Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა


საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციისგან დაკომპლექტებული დელეგაცია ერთი დღით იმყოფებოდა უკრაინაში.

"ვნახეთ ძალიან მძიმე სურათი ამ ბარბაროსული ომის და არაერთი თვითმხილველი, რომელიც ჰყვებოდა, როგორ აღმოაჩინეს ცხედრები. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანები არიან მიზანმიმართულად მოკლულები... ბატონმა სტეფანჩუკმა გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება და გადაიდგას ნაბიჯები რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა, "ლელოს" ლიდერმა და პარლამენტის წევრმა.

ვიზიტის პოზიტიურ მხარეზე ისაუბრა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ქართული ოცნების" წევრმა და უკრაინიდან დაბრუნებულმა დავით სერგეენკომ:

"მასპინძელმა მხარემ ცალსახად გამოხატა თავისი მადლიერება, დააფასა, რომ დელეგაციაში არამარტო მმართველი პარტიის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციაც იყო..."

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაცია უკრაინაში გუშინ, 16 აპრილს დილით ჩავიდა. მათ მოინახულეს რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დანგრეული ქალაქები. ამ ვიზიტში მონაწილეობაზე უარი თქვა პარლამენტის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისი ლიდერები დამოუკიდებლად ჩავიდნენ უკრაინაში.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 190-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG