Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 მარტს


"არ გულისხმობს ნატოზე უარის თქმას" - რა პირობებით ელაპარაკება უკრაინა რუსეთს

დღეს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებელი დელეგაციები ერთმანეთს შეხვდებიან. შეხვედრა თავდაპირველი გეგმით ორ დღეს გასტანს, თუმცა შესაძლოა უფრო გახანგრძლივდეს.

27 მარტს კრემლის მიერ დევნილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უკრაინის ნატოსთან დაშორებისა და ნეიტრალური სტატუსის მინიჭების საკითხს.

ეს არის ერთ-ერთი საკითხი რომელზე მსჯელობაზეც კიევი უარს არ ამბობს, მაგრამ - რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობით. ზელენსკიმ ახსენა "დამცავი მექანიზმი" - ნატოში გაწევრიანების მიზანს უკრაინა რუსეთის მხრიდან რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დათმობს. რუსეთმა ეს პირობები წინმსწრებად უნდა შეასრულოს.

„ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი ქაღალდი, ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი [რომლის მიხედვითაც, ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის - რუსეთიც უნდა ყოფილიყო]; ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება, რომელსაც ხელს მოაწერეს უსაფრთხოების ყველა გარანტი [სახელმწიფო]; აუცილებლად უნდა იყოს [შეთანხმება] რატიფიცირებული გარანტი ქვეყნების პარლამენტების მიერ და აუცილებლად უნდა ჩატარდეს უკრაინაში რეფერენდუმი [ამ საკითხზე]“- თქვა ზელენსკიმ.

დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან კრემლი რაიმე გარღვევას არ მოელის. დისკუსიებში ჩართული ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა რუსეთისთვის გადარჩენის გზაა, რადგან სანქციებით შევიწროებულს ისედაც მძიმე ტვირთად აწევს წამოწყებული საომარი მოქმედებები, ამიტომ მოსკოვს რაღაც დათმობებზე მოუწევს წასვლა

რა პირობებზე და რა პირობებით შეიძლება დაეთანხმოს კიევი მოსკოვს? რამდენად სწრაფად შეიძლება გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რაზეა ეს დამოკიდებული? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ვაითუ, ჩვენი შვილები ვერ დაბრუნდნენ ამ ომიდან? - რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანია აპროტესტებს იმას, რომ მათი ჯარისკაცები შესაძლოა, რუსეთის მხარეს, უკრაინაში მიმდინარე ომში წაიყვანონ.

ცხინვალში ცოცხალი ძალის შემდეგ უკვე სამხედრო აღჭურვილობის შეგროვებაც დაიწყო. სამხედრო ფორმები და სხვა საჭირო ნივთები ე.წ დონბასის რესპუბლიკის დახმარების ცენტრში გუშინ მიიტანეს. იქ დისლოცირებული რუსული ბაზის კონტრაქტორებიც უკვე გადაისროლეს უკრაინაში.

მობილიზაციაა აფხაზეთშიც. აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს სამხედრო დახმარების კუთხით.

ომი უკრაინაში მთავარი სალაპარაკო თემაა აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის. სოციალურ ქსელებში აფხაზები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას უკრაინაში მათი ჯარისკაცების შესაძლო გაწვევის გამო. საჯარო სტატუსებიდან ჩანს, რომ ისინი არც დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს ეთანხმებიან რუსეთისათვის „საჭიროების შემთხვევაში“ სამხედრო დახმარების გაწევაზე.

რას ამბობს მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებში და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთის მიერ სამხედროების გაწვევა? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

პარლამენტში პირველი მოსმენა გაიმართება „ოცნებას“ კანონპროექტზე უწყებებს შორის კომპეტენციის დავაზე

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის დავის საკითხებს.

კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო დავის წამოწყება შესაძლებელი გახდება, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორე სახელმწიფო ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება რაიმე მოქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია.

მოქმედი კანონით, ერთ სახელმწიფო ორგანოს მეორეს მიმართ დავის წამოწყება მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, ანუ მხოლოდ ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს (და არა მოქმედება ან უმოქმედობა).

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი საერთაშორისო ვიზიტების დროს, თებერვლის ბოლოს ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ცვლილებები ერთი კვირის ვადაში უნდა განიხილოს და მიიღოს პარლამენტმა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სამართალდამცავი უწყებები შეაფასებენ

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სააკაშვილის მიერ სასამართლოს დარბაზში გაკეთებულ განცხადებას „მთავრობის მოშორებასთან“ დაკავშირებით, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან. მისი თქმით, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ექსპრეზიდენტის განცხადებას.

„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან მიმართა საზოგადოებას და ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა. მან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მიმართ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამ განსხვავებაზე აპელირება თავის მოტყუებაა. წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მკვლელობამდე ნემცოვს უშიშროების ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, რომლებიც მანამდე ნავალნის „დასდევდნენ“

The Insider-ის, Bellingcat-ისა და ბი-ბი-სის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ბორის ნემცოვს მკვლელობამდე ერთი წლის განმავლობაში უშიშროების ფედერალური სამსახური აკვირდებოდა. სავარაუდოდ, ისინი სხვა ოპოზიციონერების: ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და დმიტრი ბიკოვის თავდასხმებთანაც არიან დაკავშირებული.

ნემცოვის თვალთვალი მას მერე დაიწყო, რაც მან აქტიურად მიჰყო ხელი სანქციების გაზრდის ლობირებას ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ. დასრულდა 21 თებერვალს, პოლიტიკოსის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე. გამოძიებაში ნათქვამია, რომ ბოლო მგზავრობისას მას თან უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები აღარ ახლდნენ.

წაიკითხე მეტი.

"რათა სამყაროს დავვიწყებოდით" - რატომ და როგორ ასახლებდნენ პოლონელებს ციმბირში

პოლონელები და ციმბირი... აღორძინებული პოლონეთის სახელმწიფოს პირველი მეთაური და პოლონეთის არმიის დამაარსებელი, იოზეფ პილსუდსკი ამბობდა, რომ სწორედ ციმბირმა აქცია იგი პოლონელ პატრიოტად.

მე-19 საუკუნეში 100 000-ზე მეტი პოლონელი გადაასახლეს ციმბირში, XX საუკუნეში კიდევ უფრო მეტი, თუმცა ციმბირიდან დაბრუნებული მრავალი პოლონელი გახდა პოლიტიკოსი და ბევრმა მათგანმა, პილსუდსკის მსგავსად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი ქვეყნის ისტორიაში.

პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში, ბელარუსის საზღვრის მახლობლად, მდებარეობს ციმბირის ხსოვნის მუზეუმი. აგურის შენობასთან, რომელიც გარშემორტყმულია ლითონის სვეტებით, რელსებია მიყვანილი. მე-20 საუკუნეში აქ რკინიგზის ჩიხი იყო, ხოლო უახლოესი სადგურიდან ათასობით ადამიანს აგზავნიდნენ ციმბირსა და ყაზახეთში, საიდანაც ბევრი ვერ ბრუნდებოდა.

შიშით, სიცივით და გადასახლებით დასჯილთა ამბავი წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG