Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია უკრაინიდან: აქ და ახლა წარმოვადგენთ ქართველ ხალხს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში ჩასვლის შემდეგ აცხადებს, რომ იქ ქართული ოპოზიციის სახელით არ ჩასულა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ და უკრაინელებთან. აუცილებლად უკრაინელი გაიმარჯვებს, ქართველი გაიმარჯვებს, უკრაინის სახელმწიფო გამარჯვებული გამოვა და საქართველოს სახელმწიფო გამოვა გამარჯვებული. მართალია, სანამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ველური რუსული ურდო შემოესია უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება იქნება გარდაუვალი", - თქვა „მთავარ არხთან" საუბარში ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.

დღეს, 15 აპრილს უკრაინაში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სპიკერის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.

მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებდა და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

XS
SM
MD
LG