Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: უკრაინაში დაიღუპა გენერლის წოდების მქონე რუსი მფრინავი


უკრაინაში ჩამოგდებული რუსული Su-25. 21 აპრილის ფოტო.
უკრაინაში ჩამოგდებული რუსული Su-25. 21 აპრილის ფოტო.

უკრაინის ცაში დაიღუპა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი (ამჟამად ამ სახეობის ჯარებს სამხედრო-კოსმოსური ძალები ეწოდება). ამის შესახებ BBC იტყობინება 24 მაისს. მფრინავის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ბოტაშევის სიკვდილი.

22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქში ჩამოაგდეს რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავი Su-25. პილოტმა ვერ მოასწრო კატაპულტირება, ნათქვამია ცნობაში. რუსულ სოცქსელებში მალე გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავს მართავდა გენერალი ბოტაშევი.

როგორც BBC წერს, ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის მფრინავია, რომლის სიკვდილის შესახებაც არის ცნობილი. გადადგომამდე ის საავიაციო პოლკს ხელმძღვანელობდა. როგორ აღმოჩნდა 63 წლის გადამდგარი გენერალი Su-25-ის საჭესთან უკრაინაში, უცნობია. ბოტაშევის ყოფილი ხელქვეითები ვარაუდობენ, რომ „მას უბრალოდ არ შეეძლო განზე დარჩენილიყო“. ცნობილია, რომ გადამდგარ ოფიცრებს ომში მონაწილეობისთვის იწვევენ სამხედრო კომისარიატებისა და კერძო სამხედრო კომპანიების მეშვეობით.

BBC იტყობინება, რომ მისთვის ცნობილია უკრაინაში დაღუპული მინიმუმ 31 რუსი სამხედრო მფრინავის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თითქმის მთლიანად განადგურებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვა და სამხედრო-საჰაერო ძალები, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები კვლავაც მიიჩნევენ, რომ რუსეთს ჯერაც არა აქვს სრული კონტროლი ჰაერში. უკრაინას კვლავაც მოეპოვება საჰაერო თავდაცვა, ასევე მრავალრიცხოვანი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. უკრაინის თქმით, დღემდე ჩამოგდებულია რუსეთის 204 საბრძოლო თვითმფრინავი, ღია წყაროების მიხედვით შესაძლებელია 20-მდე თვითმფრინავის დაღუპვის დადასტურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ამ რიცხვებზე.

XS
SM
MD
LG