Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ პარლამენტის თავმჯდომარესთან უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე უარს ამბობს


ხატია დეკანოიძე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე.
ხატია დეკანოიძე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე.

"ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს იყოს უკრაინაში მიმავალი პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ თანხმდება პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განუცხადა მედიას.

"ამ დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რაც შეეხება ვიზიტს, მე, რა თქმა უნდა, ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ, ბევრჯერ ვიყავი აქამდეც", - თქვა დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.

მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებდა და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

XS
SM
MD
LG