Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაუგებრობები ამოწურულია“ - რა გაირკვა და რა რჩება გადასაწყვეტი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში?


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში. 16 აპრილი, 2022 წელი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში. 16 აპრილი, 2022 წელი.

ომის 52-ე დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლამ და მეგობრული განცხადებების გაცვლამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ შემსუბუქდება ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავებული დაძაბულობა.

თუმცა, როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ნათქვამ კატეგორიულ და საჯარო უართან დაკავშირებით გაჩენილი შეკითხვები. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პარტნიორებს აუხსნეს და დაარწმუნეს საკუთარი პოზიციის მართებულობაში.

  • არის თუ არა ეს ასე?
  • რა პრობლემები გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტის მრავალპარტიული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტმა?
  • რა იქნებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების რეალურად გამოსწორების ინდიკატორი?

ჩატანილი და ჩამოტანილი მესიჯები

„თბილი“, „მეგობრული“, „ძალიან კარგი“ - ასე ახასიათებენ ვიზიტს როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების დეპუტატები, რომლებიც 16 აპრილს უკრაინაში ერთად იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის სისასტიკის კვალი ბუჩასა და ირპენში.

სამადლობელი და თბილი სიტყვები გაისმა მასპინძლების მხრიდან და ითქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება იყო.

დელეგაცია უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით იმყოფებოდა. მასპინძელმა სწრაფადვე მიაქცია ყურადღება და საგანგებოდ გაუსვა ხაზი ქართველი კოლეგისგან, შალვა პაპუაშვილისგან მოსმენილ მესიჯს, რომ - "საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს“. ეს განცხადება ვერხოვნა რადის ოფიციალურ გვერდებზეც გამოქვეყნდა.

ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პირველად ჩავიდნენ უკრაინაში. მათი ვიზიტი არ შედგა იანვარ-თებერვალში, როცა მრავალი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ჩადიოდნენ უკრაინაში, რომელსაც რუსეთი იმხანად აშკარა საომარი აგრესიით ემუქრებოდა.

„გაუგებრობები ამოწურულია“, - თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 17 აპრილს. 18 აპრილს კი, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ - „ვიზიტმა ბევრი საკითხის გარკვევის შესაძლებლობა შექმნა“.

შინაარსს აღარ უღრმავდება, მაგრამ სავარაუდოდ ის გულისხმობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხმაურიან ბრალდებასაც, რომ მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მდუმარე თანხმობით, ამზადებდა გზებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების სანქცირებული საქონლის შესატანად რუსეთში;

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ - "სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე“, ხოლო „საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ თემაზე ლაპარაკის შეწყვეტა თავისთავად ბრალდების უსაფუძვლობას ნიშნავს და არც ის არის გასაკვირი, რომ საქართველოს, "რომელშიც დღემდე არის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული", „განსაკუთრებული მგრძნობელობა" აქვს, "თუკი არსებობს რამე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან". ამის შესახებ პაპუაშვილმა 18 აპრილს თბილისშიც ილაპარაკა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" მანამდე რომ ეთქვა და სანქციებზე მოლაპარაკე ყველა ადამიანი ომის მსურველად არ გამოეცხადებინა, საქმე არც ასეთ დაძაბულობამდე მივიდოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ - „ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მედიაში ან სხვადასხვა ორგანიზაციიდან გაჟღერდეს", ერთმანეთთან გადაამოწმონ. ამ თემასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს განცხადებები არ გაუკეთებია.

ამავე დროს, სანქციების გარშემო დავა აშკარად არ ამოწურულა თბილისში, სადაც კამათი 18 აპრილს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დაბრუნების შემდეგ გაგრძელდა.

რა შეკითხვები რჩება სანქციებთან დაკავშირებით?

17 აპრილს, ვერხოვნა რადის ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა საგანგებო ბანერი, სტეფანჩუკის გამოსახულებითა და წარწერით „საქართველოსადმი მიმართვაზე - დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“.

ბანერზე დატანილია მისივე განცხადება, რომ „გამარჯვებისთვის ყველამ ერთად უნდა გადავტეხოთ აგრესორის ეკონომიკური ხერხემალი, რომლის საშუალებითაც ის კვებავს თავის მკვლელ მანქანას უკრაინაში“.

„ჩვენი უკრაინელი მეგობრები კარგად არიან უკვე ინფორმირებული, რომ საქართველო ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა“, - ეს უკვე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაა, რომელიც მან რადიო თავისუფლების პროგრამა "დილის საუბრებში" სტუმრობისას გააკეთა.

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინასთან „სრული ურთიერთგაგებაა“ საქართველოს ამჟამინდელ პოზიციასთან მიმართებით და შეკითხვები პრაქტიკულად არ არსებობს.

სანქციების შესრულების დასტურად თალაკვაძემ „ვითიბი“ ბანკის მაგალითი დაასახელა, როცა ევროვნულმა ბანკმა სანქცირებული რუსული ბანკის ამ ფილიალს საქართველოში მუშაობა შეუზღუდა და ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში განაცხადა ამის შესახებ.

საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერი წევრები განმარტავენ, რომ საქართველოს უკრაინაში მადლობა გადაუხადეს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული საფინანსო სანქციების დაცვისთვის, მაგრამ ასევე მიიღო დამატებითი თხოვნა.

„გვთხოვეს, ვიმსჯელოთ [რუსეთისთვის დასაწესებელ] ორმხრივ სანქციებზე“, - წერს თავის ფეისბუკპოსტში საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერი დეპუტატი პარტია „ლელოდან“, ანა ნაცვლიშვილი. ფრაქცია „ლელოს“ პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნოს ყველა ის სანქცია, რომელსაც, ხელისუფალთა განცხადებით, საქართველო ასრულებს.

უკრაინის მხრიდან ასეთი თხოვნის არსებობა „იმედის“ ეთერში დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ჩემმა კოლეგამ [უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ] თქვა, რომ შეძლებისდაგვარად, თუ იქნებოდა განხილვის შესაძლებლობა, ორმხრვი სანქციების დაწესების... მე დავარწმუნე ჩემი კოლეგა, რომ ის ინსტრუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს...“, - თქვა მან, მაგრამ წინადადება აღარ დაასრულა და აზრი იმით განაგრძო, რომ უკრაინა მადლიერია საქართველოს პოლიტიკური დახმარებით საერთაშორისო პლატფორმაზე და უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვით.

სხვას რას აკეთებს ან აპირებს ხელისუფლება?

ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხის არარსებობის გამო, ოპოზიციის ძალისხმევით, უკვე 18 აპრილს, შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა - აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც სანქციებში საქართველოს მონაწილეობას შეეხება.

თუკი არჩილ თალაკვაძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, საქართველო არ აპირებს შეუერთდეს, მაგალითად, სავაჭრო სანქციებს და, მისი სიტყვებით, სწორედ ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, როცა კატეგორიულად აცხადებდა - საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებაო.

„პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის განცხადებები ეხებოდა დამატებით სანქციებს, რაზეც ლაპარაკი დაიწყო ოპოზიციამ. ეს იყო ორმხრივი სანქციები, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ხელისუფლებამ მანამდეც დაასახელა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვან წინაპირობად. კერძოდ მაშინ, როცა რუსეთში რძისა და ყველის შეტანის განახლების შესაძლებლობებზე დაიწყო მსჯელობა. საბოლოოდ ამაზე უარი თავად კომპანიებმა თქვეს.

რუსეთთან ვაჭრობის შესაძლო გაღრმავების თემა, რაზეც თალაკვაძე ლაპარაკობს, საჯაროდ მარტის დასაწყისში წამოიჭრა. ხოლო რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პირველ კატეგორიულ განცხადებას - სანქციებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ 25 თებერვალს გაკეთდა - რუსეთში უკრაინის შეჭრის მეორე დღეს.

უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე არაფერი უთქვამს თავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საჯარო ნაწილში.

მარტის დასაწყისში, სწორედ სანქციებზე უარის თქმა დაასახელა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მან ელჩი ჯერ კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო შემდეგ, აპრილის დასაწყისში, სავარაუდოდ, თანამდებობიდანაც გაათავისუფლა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არ იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლებიც უკრაინაში პარალელურად, ცალკე მართავდნენ შეხვედრებს.

ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ 18 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს კონკრეტული დამატებითი სანქციები და ამ კუთხით შესაბამისი პროექტიც მზადდება.

„ჩვენ სანქციებზე ნაწილობრივ მიერთებული ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მიუერთდეთ სანქციებს, მაგალითად, როგორიც არის კონკრეტულ პირებზე სანქციების დადება და, მაგალითად, დუმის ყველა დეპუტატზე... ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხრიდან; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე... მე არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს, არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება“, - თქვა 18 აპრილს დეკანოიძემ.

გაქრება თუ არა დაძაბულობა?

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში არ შეხვედრია მთავრობის წარმომადგენლებს, რის მიზეზადაც შალვა პაპუაშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში დროის სიმცირეც დაასახელა.

საქართველოში უკრაინის ელჩის გამოგზავნა იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების რეალური გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პოლიტოლოგ გია ნოდიასთვის.

თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, „ურთიერთობების რეალური გაუმჯობესება და პრობლემების ამოწურვა შეუძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ პირობებში“, რადგან ეს მოითხოვს „უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების“ აზროვნების, რიტორიკისა და მოქმედებების ზოგადი წესის ძირეულ შეცვლას“, რაც მისთვის ძალიან ძნელად წარმოსადგენია.

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ უკრაინას სააკაშვილის "ომის პარტიის" წარმომადგენლები მართავენ. მათი ლოგიკით, ამასვე უკავშირდებოდა საქართველოდან ელჩის გაწვევაც.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დავით ზურაბიშვილის თქმით, 52-დღიანი დაგვიანებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლა და რიტორიკის გარკვეული ცვლილება საქართველოს მოქალაქეების განწყობისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.

სხვა ბევრის მსგავსად, ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზს ომში ნელ-ნელა გამოკვეთილი უკრაინის გამარჯვების შანსების შესახებ.

„მანამდე ხელისუფლების განცხადებები და ქმედება ამოდიოდა თეზისიდან, რომ რუსეთი იგებს... ძალიან დიდხანს გაუგრძელდა ეს ილუზია საქართველოს ხელისუფლებას... ეტყობა, ახლა მომწიფდა მათში საწინააღმდეგო აზრი. მე ვიტყოდი, მთავარი მიზეზი ეს არის“, - გვეუბნება დავით ზურაბიშვილი.

რაც შეეხება რეალურ დათბობასა და სანქციებთან დამოკიდებულებას, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი გვეუბნება, რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც „ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ და ერთადერთი, რასაც ის მოერიდება, „ამერიკისა და დასავლეთის გადაკიდებაა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG