უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რუსეთის განცხადებით, მისი არმიის კონტროლქვეშაა, გახსნეს ძეგლი - ბებია საბჭოთა კავშირის დროშით.
როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, 4 მაისს მარიუპოლში ჩავიდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, პარტია „ედინაია როსია“-ს გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაური დენის პუშილინი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ძეგლის გახსნაში.
ძეგლის ფოტოები კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. მათ შორის "რია-ნოვოსტიმ" ტექსტით: "მარიუპოლში გაჩნდა ბებიის ძეგლი, რომელიც ბოევიკებთან საბჭოთა კავშირის დროშით გავიდა". პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო "ბოევიკებში" უკრაინელ სამხედროებს გულისხმობს.
პარტია „ედინაია როსია“-ს გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული შეტყობინების მიხედვით, მარიუპოლის „ლენინური კომკავშირის მოედანზე“ ძეგლი დაუდგამთ ბებია ანასთვის, რომელიც „არ შეუშინდა უკროფაშისტებს და დაიცვა წითელი დროშა, რომლითაც მისი მშობლები იბრძოდნენ“.
მარიუპოლში ამ ძეგლის გახსნას გროტესკი უწოდა ქალაქის ლეგიტიმური მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ. ის ტელეგრამზე წერს, რომ „რუსეთში მარიუპოლის ინტეგრაციის კურატორებს“, კირიენკოს და ტურჩაკს თან ახლდნენ კოლაბორაციონისტები - მარიუპოლის ფსევდო მერი ივაშჩენკო და თემის ფსევდო მდივანი ხარმიშევი.
ანდრიუშჩენკო აღნიშნავს, რომ ძეგლი დადგეს გამათავისუფლებელი მეომრების მოედანზე, რომელსაც ჯიუტად უწოდებენ „ლენინური კომკავშირის მოედანს“. მარიუპოლის ლეგიტიური მერის მრჩევლის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ტურჩაკმა აღიარა, რომ უკრაინასთან ომი 8 წელია გრძელდება და კიდევ ერთხელ დააანონსა 9 მაისს, მარიუპოლში აღლუმის ჩატარება.
4 მაისს, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკო მარიუპოლში ჩავიდა, 9 მაისს "გამარჯვების აღლუმის" ორგანიზების მიზნით.
4 მაისს, ბოლო ორ კვირაში მეორედ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლქვეშაა. შოიგუს სიტყვებით, „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ცხოვრება ეწყობა, მათ შორის, აზოვის ზღვაზე უმსხვილეს სამრეწველო და სატრანსპორტო კვანძზე, მარიუპოლზე, რომელიც რუსული არმიის კონტროლქვეშაა“.
უკრაინის ხელისუფლების და მარიუპოლის დამცველი სამხედროების ინფორმაციით, 3 მაისიდან რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა დაიწყეს ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს არა შტურმს, არამედ "საცეცხლე წერტილებზე უკრაინელი სამხედროების გასვლის მცდელობის აღკვეთას".
მარიუპოლის და "აზოვსტალის" დამცველი პოლკის, „აზოვის“ მეთაურმა დენის პროკოპენკომ წუხელ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ მეორე დღეა მოწინააღმდეგე შეიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა. პროკოპენკოს განცხადებით, ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად.
რუსეთის არმიამ ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, მარტის დასაწყისში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.