უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი "აზოვი", რომელმაც რუსეთის არმიასთან უთანასწორო ბრძოლებში დიდი დანაკარგი განიცადა, აცხადებს, რომ პოლკი ცოცხალია და პირობას დებს, რომ ოკუპანტებისგან ისევე გაათავისუფლებს ქალაქ მარიუპოლს, როგორც ეს 8 წლის წინ გააკეთა.
„აზოვი“ ცოცხალია... ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისთვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ "აზოვი" „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ "აზოვი" ახლა მთელი ქვეყანაა“, - ნათქვამია ქვედანაყოფის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ შეტყობინებაში.
8 წლის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლის ავანგარდში "აზოვი" იყო, პრორუსული ძალებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც ამჟამად რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.
24 თებერვალს რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიან ომის შემდეგ, პოლკი "აზოვი", უკრაინის სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად, 80 დღეზე მეტის ხნის განმავლობაში იცავდა ქალაქ მარიუპოლს. ბოლო რამდენიმე კვირა კი მარიუპოლის დამცველები ქარხანა "აზოვსტალში" აღმოჩნდნენ ბლოკირებული. უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით, მათ უთანასწორო ბრძოლა შეწყვიტეს და ევაკუაციას დათანხმდნენ.
„აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
"აზოვსტალის" დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელებისა და მოხალისეების გარდა, იყვნენ პოლკ "აზოვის" მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს უზენაეს სასამართლოს მიმართა, "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება "აზოვსტალის" დამცველი ორ-ნახევარ ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათი გათავისუფლების საკითხებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოა დაკავებული.