რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და მისი გაუქმება უბრძანა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. "არის!" - პასუხობს შოიგუ მისი და პუტინის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებით დღეს, 21 აპრილს გავრცელდა.
"ეს არის შემთხვევა, როცა უნდა ვიფიქროთ - ანუ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს - ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ჩაძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებზე მიწისქვეშ ხოხვა. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზმაც ვერ გაიფრინოს", - ეუბნება პუტინი შოიგუს და ავალებს, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფთ კიდევ ერთხელ შესთავაზონ იარაღის დაყრა და დანებება.
პუტინის მტკიცებით, სიცოცხლის შენარჩუნების და ღირსეული მოპყრობის გარანტია ექნებათ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც „აზოვსტალს" დატოვებენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ "რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს".
როგორც შოიგუმ თქვა, "მთელი მარიუპოლი რუსული არმიის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის კონტროლქვეშაა, ქარხანა აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი ნაციონალისტების და უცხოელი დაქირავებულების ნარჩენები კი, საიმედოდაა დაბლოკილი".
მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა. ქარხნის მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.