Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის შეფასებით, უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის წასვლა ძალიან დადებითი ნიშანია


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და განაცხადა, რომ დელეგაციის მრავალპარტიულობა დადებითი ნიშანია.

ელჩმა თქვა, რომ მოხარულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის წლების განმავლობაში არსებული ძმური ურთიერთობა ისევ სახეზეა.

ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია მრავალპარტიული დელეგაციაა, რაც გამოხატავს საქართველოს ხალხის ძლიერ გრძნობას, რომ მათ სურთ სოლიდარობა გამოხატონ უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ძალიან დადებითი მომენტია, რომ დელეგაცია მიდის და რომ ეს მრავალპარტიული დელეგაციაა. როგორც ვიცი, [საქართველოს პარლამენტის] სპიკერ [შალვა] პაპუაშვილს ძალიან დადებითი [ვიდეო] ზარი ჰქონდა რადის სპიკერთან, ვფიქრობ, იმ გაუგებრობის, რომელიც ზოგჯერ ხდება, მედიის გამო, პირისპირ საუბრის უქონლობის გამო, გადაჭრის საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი და მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ხანგრძლივი, ძლიერი, ძმური მხარდაჭერა ისევ ადგილზეა და ისევ ძლიერია მაშინ, როცა ეს უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, „ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს მაშინ, როცა უკრაინა და საქართველო უპირისპირდებიან ერთმანეთს, არის რუსეთი", ამიტომ ამ ერთიანობის ნახვა ახლა ძალიან სასიხარულოა.

"ახლა ის მომენტია, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათელი გახადოს, რომ ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ქალაქების დანგრევა დაუშვებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დენგანი დღეს, 15 აპრილს, ესწრებოდა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.

ღონისძიებაზე უკრაინის თემატიკაზე შექმნილი ნაკეთობები და უკრაინელი ფოტოგრაფების ნამუშევრები გაიყიდა, შემოსული თანხა კი გადაირიცხება უკრაინის საელჩოს ანგარიშზე, იმ 125 ათას ლართან ერთად, რომელიც უკვე გადარიცხა ამერიკის სავაჭრო პალატამ.

კელი დეგნანის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება საშინელი აგრესიის წინააღმდეგ მამაცად მებრძოლი უკრაინის ხალხისადმი დახმარების საშუალებაა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG