ის, რასაც რუსეთის მხარე გმირობად და თავგანწირვად წარმოადგენს, სინამდვილეში, ბრძოლის მაღალი სტანდარტებით, დიდი სისუსტისა და აუწყობელი სისტემის მანიშნებელია.
5 ივნისს, მათ შორის - რუსულმა და უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს ინფორმაცია კიდევ ერთი გენერალ-მაიორის, იური კუტუზოვის დაღუპვის შესახებ. აშშ-ის სამხედრო დაზვერვა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იუწყებოდა, რომ რუსეთს უკვე, სულ ცოტა, 8 გენერალი დაეღუპა.
Туман-ის დაღუპვა
„[ე.წ. დნრ-ის] 1 საარმიო კორპუსის მეთაური გენერალ-მაირორი რომან კუტუზოვი ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების! დიდება უკრაინას“, - ამ სიტყვებით დაადასტურა რუსი გენერლის სიკვდილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველომ, ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალი კუტუზოვი, ზედმეტსახელად „ნისლი“ (Туман), სეპარატისტების ტელეგრამარხ „Сводки ополчения Новороссии“-ს ინფორმაციით, 5 ივნისს, ლუგანსკის ოლქის პოპასნაიას რაიონის დაბა ნიკოლაევკაში დაიღუპა.
სხვა წყაროებს გენერლის დაღუპვის ადგილად მითითებული აქვთ ლისიჩანსკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს რუსეთის არმიის მიერ 19 აპრილს წამოწყებული ბრძოლა დონბასის დასამორჩილებლად. ამ ეტაპზე ძირითადი ძალისხმევა სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის აღებისკენ არის მიმართული, მაგრამ რუსი სამხედროები მიზანს ვერ აღწევენ.
რუსეთის მედია აღნიშნავს, რომ კუტუზოვი მსახურობდა, მაგალითად, იმიერბაიკალეთის მხარის პესჩანკის სასწავლო ცენტრისა და 29-ე არმიის შტაბის ხელმძღვანელად. დამსახურებად ეთვლება, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ჩიტაში, იმიერბაიკალეთის მხარის გუნერნატორთან ერთად ჩაიბარა „ისტორიული ტანკები (Т-34), რომლებიც რუსეთს ლაოსის ხელისუფლებამ გადასცა“.
გამოცემა „NEXTA“ ტვიტერზე აქვეყნებს რუსეთის სახელმწფო ტელეარხის „НТВ“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც, თავის მხრივ, სამხედრო კორესპონდენტის, ალექსანდრ სლადკოვის მიერ გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა.
ამ ცნობის თანახმად, „კუტუზოვმა სამხედროები შეტევაზე გადაიყვანა და დაიღუპა ბრძოლაში“.
ხოლო საკუთარ ტელეგრამარხზე გავრცელებულ ინფორმაციაში, თავად სლადკოვი რომან კუტუზოვს კარგ ადამიანად მოიხსენიებს და იქვე, გენერლების დაღუპვას რუსეთის შეიარაღებული ძალების ღირსებადაც კი წარმოაჩენს.
„ისინი [უკრაინელები] ცდილობენ მიიღონ კანონი, რათა მეთაურებს უფლება ჰქონდეთ დახვრიტონ ურჩი დაქვემდებარებულები, რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაში ჩართვაზე. ჩვენთან კი - გენერალი დგება და თავად, საკუთარი მაგალითით, მიჰყავს სამხედროები შეტევაზე
... ჩვენი გენერლები გამანადგურებლებით თავად დაფრინავენ, შეტევაზეც გადადიან და იხოცებიან, როგორც ჯარისკაცები. არ მახსენდება ასეთი მაგალითები უკრაინაში“, - წერს ის.
უკრაინაში ჯარისკაცების დახვრეტის შესახებ კანონის მიღება არ დასტურდება; ხოლო სიტყვები, რომლებითაც სლადკოვი თითქოსდა რუსი გენერლების თავგანწირვის დაფასებას ცდილობს, სინამდვილეში ადასტურებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სისტემურ სისუსტეს, რაზეც საერთაშორისო სადაზვერვო წყაროები თუ სამხედრო ექსპერტები ლაპარაკობენ.
რუსეთის მედია აღნიშნავს, რომ კუტუზოვი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაღუპული მეოთხე გენერალია.
მაისში, 2 თვის დაგვიანებით, დადასტურდა მაგალითად, გენერალ-მაიორ ბოტაშევის სიკვდილი.
BBC-ის ცნობით, არ დადასტურდა, სულ ცოტა, ორი გენერლის სიკვდილი, რის შესახებაც მანამდე ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებდა. ამ კონტექსტში სახელდება - მაგომედ ტუშაევი და ანდრეი მორდვიჩევი.
რატომ ეღუპებათ გენერლები?
30 მაისს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსეთი განიცდის „გამანადგურებელ დანაკარგს“, მათ შორის - მაღალი რგოლის ოფიცრებს შორის.
საერთაშორისო ექსპერტები და მედია გენერლების სიკვდილის მთავარ მიზეზებად ასახელებენ შემდეგს:
- დაუცველი საკომუნიკაციო არხებით სარგებლობა - კავშირგაბმულობის სუსტი უზრუნველყოფის გამო;
- ფრონტის ხაზთან ახლოს გენერლების ყოფნის აუცილებლობა - აუწყობელი სამეთაურო სისტემისა და რუსი სამხედროების სუსტი მორალური სულისკვეთების გამო.
10 მაისს, სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ ბარიერმა განაცხადა, რომ რუსი გენერლების დაღუპვას იწვევს სუსტი სუბორდინაცია, რომლითაც უკრაინაში შეჭრის პროცესი ხასიათდება.
მან ასევე განმარტა, რომ სერჟანტებისა და დაბალი რგოლის ოფიცრების ნაკლებობამ შექმნა პრობლემა, რის გამოც მაღალი რანგის სამხედროები იძულებული ხდებიან, რომ ფრონტის წინა ხაზზე გავიდნენ, რასაც არ ითვალისწინებს ნატოს სტანდარტები.
„ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფის მეთაური იღებს ამოცანას - რა არის გასაკეთებელი და რა დროისთვის... ხოლო როგორ უნდა გააკეთოს - მისი გადასაწყვეტი უნდა იყოს... ასეა ნატოს სტანდარტებით... მაგრამ რუსული შეიარაღებული ძალები დამოუკიდებელი მოქმედებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ“, - განმარტა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას.
მისი შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედროებს ძალიან აჩქარებს, რათა სწრაფად შეასრულონ დასახული ამოცანები; მაგრამ ეს "სწრაფად, სწრაფად, სწრაფად" - ცუდად მოქმედებს შედეგზე.
სამხედრო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საშუალო და მაღალი რგოლის ოფიცრების მასშტაბური დანაკარგი რუსეთის არმიას ახალ პრობლემებს დაუმატებს და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც რუსეთი შენაერთების ნარჩენებიდან აკომპლექტებს, თანდათან, მეთაურების ნაკლებობის გამო, სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იქნება.
გენერლების დაღუპვა დასახელდა ერთ-ერთ არგუმენტად, როცა მაისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეზღუდვის შესახებ.
შეერთებული შტატები უკრაინას რეალურ დროში გადასცემს ინფორმაციას, მათ შორის, სატელიტურ სურათებს რუსული ჯარების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ.
სხვა სამი აღიარებული სიკვდილი
რომან კუტუზოვის დაღუპვამდე, რუსეთის ხელისუფლებამ თუ მედიამ დაადასტურა ცნობები კიდევ სამი გენერალ-მაიორის დაღუპვის შესახებ.
ანდრეი სუხოვეცკი
გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი 28 თებერვალს დაიღუპა. სხვადასხვა წყარო მისი სიკვდილის ადგილად მარიუპოლს და ჰოსტომელს ასახელებს.
ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილეს მიღებული ჰქონდა მონაწილეობა რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში სირიაში და უკრაინაში, ყირიმის დაპყრობის დროს.
რუსული წყაროები იტყობინებიან ასევე, რომ სუხოვეცკი სამხედრო აკადემიის დასრულებამდე, 2008 წელს, მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში სამხრეთ ოსეთში და მანამდე - 1990-იან წლებში - აფხაზეთში.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ მისი სიკვდილი 3 მარტს დაადასტურეს.
ვლადიმირ ფროლოვი
16 აპრილს სანქტ-პეტერბურგში დაკრძალეს მე-8 არმიის სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ფროლოვი და ამ დღეს დადასტურდა მისი სიკვდილიც.
რუსეთის მედიის ინფორმაციით, ის დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა; თუმცა როდის და რა ვითარებაში - უცნობია.
რუსეთის მედიის ინფორმაციით, მე-8 არმიის დანაყოფები მონაწილეობდნენ ქალაქ მარიუპოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების შტურმში.
კანამატ ბოტაშევი
რუსული წყაროების მიერ 24 მაისს დადასტურდა 22 მარტს გავრცელებული ცნობა 63 წლის გადამდგარი გენერალ-მაიორის, კანამატ ბოტაშევის დაღუპვის შესახებ. ის დაიღუპა Су-25-ის ჩამოგდების შედეგად, როცა ეკიპაჟმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ 63 წლის გენერალ-მაიორის მიერ შესრულებული ფრენა კადრების უდიდეს დეფიციტზე მიანიშნებს და არა მხოლოდ ასაკის გამო.
ბოტაშევი მანამდე გასამართლებული იყო მეგობრისგან ნათხოვარი, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავის (Су-27) დამტვრევისთვის, 2012 წელს, როცა კრახით დასრულდა მის მიერ ცაში უმაღლესი ოსტატობის ჩვენების მცდელობა. მაშინ არავინ დაღუპულა, მაგრამ ბოტაშევს სასამართლომ 4-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა და 5 მილიონი რუბლის ჯარიმაც დააკისრა.
ბიბისი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოტაშევის რანგის მფრინავის მომზადებას 10-12 წელიწადი და 8 მილიონი დოლარი ესაჭიროება. სასამართლოს შემდეგ ბოტაშევმა დატოვა შეიარაღებული ძალები.