ემანუელ მაკრონი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ზედიზედ მეორე ვადით აირჩიეს. 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მან დაამარცხა მემარჯვენე-პოპულისტი კანდიდატი მარინ ლე პენი. ამას მოწმობს არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდა.
საფრანგეთის მსხვილ ქალაქებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00) დაიხურა, სხვები - ერთი საათით ადრე. წინასწარი მონაცემებით, 44 წლის მაკრონმა ხმების 58% დააგროვა, ლე პენმა - 42%, იტყობინება Le Figaro.
იგივე მეტოქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მეორე ტურში 5 წლის წინანდელ არჩევნებშიც, 2017 წლის მაისში. მაშინ მაკრონის უპირატესობა უფრო დიდი იყო: 66,1%-ით 33,9-ის წინააღმდეგ. ამჯერად პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდნენ ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები, რომლებიც უკმაყოფილო არიან საწვავის ფასების ზრდით, გადასახადებით და ცხოვრების დონის ვარდნით. 53 წლის ლე პენმა, თავის მხრივ, შეარბილა თავისი რიტორიკის ნაწილი, მათ შორის დე ფაქტო უარი თქვა ევროკავშირიდან გასვლის სასარგებლოდ აგიტაციაზე.
ევროპის მრავალმა ლიდერმა დაუჭირა მხარი მაკრონს. ისინი შიშობდნენ, რომ ლე პენის გამარჯვება ზიანს მოუტანდა ევროკავშირს. მათ ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ერთგულებაში დასდეს მას ბრალი. აპრილში The New York Times-ი იტყობინება, რომ ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მაკრონის ხელახლა არჩევის შემდეგ გეგმავს, რათა საწვავის ფასების ზრდამ არ შეამციროს მაკრონის გამარჯვების შანსები.
მაკრონი არის ევროპის კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან კონტაქტში იმყოფება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგრამ მისი პოზიცია სულ უფრო მკაცრდება. მისი ადმინისტრაცია მიანიშნებს, რომ მზადაა რუსეთის ნავთობისა და გაზის ემბარგოსთვის: საფრანგეთის ეკონომიკა უფრო ნაკლებადაა მათზე დამოკიდებული, ვიდრე ევროკავშირის სხვა მსხვილი სახელმწიფოები.