„ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.
დამატებითი ცნობები უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შესახებ, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
15 აპრილს უკრაინაში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა და დამოუკიდებლად ჩავიდა უკრაინაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავიდოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, წინასწარი ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება. დელეგაციის წევრები ქალაქ ბუჩაში ჩასვლასაც გეგმავენ.