Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს მიმართავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 მაისს


შვეიცარიაში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება

დღეს, 23 მაისს შვეიცარიის ქალაქ დავოსში იწყება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით გაიხსნება.

წელს ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს რუსული ბიზნეს- და პოლიტიკური ელიტა. ეკონომიკურ ფორუმს გააცდენს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

დავოსში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ღარიბაშვილი ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზეც გამოვა სიტყვით.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატი: "ფაქტებს ვერ იხსენებს "

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის ადვოკატი, სულხან კომახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს მომხდარს.

„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას. შევხვდი მას [დაკავებულს] და ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა, ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს“, - თქვა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა მოკლა.

წაიკითხე მეტი.

ვითარება უკრაინაში: რუსული არმიის მობილიზაცია სევეროდონეცკთან

რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში, სევეროდონეცკის ტერიტორიაზე იერიშის მხარდასაჭერად აამოქმედა თავისი ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც შეიარაღებაში აქვს ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანები - „ტერმინატორები“. ამის თაობაზე ბრიტანეთის დაზვერვის ცნობას აქვეყნებს მისივე თავდაცვის სამინისტრო.

ამ ჯგუფის სევეროდონეცკის არეალში ყოფნა შეიძლება ნიშნავდეს იქ ჯარების ცენტრალური ჯგუფის მოქმედებას.

გუშინ რუსეთის არმიამ ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული ხიდი გაანადგურა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.
მისი განცხადებით, ეს „ძალიან გაართულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ევაკუაციას“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ერდოანმა პირობები გამოუცხადა შვედეთსა და ფინეთს ნატოში წევრობის მხარდაჭერისთვის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თავისი პირობები წარუდგინა შვედეთსა და ფინეთს, თუ სურთ, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს ნატოში მათი გაწევრიანების დროს.

ერდოანი ითხოვს, რომ ორმა სახელმწიფომ შეწყვიტოს იმ "ტერორისტული" ჯგუფების ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის უშიშროებას.

ერდოანმა 21 მაისს ტელეფონით ცალ-ცალკე ისაუბრა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან. მან უთხრა ანდერსონს, რომ სტოკჰოლმმა უნდა შეწყვიტოს ტერორისტული ჯგუფების „პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა“, ნათქვამია ერდოანის ოფისის განცხადებაში.

ნატოს ხანგრძლივი წევრი თურქეთი განსაკუთრებით აკრიტიკებდა შვედეთს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) მიმართ დამოკიდებულებისათვის. პარტიას თურქეთი და მისი დასავლელი მოკავშირეები ტერორისტულ ჯგუფად თვლიან. კრიტიკულია ერდოანი შვედეთის მიმართ ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისადმი მხარდაჭერის გამო. ანკარა მათ აკისრებს პასუხისმგებლობას 2016 წლის გადატრიალების მცდელობისთვის.

წაიკითხე მეტი.

„ჩადეს მიწაში, ამოიღეს, თათხეს, აგინეს“ - როგორ ვერ იგებენ საბავშვო ლექსებს მშობლები

„ქისა, ქისა, ბარაქისა,
თქმა ვინ იცის არაკისა?
ცაში გალობს კურდღელი,
ხოჭოს ადგას უღელი.
ხეზე დახტის იხვი,
ნიჩბებს უსვამს ციყვი.
წიგნს კითხულობს კალმახი,
არ სჭირდება კარნახი!“

ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წონიანი ავტორის, მაყვალა მრევლიშვილის (1909-1992) ეს ლექსი სოციალურ ქსელებში ცხარე კამათის საგანი პერიოდულად ხდება.
იმავე ავტორის ლექსებზე „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ, პატარავ“, თაობებია გაზრდილი, მაგრამ...

„ჯერ ხომ არ იცოდნენ, მაყვალა მრევლიშვილი ვინ იყო. ჩადეს მიწაში, ამოიღეს, თათხეს, აგინეს. ვიღაც ქალი მოითხოვდა, გამოვიდეს და პასუხი გაგვცესო. ძალიან მომეშალა ნერვები და ორი კვირა როგორც სამსახურში ისე ვიმუშავე. ბმულიდან ბმულზე გადავდიოდი და ათასობით კომენტარში მაყვალა მრევლიშვილის ბიოგრაფიას ვდებდი. ვიღაცებმა მერე მართლაც წაშალეს თავისი კომენტარები“, - იხსენებს საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე.

რის გამო იწუნებენ მშობლები საბავშვო ლექსებს და რატომ თვლიან ავტორები, რომ ზრდასრული მკითხველები მათ ლექსებს ვერ იგებენ?

წაიკითხე ვრცლად თეა თოფურიას სტატიაში.

რეზი, ლექსო და სერგი ახალგაზრდა კულტურისტები არიან, რომლებმაც 28 მაისს საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ღია ჩემპიონატზე უნდა სცადონ ბედი.

ბოდიბილდერების ყოველდღიურობა შეჯიბრების წინ.

დიეტა, ვარჯიში, დიეტა ... და იშვიათად დასვენებაც.

რა სტილით და როგორი რეჟიმით ცხოვრობენ ბოდიბილდერები საქართველოში?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG