პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას ყოველგვარი „ორჭოფობის გარეშე“, „შავ ხვრელებში ძვრომიალი“ კი, მისი სიტყვებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივია - ასე გამოეხმაურა პარლამენტში მედიასთან საუბარში გია ვოლსკი შეკითხვას, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობას შეეხებოდა.
გია ვოლსკის სიტყვებით, ვიზიტი უკრაინაში თვითმიზანი არ არის და მინიმუმ უკრაინის რადის სპიკერ რუსლან სტეფანჩუკისთვის დამახასიათებელი „ზღვარსგადასული“ განცხადებები უნდა შეიცვალოს.
"ყოველგვარი ზღვარსგადასული განცხადებები, რომელიც ახასიათებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უკრაინის რადის თავმჯდომარე მყავს მხედველობაში, რასაკვირველია, გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც არანაირად არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, აგრესიის მიმართ უკრაინელი ხალხის მიმართ და რასაკვირველია, ვერანაირად ვერ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას კონკრეტული დამნაშავეების მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან მაღალ თანამდებობებზე დანიშნული. ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ - არსებობს უკრაინა, ჩვენი მოძმე ხალხი, რომელსაც გვერდში ვუდგავართ, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე და არსებობს ის გადაწყვეტილებები და რეზოლუციები, რომლებიც მიღებულია ჩვენი მონაწილეობით, თუნდაც ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა. ეს ერთი საკითხია და არსებობს მეორე საკითხი, ეს არის სერიოზული პოლიტიკური დემარში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, შეურაცხყოფა და არა მარტო ოფიციალური პირების, არამედ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც პირდაპირი გაგებით თუ სხვა ეპითეტური შეფასებით, ლუკმას უყოფს თავის მოძმე უკრაინელ ხალხს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინაში საქართველოდან უმაღლესი რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად მოითხოვა კიევისგან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.
მისი თქმით, ზოგადი მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ უმაღლეს დონეზე შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები - ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს, კონტრაბანდასთან დაკავშირებული საკითხის სათანადოდ დადასტურება ან უარყოფას, "რაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია".
"მესამე, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, ყველა ამ პრობლემის, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილნი. ესენი არიან: შეგახსენებთ, პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი - გენპროკურორის მრჩეველი, ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურებული გახლავთ კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე", - განაცხადა კობახიძემ.
8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.
პაპუაშვილმა უკრაინულ მხარეს გაახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.
ბუჩაში ჩასვლის სურვილის შესახებ განაცხადა პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში და თქვა, რომ "მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში".
ბუჩაში წასვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა ასევე პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.