უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სთხოვა დახმარება მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან დაჭრილების ევაკუაციაში. ზელენსკის და გუტერეშის სატელეფონო საუბარი 4 მაისს გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ გუტერეშს მადლობა გადაუხადა „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და აცნობა, რომ პირველ ეტაპზე, „აზოვსტალიდან“ წარმატებით გაიყვანეს 121 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტმა გაეროსთან ერთად მადლობა გადაუხადა ევაკუაციის პროცესში ჩართულ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“.
მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი 1-2 მაისს მიმდინარეობდა. 4 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მარიუპოლიდან და ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან ზაპოროჟიეში ჩაიყვანეს კიდევ 344 ადამიანი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალში“ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება 5, 6 და 7 მაისსაც, 08:00-დან 18:00 საათამდე. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
უკრაინის ხელისუფლების და მარიუპოლის დამცველი სამხედროების ინფორმაციით, ორი დღეა რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა დაიწყეს ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს არა შტურმს, არამედ "საცეცხლე წერტილებზე უკრაინელი სამხედროების გასვლის მცდელობის აღკვეთას".
მარიუპოლის და "აზოვსტალის" დამცველი პოლკის, „აზოვის“ მეთაურმა დენის პროკოპენკომ წუხელ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ მეორე დღეა მოწინააღმდეგე შეიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა. პროკოპენკოს განცხადებით, ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად.
მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უკრაინელ სამხედროებთან ერთად, რომელთა შორის რამდენიმე ასეული დაჭრილია, რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ისინი ორ თვეზე მეტია თავს აფარებენ კომბინატის გვირაბებს. უცნობია, რამდენი სამოქალაქო პირი იმყოფება ამჟამად "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელი სამხედროებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.
რუსეთის არმიას დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში ჰყავს მარტის დასაწყისიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია.