნის ნაციონალისტ პოლიტიკოსს, სტეპან ბანდერას მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ პროპაგანდისტული მიზნებით, ხშირად ამახინჯებდნენ და აზვიადებდნენ მათ მოსაზრებებს და მოქმედებებს და საქმეს ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს უკრაინაში ნეონაცისტები დომინირებდნენ.
როცა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ გამოაცხადა, მან ამ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზნად დაასახელა „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია და მართალიც რომ იყოს, ვერ გაამართლებს შეჭრას ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მართავს.
ჩემი შვილი არასოდეს დაივიწყებს თავის ქართველ თანამებრძოლებს
„აზოვისა“ და სხვა მოხალისე ბატალიონების მხრებზე, რომლებიც მაშინ სამხედროთა რიგებში არ იყვნენ, გადაიარა მძიმე ბრძოლების დიდმა ნაწილმა 8 წლის წინ დონბასში ომის დაწყებისას, რამაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მარიუპოლის დაკავების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, 2014 წელს, „აზოვი“, ეროვნული გვარდიის დანაყოფის სახით, ოფიციალურად იქცა უკრაინის ეროვნული დაცვის ნაწილად.
და ამ სახელოვანი ქვედანაყოფის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ქართველი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს, ნატოს ეგიდით მიმდინარე კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) პირველ ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფს მეთაურობდა.
„ჩემი შვილი სულ ამბობდა, რომ აუცილებლად წავა საქართველოში, აუცილებლად ნახავს თავის მეგობრებს და არასოდეს არ დაივიწყებს მათ გმირობას. ძალიან ბევრი კარგი გამოხმაურება მსმენია თქვენს თანამემამულეებზე. მაგალითად, მათ ჰყავდათ ქართველი ინსტრუქტორი, გიორგი ქუფარაშვილი. მან მე დამირეკა და მელაპარაკა. ახლა დაჭრილია და რეაბილიტაციას გადის. მან ბევრი რამ ასწავლა ჩვენს ბიჭებს და ისინიც უფრთხილდებოდნენ და პრაქტიკაში იყენებდნენ ამ ცოდნას. თქვენი თანამემამულეების ჩამოსვლა, მათი მხარდაჭერა და თავდადება ამ მძიმე წუთებში, ბევრ რამეს ნიშნავს, ჩვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის“, - ამბობს ლიდია პალამარი.
„აზოვის“ დამფუძნებელთა შორის იყო კიდევ ერთი ქართველი ბახვა ჩიქობავა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაიღუპა. როგორც მისმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ცხედარი ქალაქშივე, რუსი სამხედროებისთვის „შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული“.
„აზოვსტალის“ დამცველთა შორის, პოლკ „აზოვის“ მებრძოლების გარდა, იყვნენ საზღვაო-ფეხოსნები, მესაზღვრეები, პოლიციელები და უკრაინელი მოხალისეები.
6 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაშია „აზოვსტალის“ 2500-ზე მეტი დამცველი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება.
რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გაცვლის საკითხზე მსჯელობა მხოლოდ უკრაინელი სამხედრო ტყვეების გასამართლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
„ყველა საკითხს განვიხილავთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყვედ ჩავარდნილები შესაბამისად გასამართლდებიან და სასჯელი მიესჯებათ. ამის შემდეგ შეიძლება სხვა ნაბიჯების გადადგმა. მანამდე გაცვლაზე ყველანაირი საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა 25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.
ნიშანდობლივია, რომ ზელენსკის განცხადებიდან მეორე დღეს, 8 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ, საგამოძიებო მოქმედებებისთვის ოკუპირებული დონბასიდან რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით და დასძენს, რომ უახლოეს ხანში, რუსეთში გაგზავნიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთ ნაწილს.