Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ: მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლქვეშაა


მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორია. 2022 წლის 19 აპრილი
მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორია. 2022 წლის 19 აპრილი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ისევ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლქვეშაა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები წერენ, დღეს, 4 მაისს თავდაცვის სამინისტროს „სელექტორულ თათბირზე“ შოიგუმ თქვა, რომ „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ცხოვრება ეწყობა, მათ შორის, აზოვის ზღვაზე უმსხვილეს სამრეწველო და სატრანსპორტო კვანძზე, მარიუპოლზე, რომელიც რუსული არმიის კონტროლქვეშაა“.

შოიგუს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და ამ ეტაპზე „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სახალხო მილიციასთან ერთად აფართოებენ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს ისიც თქვა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებული „ნაციონალისტები“ ისევ უარს ამბობენ იარაღის დაყრასა და დანებებაზე, თუმცა, რუსეთი „ამ მცდელობებს განაგრძობს“. შოიგუს მტკიცებით, უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონაში მყოფი „ბოევიკების ნარჩენები საიმედოდ არიან ბლოკირებული ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს 21 აპრილსაც მოახსენა, რომ მარიუპოლი გაათავისუფლეს და ქალაქი რუსული არმიის კონტროლქვეშაა. ეს უარყო უკრაინის ხელისუფლებამ.

3 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა "აზოვსტალზე" განაახლეს სახმელეთო შტურმი, რასაც წინ უძღოდა ჰაერიდან რამდენიმესაათიანი დაბომბვა. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" აცნობა მარიუპოლის და "აზოვსტალის" დამცველი პოლკის, "აზოვის" მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა. მარიუპოლის დამცველებმა "უკრაინსკა პრავდას" გადასცეს მათი განცხადება იმის შესახებ, რომ სიტუაცია ძალიან რთულია და უკრაინის პრეზიდენტისგან მკვეთრ მოქმედებებს ელოდებიან. "აზოვსტალზე" შტურმის განახლება დაადასტურა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა მიხაილ ვერშინინმაც.

3 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მხარის მიერ გამოცხადებული "სიჩუმის რეჟიმით" ისარგებლეს და საცეცხლე პოზიციებზე გავიდნენ, ამიტომ რუსეთის არმიამ არტილერიის და ავიაციის გამოყენებით დაიწყო ამ პოზიციების განადგურება.

1 მაისს, გაეროს და "წითელი ჯვრის" მონაწილეობით, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან გაიყვანეს 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ მეტალურგიული კომბინატის გვირაბებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე რჩება რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთის არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია.

XS
SM
MD
LG