Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული, ხალხური მიხა ხელაშვილი


მიხა ხელაშვილის საარქივო ფოტმასალა
მიხა ხელაშვილის საარქივო ფოტმასალა

9 აპრილს მიხა ხელაშვილს, რომლის არსებობასაც საბჭოთა საქართველოში საგულდაგულოდ მალავდნენ, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის წევრი 25 წლის ბიჭი და მისი პოეზია ქვეყანამ მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაიცნო.

ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,

მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!“ (..)

მიხას ცხოვრებაში 25 რიცხვი სამჯერ მეორდება. ის 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა და ზუსტად 25 წლის შემდეგ, 1925 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა - უფრო სწორად, ადამიანებმა, რომლებსაც ენდობოდა, მძინარე მოკლეს. მკვლელებს შორის იყო ვაჟა-ფშაველას შვილი ვახტანგ რაზიკაშვილიც.

მიხა ფშავიდან იყო, სოფელ ახადიდან. რამდენიმე წელი მცხეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, მერე ბარისახოში მსახურობდა მედავითნედ და დიაკვნად.

მიხა ხელაშვილი
მიხა ხელაშვილი

მშვიდობიან საქართველოში აზრიანი, გონებაგახსნილი ახალგაზრდის ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართებოდა, მაგრამ ქვეყანა კომუნისტებს ჰქონდათ დაპყრობილი, ამიტომ 1921 წელს მიხამ დიაკვნის კაბა გაიხადა, იარაღი გადაიკიდა და მაღაროსკარის ბრძოლაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა. ამის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლებისთვის მიხა ხელაშვილი მუდმივი დევნის ობიექტი გახდა, დევნიდნენ მის ოჯახსაც.

ამირან არაბული
ამირან არაბული

„დედა მოუკლეს მიხას, ამაზე მეტი სასჯელი და შეურაცხყოფა რა გინდა?! მთაში თავისთვის მიდიოდა ქალი, დახვდნენ გზაზე და წამებით მოკლეს, - ჰყვება ფოლკლორისტი ამირან არაბული, - გასვენებაში რომ მოვიდა, ტანზე ასაფეთქებლები ჰქონდა ასხმული. ვერავინ გაბედა ტყვია ესროლა“.

„მტერიც არ შამხვდა მტრისფერი“, - დაწერა მიხა ხელაშვილმა დედის სიკვდილის შემდეგ. გულისხმობდა, რომ მტერმა ქალის მოკვლა იკადრა, მასთან გასასწორებლად.

დედა მამიკლეს მოხუცი,

სამოც-ოთხმოცი წლისაო,

ავადმყოფ მოკლეს, დედაო,

შაჰბრალდი აღარვისაო...

მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,

როცა შენ გაგიჭირდაო

რად მინდა ქუდი თავზედა

ან თოფს რაადა ვზიდაო?!“ (..)

მიხას ცოლი და პატარა გოგო ჰყავდა, თამარი. ბავშვი რომ ენახა, ერთხელ ცოლს შეუთვალა, ნახნავში დასვი და დურბინდით შევხედავო. ცოლმა დასვა თამარი ნახნავში და მამაც კარგა ხანს დურბინდით აკვირდებოდა.

ოცდახუთიოდე წლის წინ ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე თამართან დედოფლისწყაროში ჩავიდნენ. მაშინ უკვე 80-ს იყო გადაცილებული. მოჰყვა, როგორ აწიოკებდნენ მის ოჯახს კომუნისტები. როგორ შემოუცვივდნენ თოფებით დედას და ბებიას, როგორ სცემდნენ და გასაჩხრეკად კიდობნების გახსნას აიძულებდნენ. ამ დროს ბავშვი ორიოდე წლის თუ იქნებოდა.

ან როგორ დამამახსოვრდა... დედაჩემს ბეჭებში კონდახი ჩაარტყა. მე მოსაშველებლად გადმოვბობღდი. ამომკრა ფეხი და გადმომაგდო“, - გაიხსენა მაშინ თამარმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლექსების კრებულები, რომლებსაც ავტორად მიხა ხელაშვილი აწერია, აღარავის უკვირს. მაგრამ მანამდე ათეულობით წლის განმავლობაში, მიხას ლექსები როგორც ხალხური ისე ვრცელდებოდა, განსაკუთრებით მისი ყველაზე ცნობილი ლექსი „ლექსო ამოგთქომ“.

მიხას ხელნაწერ რვეულებს მისი მეგობარი ვანო ხორნაული ზემო კაწალხევის კლდის ნაპრალში მალავდა. ვანოს ენდობოდა და მისცა. იცოდა, რომ შეუნახავდა. ვანოს შვილი, გიორგი ახლაც იქ ცხოვრობს, ჰყვებოდა, ბავშვებს გვეუბნებოდნენ, ისუფრიანი“, ეშმაკეული ადგილია, არ მიეკაროთ, ჭკუიდან გადახვალთო“, - ჰყვება ამირან არაბული.

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,

და შენ კი ჩემად სახსოვრად

სააქაოსა რჩებოდე,

გიმღერდენ ჩემებრ სწორები

ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,

ქვეყანა მხიარულობდეს,

და მე საფლავში ვლპებოდე...“ (..)

ყველა ქართველმა იცის მისილექსო ამოგთქომ“. ფაქტობრივად კონსტიტუციაა ქართველი ხალხის. ქორწილი იქნება თუ ქელეხი, ამ ლექსს ამბობენ“, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.

ამ ლექსის ავტორს, სინამდვილეში, საფლავიც კი სანატრელი გაუხდა. ის მოკლეს მისმა მეგობრებმა, რომლებიც კომუნისტებს ჰყავდათ გადაბირებულები. ჩარგალში ადგილობრივები ახლაც აჩვენებენ ადგილს, სადაც ლუკა მარცვალაშვილის საბძელი იდგა. 1925 წლის 25 იანვარს, მას შემდეგ, რაც ვახტანგ რაზიკაშვილის ბიძაშვილის სახლში იქეიფეს, მიხა ხელაშვილი სწორედ ამ საბძელში შევიდა, თივაზე დაწვა და დაიძინა. მალე თავზე ლუკა მარცვალაშვილი და ლევან გარსევანიშვილი დაადგნენ. ამბობენ, რომ ლუკას ხელი აუკანკალდა, მაგრამ ლევანმა თოფი გამოართვა და მიხას თავად დაახალა ტყვია.

მიხას მოკვლის შემდეგ, მკვლელებმა ფოტო გადაიღეს. ამ ფოტოზე გამოსახულები არიან: ვახტანგ რაზიკაშვილი (პირველი, თეთრ ტანსაცმელში), ლევან გარსევანიშვილი, მის გვერდით და ლუკა მარცვალაშვილი.
მიხას მოკვლის შემდეგ, მკვლელებმა ფოტო გადაიღეს. ამ ფოტოზე გამოსახულები არიან: ვახტანგ რაზიკაშვილი (პირველი, თეთრ ტანსაცმელში), ლევან გარსევანიშვილი, მის გვერდით და ლუკა მარცვალაშვილი.

„მიხას ცხედარი მარხილით ჩამოათრიეს დუშეთის მილიციაში და იქ დააგდეს. ორი კვირა ასე ეგდო დაუმარხავი, იარაღიც ზედ ჰქონდა ასხმული. მერე ერთი ღვთისნიერი კაცი იყო, ტუჩა ქეთელაური. თავის მორიგეობის დროს მიხას დას სალომეს მოაპარინა ცხედარი. წაიღეს და ჩარგლის სასაფლაოზე დამარხეს“, - ჰყვება ამირან არაბული.

მიხა ხელაშვილის ცხედარი საგანგებოდ ეგდო დაუმარხავი, რომ ხალხს წინააღმდეგობა ვეღარ გაებედა.
მიხა ხელაშვილის ცხედარი საგანგებოდ ეგდო დაუმარხავი, რომ ხალხს წინააღმდეგობა ვეღარ გაებედა.

მიხას მკვლელობის საქმეში გარეულია ვახტანგ რაზიკაშვილიც. ამირან არაბულის თქმით, ვახტანგს შესაძლოა უშუალოდ არ მოუკლავს, მაგრამ ის ერთ-ერთი იყო, ვინც ეს მკვლელობა დაგეგმა. მოგვიანებით რაზიკაშვილს ფშავლებმა ლექსიც გამოუთქვეს:

ვახტანგო რაზიკაშვილო, გაგთეთრებია ქოჩორი,

ჟინვალის ქვემოთ კაცი ხარ, ჟინვალის ზემოთ ჩოჩორი“.

ქაქუცა ხომ არის ეროვნული დაუმორჩილებლობის სიმბოლო, ის დამარცხდა და საზღვარგარეთ წავიდა, მიხა ხელაშვილი კი დამარცხდა და არ წავიდა. მათ გვერდით კიდევ ძალიან ბევრი უჩინარი გმირია, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, მათი სახელები არ დარჩა. მიხას ლექსები რომ არ დაეწერა, არც მისი სახელი დარჩებოდა. უნიჭიერესი, პრინციპული კაცი იყო. მძიმარე მოკლეს, სხვანაირად ვერ დაამარცხეს“, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.

იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.

შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა,

მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;

ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა“ (.ხ.).

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG