Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯვებას ულოცავენ არა მხოლოდ მაკრონს, მთელ ევროპას


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

20 წლის შემდეგი პირველი, ვინც მეორე ვადით აირჩიეს, ამას მიესალმნენ და ბევრმა მიულოცა

მაკრონი პირველი პოლიტიკოსია, რომელიც 2002 წლის შემდეგ მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. ოცი წლის წინ ჟაკ შირაკი დაამტკიცეს მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე. მაკრონმა მიიმხრო მოქალაქეთა 58 პროცენტზე მეტი, ხოლო ლე პენს მხარი დაუჭირა 41 პროცენტზე მეტმა, რაც საუკეთესო შედეგია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისთვის.

მას მიულოცეს ევროკომიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის სახელმწიფოთა მეთაურებმა, იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ „ევროპისთვის შესანიშნავი ახალი ამბავი“ უწოდა მაკრონის გამარჯვებას.

კრიტიკული პოზიცია გამოთქვა ევროკავშირის პარლამენტში სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, მანფრედ ვებერმა, რომლის აზრით, მაკრონის პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში პოპულისტები და ექსტრემისტები დღემდე არნახულად გაძლიერდნენ.

ფრანგულ-გერმანული მეგობრობის გაგრძელების შესაძლებლობამ გაახარა გერმანელი მემარცხენეები, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე, ზასკია ესკენი ისე იყო გახარებული, რომ „ვცეკვავო“, გამოაცხადა, ხოლო მისი კოლეგა, მწვანეთა თავმჯდომარე, რიკარდა ლანგი მაკრონის კვლავ არჩევას პრეზიდენტად მნიშვნელოვნად თვლის უკრაინაში ომის გამო: „ახლა შეგვიძლია კვლავ ვიმუშაოთ ერთად ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის; და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ პუტინის მეგობრები და მემარჯვენე ექსტრემისტები როგორიც ლე პენია, სამთავრობო ხელისუფლებასთან ისე ახლოს ვერ მივიდნენ, როგორც ეს დღეს მოხდა საფრანგეთში“.

მის მეტოქეს მეორე ტურში, ულტრანაციონალისტს, „ნაციონალური შეკრების“ ლიდერს, მარინ ლე პენსაც მიულოცეს, ალბათ შედეგის ზრდა. მიულოცა მას გერმანიიდან მემარჯვენე-პოპულისტურმა პოლიტიკოსმა, ტინო ხრუპალამ, რომელიც პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარეობს. ხრუპალა თვლის, რომ ლე პენმა - „ძლიერ შედეგს მიაღწია“, ხოლო მაკრონმა „მოჩვენებითი გამარჯვება მოიპოვა“.

მაკრონი მხარდამჭერებთან ერთად. პარიზი, 24 აპრილი, 2022 წ.
მაკრონი მხარდამჭერებთან ერთად. პარიზი, 24 აპრილი, 2022 წ.

მაკრონმა იცის, ვინ და რატომ აირჩია

მაკრონმა თვითონაც აღიარა, მას მიემხრნენ არა მხოლოდ იდეების გამო, არამედ იმ მოტივით, რომ მარჯვნივ სვლა შეჩერებულიყო. ამ ადამიანების მიმართ, ვინც ის ამისთვის აირჩია, ის ასევე გრძნობს თავს ვალდებულად, თქვა მაკრონმა ეიფელის კოშკთან გამოსვლისას და მარინ ლე პენის მომხრეთა ბრაზსაც უნდა ვუპასუხოო, განაცხადა. საფრანგეთის კვლავ არჩეული პრეზიდენტი ფიქრობს მათზეც, ვინც საერთოდ არ მივიდა საარჩევნო უბნებში. ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე ფრანგების 72-მა პროცენტმა მიიღო, რაც ხუთი წლის წინანდელ შედეგზე ნაკლებია. რაც აღსანიშნავია, ამ გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ მომავალ ხუთ წელიწადში ის უბრალოდ თავისი მოვალეობების და უფლებამოსილებების შესრულებას კი არ გააგრძელებს, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება.

პრემიერ კასტექსის მალე გადადგომა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ადრევე თქვა, რომ თუ მაკრონი გაიმარჯვებდა, გადადგებოდა. მაკრონს სურს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვის პოლიტიკაზე იყოს პასუხისმგებელი, რადგან პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდში მის მიმართ ისმოდა კრიტიკა, რომ გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროს სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო.

მარინ ლე პენი
მარინ ლე პენი

ლე პენმა მარცხი აღიარა, საპარლამენტო არჩევნების იმედი აქვს

მარინ ლე პენს არ გაუპროტესტებია, მან მარცხი აღიარა. თუმცა მომხრეებს უთხრა, რომ „ისტორიული შედეგი“ იქნა მიღწეული, რაც შესანიშნავი საწყისი პოზიციაა. ლე პენი მიიჩნევს, რომ ახლა იწყება დიდი ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ივნისში გაიმართება.

მარინ ლე პენისა და ემანუელ მაკრონის გარდა არჩევნებში ჩართული იყვნენ სხვა კანდიდატებიც, მათ შორის, ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური, რომელიც არჩევნებამდე უსწრებდა კიდეც ლე პენს, მაგრამ თავისი უკიდურესად პრორუსული პოზიციის გამო ხმები არჩევნებში ვეღარ მოიპოვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ სიმპათიის შესუსტების გამო. ჟურნალისტი და მწერალი ზემური თვლის, რომ ახლა, მომავალი არჩევნებისთვის უნდა გაერთიანდნენ ნაციონალისტური ძალები, რადგან შექმნილი ვითარება გვავალებს, ვიმოქმედოთო. მაკრონის და ლე პენის შემდეგ პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულმა ჟან-ლუკ მელანშონმა, მართალია განაცხადა, რომ საფრანგეთმა გადაჭრით უარი თქვა, მომავალი ლე პენისთვის მიენდოო, იქვე აღნიშნა, რომ მაკრონი მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგის მქონე პრეზიდენტია, რომელიც გადარჩა თავშეკავებულთა ხმების, ცარიელი და გაუქმებული ბიულეტენების ხარჯზე. თუმცა მელანშონიც მოუწოდებს იმ ძალებს, რომლებიც მაკრონის პოლიტიკით უკმაყოფილო არიან, არ დანებდნენ და იმედოვნებს, რომ შესაძლებელია პრეზიდენტის და მისი პარტიის „წინ, რესპუბლიკავ!“ დამარცხება.

ლე პენი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 24 მარტი, 2017 წ.
ლე პენი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 24 მარტი, 2017 წ.

უკრაინაში შეჭრა დაგმო, რუსეთთან სიახლოვე აქტუალური რჩება

მარინ ლე პენს ექსტრემისტული მოთხოვნები ჰქონდა თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. მაგალითად, ის მოითხოვს, რომ საფრანგეთის ფრანგული წარმოშობის მოქალაქეებს უპირატესობა ჰქონდეთ არაფრანგების მიმართ სოციალური დახმარების და საცხოვრებლის მიღების მხრივ. ბევრმა პოლიტიკოსმა, მეორე ტურში თავის ამომრჩევლებს მოუწდა, ხმა მაკრონისთვის მიეცათ, რათა ლე პენის გამარჯვება არ დაეშვათ. ასეთი რესპუბლიკური ფრონტი წინა არჩევნების დროსაც იქმნებოდა ხოლმე. წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატებისას მაკრონმა მეტოქეს ბრალად დასდო, რომ მისმა პარტიამ რუსეთიდან მიიღო დაფინანსება: „თქვენ რუსეთსა და რუსეთის პრეზიდენტზე ხართ დამოკიდებული“, თქვა მაკრონმა ტელედუელის დროს. იგი გულისხმობდა თითქმის 9 მილიონ ევროს, რომელიც ლე პენმა კრედიტის სახით 2014 წელს აიღო კრემლთან დაახლოებული რუსულ-ჩეხური ბანკისგან. როგორც „გარდიანი“ წერს, ლე პენი დღემდე იხდის იმ ვალს. ლე პენს მაკრონმა ასევე გაუხსენა, რომ ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსია, რომელმაც ყირიმის ანექსია კანონიერად აღიარა.

ხუთი წლის წინ, ლე პენი თვლიდა, რომ ის იზიარებს პუტინის ფასეულობებს, რომ ფუძნდება ახალი „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომლის სათავეში იქნებიან პუტინი, დონალდ ტრამპი და თვითონ.

ახლა, 2022 წლს, ომის დაწყების შემდეგ, ლე პენმა რუსეთის მიმართ კურსი შეცვალა, დაგმო უკრაინაში შეჭრა, განაცხადა, რომ თვითონ დამოუკიდებელია ნებისმიერი უცხო სახელმწიფოსგან და შეეცადა, ყურადღება საშინაო თემებზე გადაეტანა.

ამ არჩევნებში, 24 აპრილს, მარინ ლე პენს რომ გაემარჯვა, რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გატარება გაჭირდებოდა. ის წინააღმდეგია რუსეთის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მიმართ ემბარგოს დაწესებისა.

მარინ ლე პენმა მართლაც თქვა 2011 წელს რუსეთის გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ვაღიარებ, არ ვმალავ, „გარკვეულწილად აღფრთოვანებული ვარ ვლადიმირ პუტინითო“. უკვე მაშინ სურდა მას რუსეთთან ახლო ურთიერთობა, სტუმრობდა სახელმწიფო სათათბიროს და აღნიშნავდა, იმავე „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომ უნდა განვავითაროთ ურთიერთობა რუსეთთან, არა ვაშინგტონთან, რადგან ცივილიზაციის და სტრატეგიული თვალსაზრისით, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვსო. „კომერსანტის“ შეკითხვაზე, პრეზიდენტი რომ გახდეთ, საფრანგეთი ნატოდან თუ გამოვაო, ლე პენმა უპასუხა, დიახ, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი საფრანგეთის ალიანსში მონაწილეობის და ამაში სრულად ვეთანხმებოდი გენერალ დე გოლს, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ინტერესების ნებისმიერი უცხოური სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის ინტერესებისთვის დაქვემდებარების წინააღმდეგი იყოო.

2022 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ლე პენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ, ის რუსეთსა და ნატოს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების წინადადებით გამოვიდოდა და საფრანგეთს ალიანსის სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანდა.

XS
SM
MD
LG