Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შეზღუდა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა რუსეთის სამხედრო მეთაურებზე


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი

აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გზამკვლევი შეიმუშავა. როგორც Washington Post-ი იუწყება, ახალი ინსტრუქცია მიღებულია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების შემდგომი გამწვავების თავიდან აცილების მიზნით.

დოკუმენტი აკრძალვებს აწესებს ორი ტიპის ინფორმაციაზე, რომლებიც აშშ-ის დაზვერვას შეუძლია გაუზიაროს უკრაინას. პირველი აკრძალვა ეხება ინფორმაციას, რომელიც უკრაინელ სამხედროებს რუსეთის უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლების განადგურებაში დაეხმარება. მათ განეკუთვნებიან ასევე თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

მეორე აკრძალვა დაწესებულია ინფორმაციაზე, რომელიც უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსულ ობიექტებზე თავდასხმას შეუწყობს ხელს. ეს წესი შემოიღეს იმის შიშით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შეერთებული შტატები ასეთი თავდასხმების მონაწილედ მიიჩნიოს. ამის შესახებ ამერიკულ გამოცემას, ანონიმურობის დაცვით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აცნობეს.

მანამდე ამერიკულმა მედიამ, დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ინფორმაცია, რასაც შეეძლო გამოეწვია რამდენიმე რუსი გენერლის სიკვდილი, ასევე კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა.


5 მაისს, გამოცემა New York Times-ი წერდა, რომ უკრაინის არმიას აშშ-ისგან მიღებული სადაზვერვო მონაცემები დაეხმარა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსი გენერლის ადგილსამყოფლის დადგენასა და მათ განადგურებაში.

ამჟამად შეერთებული შტატები უკრაინას რეალურ დროში გადასცემს ინფორმაციას, მათ შორის სატელიტურ სურათებს რუსული ჯარების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ. შეერთებული შტატები ასევე აწვდის კიევს სამხედრო ტექნიკას: მძიმე არტილერიას, თვითმფრინავებს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

XS
SM
MD
LG