Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფანჩუკი: "ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა"


უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა და ევროინტერგაციის საკითხები.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება.

ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები.

მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს", - წერს სტეფანჩუკი.

უკრაინის რადის თავმჯდომარემ თავის გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ჩავიდა კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: "ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავიდოდა.

XS
SM
MD
LG