Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი კირილე ევროკავშირის სანქციების სიაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 მაისს


რუსეთის პატრიარქი, „მარიუპოლის ჯალათი“ და სხვები ევროკავშირის სანქცირებულთა განახლებულ სიაში

ევროკავშირი რუსეთზე სანქციებით ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროპარლამენტს უკვე წარედგინა სანქციების მეექვსე პაკეტი - 4 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს წარუდგინა წინადადება, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის და წლის ბოლომდე - ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამჯერად სანქცირებულთა სიაში „ბუჩისა და მარიუპოლის“ ჯალათების გარდა ნახავთ რუსეთის პატრიარქ კირილესაც. ის პუტინის დიდი ხნის მოკავშირე და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამართული ქადაგების დროს მან ოფიციალურად დაუჭირა მხარი რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამშვიდობო ოპერაციას და დალოცა უკრაინაში რუსული სამყაროსა და „წმინდა რუსეთისთვის“ მებრძოლი რუსი ჯარისკაცები.

სიაში იპოვით არაერთი რუსი სამხედროს გვარსაც, რომელიც მონაწილეობას იღებდა, წამებაში, მკვლელობასა და გაუპატიურებაში უკრაინის ტერიტორიაზე.

სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

“გაზში გადახდილი ჩვენი ევროებით აშენდა რუსეთის გაუმაძღრად მდიდარი სამეფო”- ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

„დასავლეთის ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, და მათთვის ეს დილემად იქცა - ამ გაზის ონკანს ან ჩართულს ვტოვებთ და რუსეთისთვის ევროების გადახდას ვაგრძელებთ, ან ვკეტავთ და... გვცივა ზამთარში. პასუხი? მე ვიტყოდი, რომ დიახ, ზოგჯერ შეიძლება შეგცივდეს კიდეც.

განსაკუთრებით, თუ ამას შეადარებ იმ ტანჯვას, რომლის გადატანაც დღეს უკრაინელ ხალხს უწევს. ყველამ რაღაც უნდა გავიღოთ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი შეფასებით, რუსეთმა წითელი ხაზი გადაკვეთა სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმით. შეკითხვაზე, იყო თუ არა წითელი ხაზი გადაკვეთილი 2008 წლის ომით, ტინი კოქსი ამბობს, რომ მაშინ სხვა მოცემულობა იყო. ის ჰაიდი ტალიავინის ანგარიშს იშველიებს და ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, „პრევენციული დარტყმით“.

„როგორც კი ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, რუსებმა ჯარი როკის გვირაბს მოაყენეს, იმიტომ, რომ ამას ელოდებოდნენ. მაშინ რუსეთს გარკვეული „არგუმენტი“ ჰქონდა: „იქ მშვიდობისმყოფელები გვყავს, მათ ახლა ბომბავენ და ჩვენი ვალია, ისინი დავიცვათ“. ეს კარგი „ალიბი“ იყო და ასეთადვე დარჩებოდა, თავად რუსები რომ არ გამოცდენილიყვნენ სამხრეთ ოსეთს“, - ამბობს ტინი კოქსი.

როგორ წარმოუდგენია უკრაინაში ომის დასასრული? რამ შეიძლება უკან დაახევინოს პუტინს? ხომ არ იყო დაგვიანებული რუსეთის გაძევება ევროსაბჭოდან? ამ და სხვა კითხვებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პასუხები წაიკითხე ვაჟა თავბერიძის ინტერვიუში.

ვითარება უკრაინაში: „აზოვსტალს“ შეფარებულები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნისკენ წითელი ჯვრისა და გაეროს ჰუმანიტარული ავტომობილები გაემართნენ იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით. „აზოვსტალში“ ბოლო ორი დღეა სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს.

მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უკრაინელ სამხედროებთან ერთად, რომელთა შორის რამდენიმე ასეული დაჭრილია, რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ისინი ორ თვეზე მეტია თავს აფარებენ კომბინატის გვირაბებს. უცნობია, რამდენი სამოქალაქო პირი იმყოფება ამჟამად "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელი სამხედროებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ლიფტში განცხადებაა გამოკრული: უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმროს ტერიტორია უნდა დატოვონ

ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრებ უკრაინიდან ლტოლვილებს სასტუმროს მენეჯმენტმა, რამდენიმე დღეში საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა.

ლარისა ვაკულენკო, ხარკოვში მასწავლებელი იყო. ახლა შვილთან ერთად „თანამგზავრის“ ერთ-ერთ ნომერში ცხოვრობს. ამბობს, რომ ორი დღის წინ სასტუმროს ადმინისტრაციიდან დაურეკეს და ნომრის დაცლა მოსთხოვეს. შემდეგ განცხადება სასტუმროს ლიფტშიც გამოაკრეს. სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრები უკრაინის 80-მდე მოქალაქე, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები ღია ცის ქვეშ ვრჩებითო, გვეუბნება ლარისა.

„ახლა არ ვიცით, სად წავიდეთ. აი, წვიმა მოდის. ვეძებთ, სად უნდა წავიდეთ?! ფასები ყველგან მაღალია, 500 და 400 დოლარს ითხოვენ ერთოთახიან ბინაში. ჩვენ სად გვაქვს ასეთი თანხა? ლიფტში განცხადებაა გამოკრული, რომ უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმროს ტერიტორია უნდა დატოვონ. ბოლო დღეა 6 მაისი 12 საათამდე. მიზეზი არავის აუხსნია“.

ვრცლად წაიკითხე ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

ევროპარლამენტი ითხოვს მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ევროპის პარლამენტმა 5 მაისს განიხილა და მიიღო მოლდოვის თაობაზე რეზოლუცია, რომლის ტექსტი სრულად უჭერს მხარს კიშინიოვის განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, მოლდოვას მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“.

ევროპარლამენტი ევროპის კომისიას მოუწოდებს, „რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს შეფასება და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს მოლდოვას“.

ამავე დროს, ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეჭვგარეშეა, მოლდოვის ხელისუფლება სწორ გზას ადგას, მათ გაატარეს საკვანძო რეფორმები, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში“.

წაიკითხე მეტი.

ლუკაშენკას თქმით, ის არ მოელოდა, რომ უკრაინაში რუსეთის „ოპერაცია“ გაჭიანურდებოდა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ის არ მოელოდა, რომ უკრაინაში რუსეთის „ოპერაცია“ გაჭიანურდებოდა. ამის შესახებ მან ხუთშაბათს განაცხადა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ვგრძნობ, რომ ეს ოპერაცია გაჭიანურდა“, თქვა ლუკაშენკამ მინსკში ჩაწერილი საუბრისას. ამავე დროს, მან თქვა, რომ არ იცის, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის თუ არა, როგორც ამას რუსეთი ამბობს, ვინაიდან ის „არასაკმარისად არის თემაში ჩაღრმავებული“. ლუკაშენკა აღნიშნავს, რომ თვითონ ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად.

წაიკითხე მეტი.

ვლადიმირ პუტინმა ისრაელს ბოდიში მოუხადა ჰოლოკოსტზე სერგეი ლავროვის გამონათქვამებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვებისთვის ებრაელების ანტისემიტიზმზე. ამის შესახებ ბენეტის კანცელარია იტყობინება.

„პრემიერ-მინისტრმა მიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის სიტყვებისთვის და მადლობა გადაუხადა მას განმარტებისთვის პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, ნათქვამია მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ცნობაში.

კრემლის საიტზე რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბოდიშის თაობაზე ინფორმაცია არ არის. იქ ნათქვამია, რომ პუტინმა ბენეტს მიულოცა ისრაელის დამოუკიდებლობის დღე და ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე, კერძოდ, მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციაზე.

წაიკითხე მეტი.

„გარდაუვალი იქნება ახალი დანაკარგები" - რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ერევანში პროტესტი არ ცხრება. „სომხეთი ნიკოლის გარეშე”, „ფაშინიანმა გაყიდა სომხეთი“ - ასეთი შეძახილები მეორე კვირაა ისმის და ოპოზიცია, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომას დაჟინებით ითხოვს.

ნიკოლ ფაშინიანს ოპონენტები სომხეთის ინტერესების ღალატსა და ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან წამგებიანი გარიგების დადებაში სდებენ ბრალს. ექსპერტების შეფასებით, ვითარება სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სომხეთში მაღალი რეიტინგით არ გამოირჩევა.

უსაფრთხოების კუთხით, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, მთავარი აქცენტი ისევ რუსეთის მიერ ზეგავლენების შენარჩუნების მცდელობაზე კეთდება.

რა ხდება სომხეთში და რა შეიძლება შეცვალოს კვლავაც სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო? გაიგე ლელა კუნჭულიას სტატიიდან.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG