Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე ბრიუსელის გადაწყვეტილება სიმბოლურიცაა და ისტორიულიც


სავსებით შესაფერია, ვიხმაროთ სიტყვები „ისტორიული“ და „სიმბოლური“, როცა ვლაპარაკობთ ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებაზე: 17 ივნისს ევროკომისიამ პირველად გამოაცხადა, რომ ეს ქვეყნები მომავალში ევროკავშირის წევრები შეიძლება გახდნენ.

უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში კომისია კიდევ უფრო შორს წავიდა და მათ რეკომენდაცია გაუწია, რომ ამ ქვეყნებს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ, რაც პირველი ნაბიჯია გაწევრიანების ხანგრძლივ პროცესში.

გადაწყვეტილება „ისტორიულია“, ვინაიდან სანამ რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრებოდა, მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება შეუძლებლად მიიჩნეოდა.

ოთხი თვის წინ ბრიუსელში, ძალაუფლების დერეფნებში, დაგცინებდნენ, წინადადებით რომ გამოსულიყავით, რომ ევროპის კომისიას თუნდაც მოსაზრებები დაეფიქსირებინა ამ სამი ქვეყნის თაობაზე. არაფერი რომ არ ვთქვათ ორი მათგანისთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზებაზე.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ამავე დროს მეტად სიმბოლურია. ის კონკრეტულად არაფერს ნიშნავს, ის უცებ არ შეცვლის ვითარებას ადგილებზე რომელიმე ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ომით გაჩანაგებულ უკრაინაში. დონბასში არ შეწყდება ბომბების წვიმა; სამივე ქვეყანაში ჯერ კიდევ წინაა უზარმაზარი რაოდენობის რთული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები; და კორუფცია ძველებურად ყოვლისმომცველია.

ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელმა ორად გააცალკევა ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ევროპის კომისიის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ, სანამ გაწევრიანების გზას დაადგებოდნენ. მაგრამ საქართველომ ჯერ პირობები უნდა შეასრულოს, სანამ კანდიდატის სტატუსს მიიღებდეს.

მაშინ, როცა ევროკავშირი აღფრთოვანებულია ომში უკრაინის სიმამაცითა და სიმტკიცით და მოლდოვის რეფორმისტული მთავრობით, შეშფოთებას იწვევს ის, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის „პოლიტიკურ უკუსვლად“ აღიქმება. მრავლისმეტყველია, რომ საქართველოსთვის ევროკომისიის პირველი პირობა არის ის, რომ ქვეყანამ გადალახოს პოლიტიკური პოლარიზაცია. სხვა პირობებს შორისაა „სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“ და „უფრო გადამწყვეტი ზომების მიღება თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად.“ ეს პრეტენზიები ბრიუსელს დიდი ხანია, აქვს საქართველოს მიმართ.

ამიტომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნეთა რიგის ბოლოში აღმოჩნდება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად, რომელიც რთული პოლიტიკური სტრუქტურის გამო გაჭირვებით ცდილობს შეასრულოს ბრიუსელის მიერ სამი წლის წინ ფორმულირებული 14 რეკომენდაცია, რათა პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან რეალურ კანდიდატად იქცეს. უკრაინისა და მოლდოვის გარდა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატები არიან ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, სერბეთი და თურქეთი.)

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციაა. ბრიუსელი რეალურ გადაწყვეტილებას მიიღებს 23-24 ივნისს, როცა რეკომენდაცია ევროკავშირის 27-მავე წევრმა უნდა დაამტკიცოს.

და როცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველა თუ არა, უმრავლესობა თანახმაა კანდიდატის სტატუსის თაობაზე, მკაცრი სიმართლე კვლავაც ისაა, რომ გაფართოება არ არის პოპულარული. ერთ წელზე ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი იმასაც კი კითხულობდა, საჭიროა თუ არა სიტყვა „გაფართოების“ გამოყენება, როცა დასავლეთ ბალკანელ კანდიდატებზე იყო საუბარი.

მაგრამ პროცესი ხანგრძლივი და ნელია კანდიდატის სტატუსის შეთავაზების შემთხვევაშიც კი. მონტენეგრო, მოლდოვაზე და უკრაინაზე უფრო პატარა და უფრო მდიდარი ქვეყანა, რომელსაც ამასთან არ უწევს გაყინულ კონფლიქტებთან გამკლავება, 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არის კანდიდატი ქვეყანა. მართალია, პოდგორიცა ნელ-ნელა წინ მიიწევს რეფორმების გზაზე, მაგრამ ძალზე მცირეა იმის ალბათობა, რომ ის მალე მიიღონ. ანდა ავიღოთ თურქეთი, რომელიც 1999 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. ჩვენ შორის დარჩეს - ეს გრძელი ვადები ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ლიდერებს საერთოდ არ ადარდებთ.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ და უკრაინამ - და უფრო ნაკლებად საქართველომ - უნდა იზეიმონ თავიანთი ახალი „ევროპული პერსპექტივები“, რაზე ფიქრიც შეუძლებელი იყო სულ რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ წარმოუდგენლად გრძელი გზაა გასავლელი.

XS
SM
MD
LG